ახლახან, უკრაინის ქალაქ გასპრაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ”ზაფხული-2013”, ქართველმა ძიუდოისტებმა ბრწყინვალედ იჭიდავეს. 1998-99 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ინდივიდუალურ პირველობაში სულ 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრებაში კი მონაგარს 2 ოქრო და 1 ვერცხლიც მიამატეს. უმცროსი იუნიორები (როგორც ამ ასაკობრივ ჯგუფს ძიუდოს წრეებში უწოდებენ) ის თაობაა, რომელმაც ორ წელიწადში, თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იჭიდაოს.
თბილისი 2015-ის სამზადისსა და საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეულ წარმატებებზე “მსოფლიო სპორტს” ასაკობრივი ნაკრების კურატორი თამაზ კარიაული ესაუბრა.
- უკრაინული ტურნირი 18 წელია ტარდება, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ამ ზაფხულს შევიტყვეთ, როდესაც მასპინძელთაგან მიპატიჟება მივიღეთ.
- ასე სწრაფად ფინანსების მოძიება, მით უმეტეს, ასაკობრივი ნაკრებისთვის არც ისე ადვილია...
- ეს თაობა თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება და ამისთვის ყოველწლიური ბიუჯეტიც გვაქვს გამოყოფილი. წლევანდელი თანხა ჯერ ასათვისებელი გვქონდა, მაგრამ რადგან ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირები იშვიათად ტარდება, წინასწარ არ ვიცოდით, სად უნდა გვეჭიდავა. უკრაინული მიწვევის მიღებისთანავე გუნდს ლენტეხში შეკრება მოვუწყვეთ. სატურნირო განაცხადში კი 11 ვაჟი და 5 გოგონა შევიყვანეთ. ამ სიას ორი სპორტსმენი რეგიონალური დაფინანსებით დაემატა. ვაჟებში 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ, ხოლო გოგონებში 2-2 ოქრო და ბრინჯაო.
- და ამის გარდა გუნდური პირველობაც ქართული ფინიშით დაგვირგვინდა...
- ინდივიდუალურ წარმატებას საფუძველი სწორედ გუნდურმა ჩაუყარა, რადგან სწორედ ამ შეჯიბრებით დაიწყო ტურნირი. ვაჟებში საქმეში 14 გუნდი ჩაერთო. მათ შორის ორი ქართული, ოღონდ თუ ძირითად ნაკრებში მონაწილე შვიდივე წონით კატეგორიაში გვყავდა, მეორე შემადგენლობაში ორი წონა თავისუფალი დაგვრჩა. ეს გუნდი ყველა მეტოქესთან 0:2-დან იწყებდა და მაინც სასურველ შედეგს აღწევდა, რითაც გულშემატკივრების მთელი არმია გაიჩინა. საბოლოოდ ქართული ფინალი შედგა და პირველმა ნაკრებმა იმარჯვა. გოგონების გუნდურში 9 გუნდი ჩაერთო და ეს შეჯიბრებაც ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რამაც ტურნირის ორგანიზატორებიც კი გაახარა – აქამდე ჩვენს ტურნირს სულ რუსი სპორტსმენები იგებდნენ და როგორც იქნა, მათი მძლეველიც გამოჩნდაო. ჩვენთვის კი ყველაზე მეტად გასახარი ის იყო, რომ უკრაინაში 1997-99 წლებში დაბადებული ძიუდოისტები ჭიდაობდნენ. ჩვენ კი მხოლოდ 1998-99 წლებში დაბადებული სპორტსმენებით ჩავედით. არადა ამ ასაკობრივ ჯგუფში ერთი წლით უფროსთან ტოლსწორად ჭიდაობა ძალიან რთულია.
- ორგანიზატორთაგან მომავალი წლის ტურნირის მოსაწვევიც ახლავე ხომ არ მიიღეთ?
- რა თქმა უნდა. აქედანვე შეგვიპირეს. ამის გარდა რამდენიმე ახალი ვარიანტიც გამოჩნდა, მაგრამ თითქმის ყველა 1996-97 წლებში დაბადებული ნაკრებით ჩასვლას გვთხოვს. ჩვენ კი ამ ასაკობრივ ჯგუფში ამხელა ფუფუნება არ გვაქვს, რადგან ოლიმპიურ პროგრამაში ვერ ჯდება.
- გამოდის, 1998-99 წლებში დაბადებულებს უფრო გაუმართლათ?
- ამ თაობას მართლაც გაუმართლა, რომ თბილისი-2015-ისთვის კარგად მოსამზადებლად სპეციალური პროგრამა მოქმედებს. ეს ინიციატივა ქართულ ძიუდოს სასიკეთოდ მარტო ოლიმპიური ფესტივალისთვის კი არ წაადგება, უფრო დიდ შედეგებსაც მოიტანს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ ჭაბუკთა ნაკრები საერთაშორისო არენაზე გამოცდილებამიღებული ძიუდოისტებით დაკომპლექტდება. ეს დიდ წარმატებებსაც ერთიორად გაზრდის. “ზაფხული 2013” ქართული გუნდის წევრთა უმეტესობისთვის მეორე უცხოური ტურნირი იყო. დებიუტი ივნისში, უნგრეთში ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მედლები მაშინაც უხვად მოვიპოვეთ, ბავშვების ჭიდაობის ხარისხი ამჯერად გაცილებით მაღალი იყო. პროგრესი ტურნირიდან ტურნირამდე კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება.
- წლეულს კიდევ გეგმავთ რომელიმე უცხოურ ტურნირზე გამოსვლას?
- ჯერ დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ოქტომბერში ქარელში შიდა სარეიტინგო ტურნირს ჩავატარებთ. თუ მოვახერხეთ და ერთ საერთაშორისო ტურნირზეც გამოვედით, ძალიან კარგი იქნება. თუ ვერა, მაშინ წლის ბოლომდე ერთ შეკრებას მაინც მოვაწყობთ. აქედანვე ვმუშაობთ მომავალი წლის გეგმაზეც. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვაჟთა და გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ნესტორ ხერგიანს, დავით კობერიძეს, გრიგოლ მამრიკიშვილსა და გრიგოლ ბოჭოიძეს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო.
P.S. 1998-99 წლებში დაბადებული წარმატებული ქართველი ძიუდოისტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ. ესეც თბილისი 2015-ისთვის მოსამზადებელი პროექტის ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის დასრულებისთანავე უნდა დაიხუროს. თუ ასე მოხდება, ძიუდოს დიდი მუხტი მოაკლდება. მომავალ წარმატებებს კი სერიოზული საყრდენი გამოეცლება.
და კიდევ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ასეთი ფუფუნების შექმნას ვერავის მოვთხოვთ, მაგრამ ეგებ ისე მაინც მოხერხდეს, რომ ოლიმპიური ფესტივალის პერსპექტივის არმქონე თაობებსაც მიეცეთ საერთაშორისო ტურნირებზე სიარულის შესაძლებლობა. ქართული ძიუდოს მომავალს ეს ნაბიჯიც აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება.