ფეხბურთი

19:48 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე საქართველოს ნაკრებში და “რეალში” თამაშზე ოცნებობს

დანიის საფეხბურთო კლუბ “ორჰუსის” 19 წლის თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ “ფეისბუკზე” გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

- დანიაში თავს როგორ გრძნობთ?

- აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ ძალიან მეგობრული ხალხია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ამინდით ძალიან უკმაყოფილო ვარ.

- თქვენს მიერ გატანილ უფრო მეტ გოლებს როდის ვნახავთ?

- იმედია, მალე. რაც შეიძლება მალე.

- თავს არონ იოჰანსონის სრულფასოვან შემცვლელად მიიჩნევთ?

- არა. მან ნახევარ სეზონში 14 გოლი გაიტანა და უფრო მაღალი დონის კლუბში გადასვლა დაიმსახურა.

- გაგისინჯავთ სოსისი, რომელიც სტადიონზე იყიდება?

- (იცინის). არა, არ გამისნიჯავს.

- რას ფიქრობთ “ორჰუსში” ქართველების სიმრავლეზე? თქვენსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის როგორი ურთიერთობაა?

- მიხარია, რომ “ორჰუსში” სამი ქართველი ვართ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ეს აქ ყოფას გაცილებით გვიადვილებს. დანარჩენ თანაგუნდელებთან საუცხოო ურთიერთობა გვაქვს და მართალი არ არის, რომ თითქოს ქართველებს თავი ცალკე გვიჭირავს.

- რას ფიქრობთ დანიელ გოგონებზე?

- ისინი საუცხონი არიან.

- დანიაში ცხოვრება გაგიჭირდათ?

- საწყის პერიოდში ძალიან გამიჭირდა. 17 წლის ვიყავი და დამოუკიდებლად ცხოვრება ძნელი იყო. რთული იყო, როდესაც გიორგი დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე წავიდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, დავით დევდარიანი აქ იმყოფებოდა.

- “ორჰუსში” გადასვლა რამ გაიძულათ? ვისთან უფრო კარგი ურთიერთობა გაქვთ, მათე ვაწაძესთან თუ დავით დევდარიანთან?

- დანიაში ფეხბურთის მაღალი დონეა და “ორჰუსში” გადასვლა ჩემი განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იყო. ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- აარონთან შედარებით, მათეს გვერდით თამაში როგორია? თქვენი სათამაშო სტილი შეიცვალა თუ არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ერთად შეუტევთ?

- აარონი შეტევაში კარგი პარტნიორი იყო, ისევე როგორც მათე. ჩემი თამაში ცოტა შეიცვალა, რადგან აარონი და მათე განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, რომ მათესთან ძალიან კარგად ვარ შეთამაშებული. ის უპირატესობა გვაქვს, რომ ქართულად ვსაუბრობთ და მეტოქის მცველებს ჩვენი არ ესმით.

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირედით გაიბრწყინეთ, მაგრამ რეალურად მაღალ დონეზე როდის ათამაშდებით?

- ვფიქრობ, რომ მოვუმატე, მაგრამ თამაშში კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი. ერთ-ერთი კომპონენტი ის არის, რომ გოლები უნდა გავიტანო.

- დანიასა და საქართველოს შორის რა პარალელს გაავლებდით – ამინდი, თამაშის სტილი, კულტურა?..

- საშინელი ამინდებია, რაც სამწუხაროა. დანიაში უფრო გუნდურ თამაზშე არიან ორიენტირებულები და ამასთან შეგუება ადვილი არ იყო. კულტურულად ძალიან დიდი განსხვავებაა. აქ ამის ახსნა ძალიან რთულია.

- პეტერ სორენსენი გუნდში თქვენს როლს როგორ ხედავს? ბურთის დაჭერა გევალებათ თუ გოლების გატანა?

- ორივე. პეტერს მოთამაშეები უყვარს და გუნდისთვის ძალიან ბევრს შრომობს.

- რაზე ოცნებობთ?

- მადრიდის “რეალში” თამაშზე. თუმცა, მიზანია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში რაც შეიძლება უკეთესად ვითამაშო. ცხადია, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ.

 

0.121756