ინტერვიუები

21:37 | 2.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ ოქრუაშვილი: “ფორტუნას რომ გადმოეხედა, მოგებაც შეიძლებოდა”

ლიტვაში მიმდინარე ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მე-2 ტურში, საქართველო-რუსეთის შეხვედრამ გულშემატკივართა იმედი გაამართლა. მატჩი უარღესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დებიუტანტ საქართველოს, ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის, რუსეთის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა. მართალია, სლავთა ლიდერმა ანდრეი კირილენკომ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ სულ ცოტა იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, შეხვედრის ჩვენს სასარგებლოდ დასრულებაც შეიძლებოდა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ გამოცდილ ქართველ სპეციალისტს, თამაზ ოქრუაშვილს.
- შეხვედრის მსვლელობამ გვიჩვენა, რომ გამოცდილი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო...
- დღევანდელ რუსულ პრესაში ამ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენი კოლეგები ჩვენი გუნდის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. ამით ყველაფერია ნათქვამი.
- კონკრეტულად რა იყო ჩვენი გუნდის წაგების მიზეზი?
- საქართველოს მიერ პირველ ტურში ბელგიის დამარცხების შემდეგ, რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ მიზნად ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის ნეიტრალიზება დაისახა და კიდეც განახორციელა. ამ სამ კალათბურთელს თავისი შესაძლებლობების 40 პროცენტი რომ გამოევლინა, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. მართალია, მანუჩარ მარკოიშვილმა გაიბრწყინა, გიორგი გამყრელიძეც კარგად ჩაერთო თამაშში, მაგრამ მათმა გარჯამ საქმეს ვერ უშველა. სამწუხაროდ, ფორტუნამ ზურგი გვაქცია, თორემ ამ მატჩის მოგებაც შეიძლებოდა. მე-4 მეოთხედის შუაში, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში სხვაობა 2 ქულა იყო (50:52) და ამ დროს რუსებმა იძალეს და გამარჯვება მათ დარჩათ.
- პირველი ტაიმის 13 ქულით (27:40) წაგების შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა მე-2 ნახევარი უკეთ ჩაატარეს და საყოველთაო აღიარებით, გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ.
- ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ზონური დაცვა დროულად დააყენა და ეს გახდა მე-2 ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირების მიზეზი. მართალია, ჩვენი ნაკრები ფიზიკურად კარგად გამოიყურება, მაგრამ მეტოქე უფრო კარგად მომზადებული აღმოჩნდა და ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე.
- მსაჯობაზე რას გვეტყვით?
- მსაჯებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს რუსების სასარგებლოდ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, მარკოიშვილს 2 ასპროცენტიანი სამქულიანი რომ არ ჩაუთვალეს.
- ხვალ ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს, სლოვენიას ვხვდებით...
- მოგების შემთხვევაში, შეგვიძლია ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდეთ...
- და რამდენად რეალურია საქართველოს მიერ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების დამარცხება?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი (შერმადინი, ვლადიმერ ბოისა, ცქიტიშვილი...) კარგად იცნობს ამ ქვეყნის კალათბურთს, სლოვენიის დამარცხება შეუძლებელი ნამდვილად არაა.
 

როლანდ ლაბუჩიძე

0.125635