დღეს, ტაილანდის ქალაქ პატაიაში ახალგაზრდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები ტაილანდში ერთი კვირის წინ ჩავიდა.
მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ადეიშვილმა სატურნირო განაცხადი ასე დააკომპლექტა: 50 კგ - ბაჩანა ფუტკარაძე, 55 კგ - ნიკა ცეცხლაძე, 60 კგ - ფირუზ წულუკიძე, 66 კგ - გიორგი დავითაია, 74 კგ - თორნიკე ძამაშვილი, 84 კგ - რობერტ ქობლიაშვილი, 96 კგ - იაკობ ქაჯაია, 120 კგ - შოთა გოგისვანიძე.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში - 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ფუტკარაძე ჩემპიონატში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, ჩინელ ჰაიბინ ფანგთან შეხვედრით. სამი ქართველი კი მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს. წულუკიძის პირველი მეტოქე უკრაინელი რომან გაიდუკი იქნება. ძამაშვილი შვეიცარიელ დამიან დიეტშეს დაეჭიდება, ხოლო ქაჯაია - ტაილანდელ ანუჩა იოსპაიანს.
დღევანდელი ქართული ოთხეულიდან ორმა – ფირუზ წულუკიძემ და ირაკლი ქაჯაიამ წლეულს ევროპირველობაზეც იჭიდავა. პირველი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა, მეორემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც ბერძენ-რომაელები რვავე წონაში გაათამაშებენ მედლებს, ორი დღით ტაილანდური ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ, 8-9 სექტემბერს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე