ძიუდო

17:17 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტალინური ევროპირველობა დიღომში შეჯამდა

 

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს იუნიორ ძიუდოისტთა ნაკრების წევრები დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში, ტურნირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, 21-23 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე რობიზონ ბეგლარიშვილი (50 კგ), კობა მჭედლიშვილი (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) და დავით რამაზაშვილი (90 კგ) ავიდნენ. გოგონათა ნაკრებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა. მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო მზია ბებოშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

პრესკონფერენციაზე ჩემპიონ-პრიზიორები თითქმის სრული შემადგენლობით გაემგზავრნენ. გამონაკლისი მხოლოდ დავით რამაზაშვილი იყო, რომელიც თბილისში არაა. მწვრთნელთაგან კი ჟურნალისტთა წინაშე მხოლოდ გოგონათა გუნდის დამრიგებლები წარსდგნენ.

“ყველას ვულოცავ ქართულ ქალთა ძიუდოში მიღწეულ პირველ წარმატებას. ისტორიული რამ მოხდა და ეს მარტო სპორტსმენების და მწვრთნელების დამსახურება არაა. შედეგამდე მთლიანად სისტემის გამართულმა მუშაობამ მიგვიყვანა. შულ რამდენიმეწლიანი შრომით 50-წლიანი ტრადიციის ქვეყნები მოვიტოვეთ უკან. ჭინ კი კიდევ უფრო დიდი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, წარმატებებიც გველის” – განაცხადა გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და იქვე მოკლედ სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო – “ივლისში უტრეხტი ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამ ნაკრების რამდენიმე წევრი ჰოლანდიურ ტატამზე გავა. შემდეგ კი ძირითად ყურადღებას ახალგაზრდული ნაკრების მოსამზადებელ ციკლზე გადავიტანთ და ცხადია, ჭაბუკთა ნაკრების წევრებიც უფროსების გვერდით მოემზადებიან. მათი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ წინა თაობის არსებობაა. ეს მართლა დიდი ფუფუნებაა. მსგავსი რამ ირინე ლიონიზეს და ნინო ოძელაშვილს რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, მათაც რეალური შანსი ექნებოდათ საერთაშორისო დონეზე უფრო შედეგიანად ეჭიდავათ”.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიამ ჯანაშვილის გაჩემპიონებამდე მომხდარიერთი საინტერესო ეპისოდიც გაიხსენა. ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის შეხვედრებისას გია თენაძესთან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეს-ატაშე მისულა და უკითხავს, ჯანაშვილმა ინგლისური თუ იცისო და იქვე დაუმატებია, ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს და რომ მოიგებს, ინტერვიუს თუ მისცემსო.

გოგონათა გუნდის მწვრთნელმა კახა მოცრაძემ აღნიშნა, რომ ნაკრების ყველა წევრმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. განსაკუთრებულად კი ბებოშვილის წარმატება გამოარჩია, რომლის მედალიც გუნდის თავკაცებისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა. ბებოშვილი ჯერ იუნიორთა ნაკრებისთვის საკმაოდ უმცროსია და ამ ასაკობრივ ჯგუფში კიდევ ორი წელი მოუწევს ჭიდაობა.

მოცრაძემ მოკლედ ვაჟთა ნაკრების გამოსვლაც შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ უფრო შედეგიანად იჭიდავებს.

ევროპირველობის ჩემპიონ-პრიზიორებს წარმატება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა მამუკა ყიზილაშვილმაც მიულოცა. ისტორიული მედლების მომპოვებელი გოგონები კი ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

0.11642