პავლოდარის “ირტიშის” მთავარმა მწვრთნელმა ტალგატ ბაისუფინოვმა რუსთავის “მეტალურგთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის ლიგაში ორივე გუნდმა საბჭოთა ფეხბურთი ახალ ევროპულ ფორმატში უნდა წარმოაჩინოს.
ტალგატ ბაისუფინოვი: “გვიხარია თქვნთან სტუმრად ყოფნა, მოგვენატრეთ. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი ქვეყნიდან ვართ. გვინდა განახოთ ახალი ყაზახური ფეხბურთი, ასევე თქვენც აჩვენებთ დღევანდელ ქართულ ფეხბურთს. წყვილიდან მომდევნო ეტაპზე ღირსეული გავიდეს. გვინდა, რომ საბჭოთა ფეხბურთი ახალ ევროპულ ფორმატში კარგად წარმოვაჩინოთ. მახსოვს ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, ჩემი კერპი იყო ალექსანდრე ჩივაძე, ვიცი თემურ ქეცბაია...”
- რა ინფორმაცია გაქვთ “მეტალურგზე?
- სასიამოვნოა, რომ პირველ ეტაპზე მეზობლებს მოუგეთ, ეს ქვეყანას დამატებით კოეფიციენტს და ბონუსებს მატებს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თქვენმა გუნდმა. აღსანიშნავია, რომ “მეტალურგში” მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ, რაც კლუბის დიდ პოტენციალსა და პატრიოტიზმზე მეტყველებს. მეტოქეს პატივს ვცემთ და გვინდა ღირსეულად ვითამაშოთ. ქართული გუნდების წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია და ვიცით, რომ ქართველებს ბურთთან მუშაობის უფლება არ უნდა მისცე. “მეტალურგის” ფეხბურთელები ტექნიკურები და ინდივიდუალურად ძლიერები არიან. ძალიან შთამბეჭდავი იყო დაცვის თამაში. გულწრფელად გისურვებთ, რომ ჩვენი წყვილიდან შემდეგ ეტაპზე ღირსეული გავიდეს.
- “ირტიშის” ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?
- ჩვენთან ჩემპონატი მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგაში ვთამაშობთ, შეღავათი არ გაგვიკეთეს. “იაგელონიასთან” მატჩის შემდეგ ყაზახეთის ჩემპიონატში 11 ივლისს ვითამაშეთ და საქართველოში გამოვფრინდით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, უბრალოდ ისინიც ადამიანები არიან და ვშიშობ, ამ დატვირთვის ფონზე ფიზიკურად ცოტა გაგვიჭირდება. კარგი თამაშისთვის ვართ განწყობილი. 17 ივლისს ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და 21 ივლისს “მეტალურგთან” საპასუხო მატჩი გევლის.
- რამდენი ლეგიონერი გყავთ გუნდში?
- ყაზახეთის ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, კლუბებს მოედანზე 5 ლეგიონერის გაყვანის უფლება აქვს. ჩვენ გვყავს ორი სერბი, ერთი სლოვენიელი, ერთი ბულგარელი და ერთიც მალელი ფეხბურთელი, რომელსაც ფრანგული პასპორტი აქვს. ყველა ლეგიონერი მწყობრშია.
- რომელ საფეხბურთო კლუბს ანიჭებთ უპირატესობას?
- მე პავლოდარული ფეხბურთის აღზრდილი ვარ და ამიტომ აგრესიულ და შემტევ თამაშზე უარს არასდროს ვამბობ. ჩემი გაგებით ყველაფერი მარტივია, გოლი უნდა გაიტანო ან არ უნდა გაუშვა, ან კიდევ, ერთი გოლით მეტი უნდა გაიტანო. გვინდა, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რათა გულშემატკივრები სტადიონზე მოვიყვანოთ, ცხადია, ტაქტიკას შესაძლებლობისა და მეტოქიდან გამომდინარე ვარჩევთ.
- ალბათ ფიქრობთ, რომ ყველაფერი მაინც მეორე მატჩში გადაწყდება...
- ხვალ მხოლოდ ორი ტაიმია და არის კიდევ 21 ივლისი, როცა განმეორებითი თამაშის ჩატარება გვიწევს. იმისთვის, რომ ინტრიგა იყოს და პავლოდარის სტადიონზე გულშემატკივრები მოვიყვანოთ, პირველი თამაშის შემდეგ შანსები 50/50 მაინც უნდა იყოს.
ლაშა თაბაგარი