ფეხბურთი

23:34 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სხვაგან მოვხვდით...

როცა ირლანდიელებიც "მესები" არიან

"მე ვერ დავბადავ ახალ მესებს" - თქვა ადრე თემურ ქეცბაიამ და მისი სიტყვებისა რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფონზე, ირლანდიელები ნამდვილი "მესები" ჩანდნენ.

ბევრს საამაყოდ ჰქონდა, რომ მიუხედავად თამაშის ცუდი ხარისხისა, საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით არ აგებდა, თუმცა ამჯერად ეს ბედნიერებაც მოგვისპო რობი კინმა და კომპანიამ. კინი, რომელმაც კიდევ 2 ბურთი მიამატა ნაკრებში გოლების აქტივს (56 გაუხდა) და ჩვენი ნაკრების ბედი, რომ თავიდანვე არ ითამაშა, თორემ ვინ იცის, მეტიც გაეტანა.

რა უნდა თქვა თამაშზე, რომელშიც ირლანდიელთა მეკარე ერთხელაც არ გადამხტარა. ან კი რაზე უნდა გადამხტარიყო, კარის ჩარჩოში ქართველებს არ დაურტყამთ, მიმართულებით კი მხოლოდ ერთხელ სცადეს და ისიც, ლამის აუტზე გადავარდა...

და სადაც ქართველთა დანაკლისზე ვიტყვით, არ დაგვავიწყდეს, რომ ჯოვანი ტრაპატონიმ "ავივაზე" ექსპერიმენტული თერთმეტეული გამოიყვანა - თითქმის მთლიანად შეცვლილი ინგლისთან ამხანაგური 1:1-ის შემდეგ. კარში დარტყმას ვინ ჩივის, არცერთი გააზრებული კომბინაცია არ გათამაშებულა, საერთოდ დაგვავიწყდა სიტყვა "შეტევა" და კიდევ, ამდენი ლაფსუსი საჯარიმოსა და მის მისადგომებთან ნამდვილად უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. აქამდე ქეცბაიას ნაკრები იმით მაინც გამოირჩეოდა წინამორბედებისგან, რომ გაუწონასწორებელ მოქმედებებს არ სჩადიოდა, პასებს უფრთხილდებოდა. ახლა ყველაფერი ერთად მოზვავდა.

ჯანო ანანიძე გამწარებული გავიდა მოედნიდან. მართლაც, როგორია დასაწყისშივე გასვლა რომ გიწევს. ეს კი იმ ლაფსუსმა გამოიწვია, რომელიც უჩა ლობჟანიძემ დაუშვა. ბურთი მეტოქის ნახევარზე ჰქონდა, მაგრამ უკან წამოვიდა და ლორიასკენ გააკეთა პასი, რომელიც შეინ ლონგმა იოლად მიიღო და ქართველთა მეკარემ საჯარიმოს მისადგომებთან შეაჩერა. წითელი ბარათი და ქეცბაიამაც, ანანიძე მოხსნა თამაშიდან, ლორიას ნაცვლად კი ომარ მიგინეიშვილი დააყენა, რომელსაც უიღბლო დებიუტი ელოდა.

თუმცა, რას ვერჩით მიგინეიშვილს... ყველაზე უბრალო კაცი ის იყო ქართველთაგან. კარში ჩადგომისთანავე ბრწყინვალე ნახტომით უკუაგდო მაკლინის დარტყმული საჯარიმო, მეორე ნახევარში კი პირისპირ გასულ ლონგს არ გაატანინა. ორი "სეივიც" საქმეა, მითუმეტეს, როცა გუნდი მოშლილია.

სიგნალი ჯერ კიდევ გაძევებამდე ჩაირთო, როცა ხიზანიშვილი დაიბნა, ლონგს ჩააბარა ბურთი და მანაც ხუბუტიას გვერდი აუარა, ოღონდ ლორიას ცენტრში დაურტყა და გიორგი კარგად გაისარჯა. დაახლოებით მე-10 წუთიდან უკვე აშკარად ჩანდა, რომ ირლანდია გვარიანად აღემატებოდა ჩვენს ნაკრებს და მოდით, გაძევებას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ასეც არ იყოს, 10 კაცით დარჩენა კაპიტულაციას არ უნდა მოასწავებდეს - ამას ყველაზე კარგად 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გასცეს პასუხი რამდენიმე დღის წინ.

