ინტერვიუები

9:58 | 6.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ პერტია: "სკანდალურმა სიტუაციამ ბევრი რამ მასწავლა"

შარშან, ლატვიაში აგორებული “ტოტალიზატორის სკანდალის” ერთ-ერთ მონაწილედ მიჩნეულ “დინაბურგის” მთავარ მწვრთნელ თამაზ პერტიას, ხსენებულ ბალტიისპირულ ქვეყნის ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აუკრძალეს. თუმცა, 2 ივნისს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, მას სამუდამო დისკვალიფიკაცია 2011 წლის 1 ივნისამდე პირობითი სასჯელით შეუცვალა. ამ გადაწყვეტი-ლებიდან ერთი დღის შემდეგ, პერტია სათავეში ჩაუდგა ლატვიის ვირშილიგის კლუბ “დაუგავას”,  რომელიც ახალი მწვრთნელის ხელში სტუმრად რიგის “სკონტოსთან” (0:1) დამარცხდა.
გთავაზობთ “დაუგავას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს თამაზ პერტიასთან.

- “დაუგავას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პირველყოვლისა რა გააკეთეთ?
- მაშინვე რიგის “სკონტოსთან” მატჩზე გადავერთე. ძალიან მინდოდა თამაში დადებითი შედეგით დამესრულებინა, რომ უფრო თავდაჯერებული ვყოფილიყავი, რადგან 8 თვე სამწვრთნელო პრაქტიკა არ მქონდა. წაგების მიუხედავად, იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ვთვლი, დებიუტი გამომივიდა. მსურს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. ის სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შედეგს აუცილებლად მოიტანს.  
- პირველივე თამაში “სკონტოსთან” მოგიწიათ და გუნდის გაძღოლა ხომ არ გაგიჭირდათ?
- არა, მართალია მწვრთნელად არ ვმუშაობდი, მაგრამ ფეხბურთში ვიყავი. ვფიქრობ, სკანდალურმა სიტუაციამ ბევრი რამ მასწავლა. მსგავს ვითარებაში ყოფნას არავის ვუსურვებ, რადგან თავს საშინლად ვგრძნობდი. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა უნდა შეგეძლოს.
- გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიში მაინც რომ გაგემართათ, იყო იმის შანსი, რომ რიგელებთან მატჩი სხვაგვარად წარმართულიყო?
- ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს და ყოველი თამაში აჩვენებს, რომ ვუმატებთ. არა აქვს მნიშვნელობა გუნდს პერტია ავარჯიშებს თუ ვინმე სხვა, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც თამაში კარგად იციან. ჩემი მოვალეობაა, მათ საკუთარი თავის რწმენა შევმატო და სათამაშო ტაქტიკა დავამუშავოთ. მინდა ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს კომპლიმენტი ვუთხრა, რადგან ისინი საწვრთნელი პროცესის დროს მაქსიმალურად იხარჯებიან.
- “დაუგავა” დაცვაში კარგად თამაშობს და ვარჯიშის დროს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაზრ¬დაზე მეტ აქცენტს ხომ არ გააკეთებთ?
- შეტევაზე აქცენტს ყოველთვის ვაკეთებთ. საკმაოდ ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და ისინი უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ. დღესდღეობით, ჩვენი გუნდის თავდამსხმელები ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში არ არიან. მათი კონდიციები იდეალურამდე სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ, რათა შექმნილი საგოლე მომენტების რეალიზება უფრო კარგად მოახერხონ.
- მომავალ თამაშებში უფრო მეტად ყურადღებას რას მიაქცევთ?
- სათამაშო დისციპლინის 100 პროცენტით დაცვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას.
- თქვენს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებიდან, 100 პროცენტით, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას რომელი იმსახურებს?
- ჩვენთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც ამა თუ იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგის ჩვენებას შეეცდებიან. მათ შეგნებული უნდა ჰქონდეთ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატება. ვინც ამას ვერ გაიგებს, მათ დავემშვიდობებით. ასეთი წესებია იმ გუნდში, რომელსაც კარგი შედეგის მიღწევა სურს.     
- ვარჯიშების მეთოდიკის შეცვლას თუ აპირებთ?
- არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მეთოდიკას, რომელსაც ჩემს დანიშვნამდე იყენებდნენ, შედეგი მოჰქონდა. ამიტომ, მის შეცვლას არ ვაპირებთ. სამწვრთნელო შტაბში თანამოაზრეები ვართ შეკრებილნი და ვფიქრობ, ერთმანეთს შევავსებთ.
- საერთო ჯამში, სეზონის დასაწყისს როგორ შეაფასებთ?
- მძიმე კლიმატურმა პირობებმა სეზონისთვის 100 პროცენტით მომზადების საშუალება არ მოგვცა. სპარინგები სუსტ გუნდებთან ჩავატარეთ. შარშანდელი შემადგენლობიდან “დაუგავა” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ამიტომ, გუნდს შეთამაშება აკლდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები ნელ-ნელა საერთო ენას პოულობენ.  
- გუნდის ძლიერ მხარეებზე რას იტყვით?
- ჩვენი ძლიერი მხარე თამაშის სურვილი და სათამაშო დისციპლინაა. თითოეულ ფეხბურთელს საკუთარ პოზიციაზე ლიდერობა სურს. ფეხბურთელებს საუცხოოდ აქვთ შეგნებული რა პერსპექტივა აქვთ თუ კარგ გუნდურ და ინდივიდუალურ შედეგს აჩვენებენ. მათ გამარჯვებულის სულისკვეთება აქვთ. ღმერთმა ქნას, ის თითოეულმა ჩვენთაგანმა შეინარჩუნოს.
- მომავალ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და ვის უგულშემატკივრებთ?
- ბავშვობიდან არგენტინას, ბრაზილიას და იტალიას ვქომაგობ. თუ საქართველო, ლატვია ან რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ, მათ ასევე ვუგულშემატკივრებ. ღმერთმა ქნას ეს გუნდები მსოფლიო პირველობაზე მოხვდნენ.   
- ვინ გაიმარჯვებს?
- არგენტინა, ბრაზილია ან იტალია. ალბათ, ტაქტიკურ ასპექტში ბევრ სიახლეს ვნახავთ. ჩემი აზრით, ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან და იმედია, ყველა ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს, ყურადღებით დააკვირდება იმ “ვარსკვლავებს”, ვინც მათ პოზიციებზე თამაშობენ.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.127228