სხვა

15:49 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძემ ევროპა ცალი ხელით ასწია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი საშეჯიბრო დღე ქართული ტრიუმფით დასრულდა. 20-წლამდელთა პირველობის მძიმე წონაში (+105 კგ.) ოქროს მედალი ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა საერთო ჩათვლის გარდა, როგორც აკვრაში, ასევე ატაცში იმარჯვა და ჯამში 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა, თანაც ისე, რომ კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო.

ტალახაძემ ატაცში 182 და 190-კილოგრამიანი შტანგა დასძლია და მე-3 ცდა აღარც გამოუყენებია. იგივე მოხდა აკვრაშიც, სადაც 210 კგ-ს 225 კგ. მიაყოლა, 415 კგ. მოაგროვა და რადგანაც უახლეოს მდევარ კარენ მარტიროსიანს (რუსეთი) უკვე 40 კგ-ით (!) უსწრებდა, მე-3 ცდა აქაც გამოუყენებელი დატოვა.

კიდევ უფრო სოლიდური გახლდათ ლაშას უპირატესობა მე-3 ადგილზე გასულ ბარტოშ ლოზინსკისთან. ქართველმა ძალოსანმა პოლონელს 55 კგ-ით (!) გადაასწრო...

გუშინვე მედლებისთვის 20-წლამდელებში 105 კგ, წონით კატეგორიის სპორტსმენები იბრძოდნენ, სადაც ძალები ვილიამინ ალექსიძემ სცადა, თუმცა, ჯამური 341 კგ-ით მე-5 ადგილს დასჯერდა.

ქართველი ძალოსანი ატაცში 150 კგ-ით მე-5 გახლდათ, აკვრაში კი – 191 კგ-ით – მეოთხე. ამ წონაში აშკარა ლიდერი რუსი ტიმურ ნანიევი იყო, რომელმაც 400 კგ მოაგროვა და ვერცხლისმედალოსან იაროსლავ სამორაის (პოლონეთი) 43 კგ-ით (!) გაუსწრო.

0.116257