ლორიას გაძევებიდან 10-15 წუთის განმავლობაში, საქართველომ თითქოს გადაიტანა მღელვარება და ირლანდია ვერაფერს ქმნიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ისევ გაუჭირდათ სტუმრებს. 42-ე წუთზე ჯარიმა დაინიშნა, მაღალ ჩაწოდებულს კი რიჩარდ კიოუმ შეაგება თავური და 1:0.

მეორე ნახევარში იყო მონაკვეთები, როცა ქართველებს საჯარიმოდან ბურთის ამოტანაც უჭირდათ. გოლებს რაც შეეხება: ირლანდიელთა კომბინაცია მაკლინის ფლანგიდან დაბალი ჩაწოდებით გაგრძელდა, ბურთი ყველას ასცდა და კოქსმა ცარიელ კარში გაიტანა. კვირკველია ამაოდ ცდილობდა ბურთის მოგერიებას - 2:0. 

შეცვლაზე შესულმა ირაკლი ძარიამ მარცხენა ფლანგზე ბურთი ვერ მოიგერია და მაკგიდის მოარტყა, ასხლეტილი ბურთი სემონს მიუვიდა, რომელმაც კინს ცარიელ კარში გაატანინა - 3:0.

ხიზანიშვილი მოედნის ცენტრში მდგომ კანკავას აწვდიდა, ჩაუჭრეს, ჰენდრიკმა წამოიღო ბურთი, საჯარიმოში კინი მოძებნა და ირლანდიელთა ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ რბილი დარტყმით 4:0 გახადა ანგარიში.

კომბინაციაზე ვთქვით: იყო ეპიზოდები, კობახიძე ან თარგამაძე ერთ კაცს გასცდებოდნენ, მაგრამ გაგრძელებას ვერ პოულობდნენ. მარტო იყვნენ. ეს პირველი მატჩი არაა, როცა კომბინაციას ვერ ახერხებს ნაკრები, ან როგორ გაახერხებს, როცა შეტევაში მხოლოდ ერთი (ან მაქსიმუმ, ორი) კაცია. თავდასხმაში ეულად იყო ნიკა გელაშვილი - "ბოხუმში" ყოველგვარ სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ფორვარდი, რომელსაც ამ მატჩში არც გაუკეთებია რამე და არც დაუშავებია. ერთადერთი, პირველ წუთებში დაასწრო მეკარეს და მახვილი კუთხიდან ჩააწოდა, სადაც, რა თქმა უნდა, არავინ არ იყო. ზოგადად კი, გელაშვილს რა დავაბრალოთ - თითქმის 90 წუთის განმავლობაში, თამაში მის მოპირდაპირე მხარეს მიმდინარეობდა.    

 

2.06. 2013. დუბლინი. "ავივა".

ირლანდია-საქართველო 4:0 (1:0)

ირლანდია: ვესტვუდი, უილსონი (დანი 65), დილეინი, რ.კიუ, მაკშეინი, ე.კიუ (კინი 46), მაკარტი (სემონი 72), ჰულალანი (ქუინი 77), მაკლინი (მაკგიდი 65), კოქსი, ლონგი (ჰენდრიკი 72). 

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (თარგამაძე 46), ხუბუტია, ხიზანიშვილი, დ.კვირკველია (ფოფხაძე 68), დაუშვილი (ძარია 54), კაშია, კანკავა, ს.კობახიძე (გორგიაშვილი 90), ანანიძე (მიგინეიშვილი 21), გელაშვილი (მაისურაძე 61).

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

გოლები: 1:0 რ.კიუ (42), 2:0 კოქსი (48), 3:0, 4:0 კინი (77, 87).

გაფრთხილება: ხუბუტია (42), კანკავა (70).

გაძევება: ლორია (20).

მსაჯი: კოლტესკუ (რუმინეთი).

0.145042