ლატვიის ჩემპიონატში ერთი ტური დარჩა და ჩემპიონობის ბედი "ვენტსპილსის" (სადაც თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს) ხელშია, რომელიც უმოტივაციო რიგის "დაუგავას" ესტუმრება და თუ მოიგებს, პირველზე გავა, ხოლო თუ ვერა, მაშინ ჩემპიონი თამაზ პერტიას გაწვრთნილი "სკონტო" გახდება. უცნაურია, მაგრამ პერტიას გუნდს სეზონში ერთი მატჩიც კი არ წაუგია – 18 მოგება, 8 ფრე, ბურთები 68:9.
პერტიამ წინა ტურში "სპარტაკსთან" 3:0 მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელის, მერე კი რაღაც საკითხებში უნდა გაერკვეს:
- ამ შეხვედრაში 3:0 კი არა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. "ვენტსპილსი"'ცოტა გავაწბილეთ. როგორც ვიცი, იქ უკვე თასიც ჩაიტანეს საზეიმოდ. ბოლო ტურში "ვენტსპილსი" რიგის "დაუგავას" ხვდება, რომელმაც ამ ტურში აუტსაიდერთან წააგო. ვნახოთ, რა მოხდება ბოლო ტურში. "დაუგავას" სინდისზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ველოდები ჩემპიონატის დასრულებას, რადგან უნდა გავერკვე, თუ რა ხდება ლატვიურ ფეხბურთში. იმიტომ, რომ ხდება რაღაც, რისი გარკვევაც ვერ შევძელი. ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- ეს თქვენც მშვენივრად იცით. შეხედეთ შედეგებს. შეხედეთ, ვინ რამდენი გოლი გაიტანა. ეს წინასწარ ვიცოდი. ჩემს ფეხბურთელ კარაშაუსკისს ვუთხარი, დღეს თუ ვერ გაიტან, კოვალოვსი ("დაუგავპილსი") დღეს გადაგასწრებს-მეთქი. და მართლაც, კოვალიოვსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა: კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი. თუ არ გჯერათ, რომ ბიჭებს ეს ვუთხარი, შედით გასახდელში და ჰკითხეთ. ფედერაციას თასი კი არ უნდა ჩაეტანა, უნდა ჩასულიყვნენ და ენახათ თამაში. "ვენტსპილსი" 10 ტურით ადრე უნდა გამხდარიყო ჩემპიონი. რატომ? გეტყვით: მათ არ იციან, რა არის პრობლემა. მათ არ იციან, რას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებს. ღმერთმა ქნას, ეს არც შემდგომში გაიგონ. დღეს ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ ენთუზიაზმზე თამაშობდნენ. მათ წინაშე ქედს ვიხრი. რატომ არ ვუყვარვარ მე ხალხს? იმიტომ, რომ სულ სიმართლეს ვლაპარაკობ. აი, როცა ყველა ყველას სიმართლეს ეტყვის, მაშინ გახდება ლატვიის ჩემპიონატი კარგი დონის. დღეს უბრალოდ გაწბილებული ვარ, რომ თასი ვენტსპილსთან ჩაიტანეს. რა იცოდნენ, იქნებ ფრეს თამაშობენ და ჩვენ ვასწრებთ?
- სეზონის დასრულების შემდეგ, "სკონტოში" დარჩებით?
- ჩვენ გვაქვს შეთანხმება. ინდრიქსონი და კოლესნიჩენკო ("სკონტოს" ხელმძღვანელები) ის ადამიანები არიან, რომლებიც კლუბს ბოლომდე მხარში უდგანან. ისინი ფეხბურთის ნამდვილი ფანები რომ არ იყვნენ, ახლა მეექვსე ადგილზე ვიქნებოდით. მე ისეთი ფორმით არ წავალ, რომ მათ ეწყინოთ.
- ფეხბურთელებს 3-4 თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათო, ამბობთ. თავად თქვენ იღებთ?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, არა. ან ყველანი ვიღებთ, ან – არავინ.
- დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ ლატვიურ ფეხბურთში, რადგან თქვენი დარი სპეციალისტი ბევრი არ გვყავს. თუ გაყინული თანხა მოხმარდება კლუბს და კრიზისი დასრულდება, დარჩებით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. დაფინანსების საკითხში ვერ ვერკვევი. ჩემი საქმე სავარჯიშო პროცესი, გუნდის კარგად მომზადებაა. თუ მოგავრდება, ალბათ, დავრჩები. "სკონტოს" ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომლებიც 24 საათი ფეხბურთზე ფიქრობენ და მათ მიმართ ცუდად არ მოვიქცევი.