ფეხბურთი

15:05 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ პერტია: “იმ მწვრთნელებს არ ვგავარ, რომლებიც მოედნის გარეთ მენეჯერობენ

რიგის “სკონტოს” მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ ინტერნეტპორტალ sportacentrs.com-თან საუბარში განაცხადა, რომ მცველ იგორ სავჩენკოვსის დატოვება სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქუთაისის “ტორპედოში” გადასვლა არჩია.

“მსურდა, რომ სავჩენკოვსი დარჩენილიყო. როგორც ვიცი, მას მამუკა ღონღაძე დაეხმარა, რომელთანაც მეგობრობს. როდესაც ვუთხარი დარჩი-მეთქი, მან პირდაპირ მითხრა, რომ ისეთ ასაკშია, როცა ფინანსურ მდგომარეობაზე უნდა იფიქროს და არა მხოლოდ ფეხბურთზე. არ ვადანაშაულებ. ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე საფეხბურთო აგენტობა არ მევალება. იმ მწვრთნელებს არ ვგავარ, რომლებიც მოედნის გარეთ მენეჯერობენ. ეს არ მაინტერესებს. ჩემი ამოცანაა საწვრთნელი პროცესი წარვმართო და გუნდი სათამაშოდ მოვამზადო” – თქვა პერტიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ “სკონტოში” აღარ ითამაშებს ლევან ჭაჭიაშვილი, რომელიც გუნდის ღირსებას შარშან იცავდა:

“ის გუნდის მონახაზში ვერ ეწერება. შარშან ამბობდნენ, რომ გუნდში უპირატესობას ქართველებს ვანიჭებდი. თუმცა, ლევანის შემთხვევა ამტიცებს, რომ ჩემთვის სულერთია მოთამაშე ქართველი, ლატვიელი თუ უკრაინელი. მე ხარისხიანი ფეხბურთელები მინდა. სამწუხაროდ, ლევანმა შარშან ვერ დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. მან ჯერ ისეთი გუნდი უნდა მოძებნოს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და მოუმატებს”. 

ლაშა დვალთან დაკავშირებით, რომელიც “რედინგმა” “სკონტოში” გაანათხოვრა, პერტიამ თქვა, რომ ინგლისური და ლატვიური კლუბები ცდილობენ, ეს ახალგაზრდა მცველი ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. პერტიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დვალი რიგაში მხოლოდ ზაფხულამდე დარჩება.

აქვე გეტყვით, რომ დვალთან ერთად “სკონტოში” კიდევ ერთი ქართველი ირაკლი კლიმიაშვილი ირიცხება.  

0.128865