გულშემატკივრის სვეტი

11:05 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტაიტელი ბავშვები

ბავშვები უზარმაზარი ხის ძირში შეგროვილიყვნენ. ზოგი ბალახზე იჯდა ფეხმორთხმით, ზოგს სიპი ქვები მოეთრია ოკეანის სანაპიროდან და იმაზე წამოსკუპებულიყო კოხტად. მულატი, გრძელთმიანი ახალგაზრდა მასწავლებელი კაცი ფეხზე იდგა, ხელში ფერად პრინტერზე ამობეჭდილი ტაიტის ეროვნული ნაკრების პლაკატი ეჭირა და ბავშვებს სიჩუმისა და მოსმენისაკენ მოუწოდებდა.

“ბავშვებო, აბა თუ იცით ვინ არიან ამ ფოტოზე გამოსახულნი?” – დაიწყო მასწავლებელმა. ბავშვები გაჩუმდნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ. ყველა მიხვდა, რომ ფოტოზე სპორტსმენები იყვნენ გამოსახულნი, მაგრამ რაკი კითხვის აზრს ვერ ხვდებოდნენ, ხმა არავის ამოუღია.. “მას შემდეგ, რაც დიდებულმა გოგენმა ჩვენ ლამაზ ქვეყანას ფუნჯითა და ნახატებით გაუთქვა სახელი – ძალიან დიდი დრო გავიდა. მერე ტაიტი მიმქრალ და უინტერესო ალაგად იქცა მთელი მსოფლიოსათვის. ეს ყველა ტაიტელს გულს სტკენდა, მაგრამ აგერ შეხედეთ ამ ბიჭებს! ესენი ტაიტის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები არიან, რომლებიც ახლა ბრაზილიაში, კონფედერაციათა თასზე თამაშობენ და მხოლოდ მათ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის სახელის შორს გატანა. თქვენ ბავშვებო, აუცილებლად უნდა იცოდეთ მათი სახელები”  - თქვა მასწავლებელმა და ტაიტელი ფეხბურთელების გვარების ჩამოთვლა დაიწყო. თან, თითოეული გვარის ხსენებისას, ფოტოზე გამოსახულ ფეხბურთელს ადებდა ხელს.

შესანიშნავი გრილი დილა იყო. ირგვლივ სიმშვიდე გამეფებულიყო და მასწავლებლის ხმას ჭრელაჭრულა თუთიყუშების ხმა ისე ერთვოდა, თითქოს თუთიყუშებიც მასწავლებლის ნათქვამს იმეორებენო. ხელი ჟონესმა აიწია, რაც არავის გაჰკვირვებია, ჟონესს ესპანელი მშობლები ჰყავდა და ფეხბურთის ამბები ყველაზე მეტად სწორედ მან იცოდა.

”მე დავსწრებივარ ტაიტელი ფეხბურთელების თამაშს. ხანდახან კიდეც მითამაშია მათთან და როგორც მამაჩემი ამბობს, ძალიან მონდომებული ბიჭები არიან. ჩვენთან, ვალენსიაში ამბობენ, რომ თუ ადამიანს ფეხბურთი უყვარს, მხოლოდ მონდომება სჭირდება წარმატების მისაღწევადო. მამაჩემიც ასე ფიქრობს. აქ ფეხბურთს ძალიან ცოტა ვინმე თამაშობს, მაგრამ, ბავშვები თუ წამომყვებიან, მე ვასწავლი ამ თამაშს” – ჟონესის ამ სიტყვებს მისი კლასელები დიდი სიხარულითა და ჟრიამულით შეეგებნენ. ბავშვი ყველგან ბავშვია, ტაიტიზეც, მაგდაგასკარზეც და საქართველოში და ყველა ბავშვს უხარია, როდესაც მოსაწყენი და რთული გაკვეთილების ნაცვლად, მინდორზე ირბენს. მით უმეტეს, თუ ეს სირბილი საქმედ (გაკვეთილად) ეთვლება.

მასწავლებელის დავალებით, ბავშვებმა ოკეანის სანაპიროდან მოზრდილი ოთხი ქვა მოზიდეს და ამ ქვებით მონიშნეს ხასხასა მდელოზე საფეხბურთო კარის ტერიტორიები. ბავშვები ორივე გუნდში ჟონესმა გადაანაწილა და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ბავშვს ამ თამაშის არაფერი გაეგებოდა, (მალიმალ იქცეოდნენ, ბურთს ფეხს აცილებდნენ, ერთმანეთს მოუხერხებლად ეჯახებოდნენ) თამაში მაინც გამოუვიდათ. მთელი სამი საათის მანძილზე გვარიანი ოფლი დაღვარეს, წვივებიც კოხტად ჩაილურჯეს და შუადღისას სიქაგაცლილმა ბავშვებმა ძლივს მიაღწიეს სახლებამდე.

მართლაც ძალიან ძნელია მშობელი გაგებით მოეკიდოს იმას, რომ ბავშვს სკოლაში უშვებს და შვილი სკოლიდან გაოფლილი და ტანდალურჯებული უბრუნდება. იმ უცნაური დღით გაოგნებულ თითქმის ბავშვს მშობლებისაგან დატუქსვა, ერთი-ორს კი მიტყეპვა ერგო წილად. მხოლოდ ჟონესი მიიჩქაროდა სახლისკენ ბედნიერი და გახარებული. ჟონესმა ზუსტად იცოდა რატომაც იყო ბედნიერი!

ჟონესის მამა, ძველი მეზღვაური, წარმოშობით ქალაქ ვალენსიიდან, ახლა კი უკვე დაინვალიდებული და ეტლში ჩაწოლილი კაცი - არასოდეს იტეხდა იხტიბარს და თავისი დანაზოგით არაერთ პარაოლიმპიურ ტურნირზე იღებდა მონაწილეობას. თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს, სპორტის ათამდე სახეობაში ცდიდა ბედს. ჟონესი სახლში რაკეტსავით შეიჭრა. ერთი სული ჰქონდა, მამას მთელი დღის ამბავს როდის მოუყვებოდა. ჟონესმა იცოდა ბედნიერების ფასი! 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.122307
სარეკლამო ადგილი - 99
X x X