ინტერვიუები

14:31 | 28.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სვენ ბენდერი: “ბაიერნის” ფიქრები ჩემი საქმე არაა”

გერმანიის ორგზის ჩემპიონი “დორტმუნდი” ახალი სეზონისთვის მზადებას ასრულებს. გუნდის ყველა წევრი შექმნილი პირობებით კმაყოფილია. დორტმუნდელთა ცენტრალური ნახევარმცველი სვენ ბენდერი, რომლიც გასულ სეზონში ტრავმებმა გააწამა იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი რიგზე იქნება, თავად მას ხშირად მოუწევს თამაში და გუნდიც კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
- საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. პირობებით ყველა აღფრთოვანებულია, ისევე, როგორც შარშან. ისე მოემზადეთ, რომ კვლავ ჩემპიონობის ღირსი ხართ?
- შერშან სწორედ აქ ჩავუყარეთ ფუნდამენტი ძალიან კარგ სეზონს. პირობები ამჯერადაც ოპტიმალურია, თუმცა, აქედან ისეთი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება, რომ ჩვენ წელსაც აუცილებლად ჩემპიონები ვართ. ახლა ფუნდამენტს კიდევ ერთი ქვა უნდა დავამატოთ, რათა შემდგომში მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.
- რაღაა მაქსიმუმი ორჯერ ჩემპიონობისა და თასის აღების შემდეგ?
- ჩვენ არ გვაქვს პრიორიტეტების ჩამონათვალი. ჩვენთვის ყოველი ტურნირი თანაბრად მნიშვნელოვანია და ყველა მათგანში გვსურს რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გულშემატკივრებს ოცნება ვერ ავუხდინეთ და წელს ამის გამოსწორება გვინდა.
- პირადად თქვენთვის გასულ სეზონს ოპტიმალურს ვერ ვუწოდებთ. ყველა სახის ტრავმა გქონდათ და ექიმების ჩანაწერები მთელ წიგნს გაავსებდა. თქვენ იბრძოდით, მაგრამ რაღაცეები მაინც გამოგრჩათ.
- იოლი წელიწადი ნამდვილად არ მქონდა. ერთგვარი უიღბლობა დამებედა. აქამდე ტრავმა საერთოდ არ მქონია, ახლა კი, ამასთან ერთად უნდა მეცხოვრა. ამ მწარე სიტუაციით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
- მაინც რა გამოცდილებაზეა საუბარი?
- ის, რომ დრო და დრო ადამიანს და მის ორგანიზმს დასვენება ესაჭიროება. მუდამ მსურდა, რომ თამაშს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი, შედეგად, ტრავმების რაოდენობამ და სიხშირემ იმატა. აი მაშინ მივხვდი, რომ ტაიმაუტი უნდა ამეღო, ორგანიზმისთვის მესმინა, ძალიან არ მეჩქარა და მისთვის დასვენების საშუალება მიმეცა.
- თქვენმა თამაშმა გუნდს ბევრი სიკეთე მოუტანა, მაგრამ პირადად თქვენ რაღაც წაგართვათ...
- დიახ, ტრავმის გამო ბევრი გამიცდა, რაც ძალიან ცუდი იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ წელი არ დამიკარგავს. უფრო წინ წავიწიე, ვიდრე დავკარგე.
- თამაშის სტილის შეცვლაზე თუ დაფიქრებულხართ? იქნებ ღირდეს ამის გაკეთება საკუთარი უსაფრთხობის მიზნით?
- ამაზე არასდროს მიფიქრია. გასაგებია, ტრავმის საფრთხე უფრო დიდია, როდესაც ხისტ ორთაბრძოლებში შედიხარ, მაგრამ სწორედ ესაა ჩემი თამაშის სტილი. ეს რომ არ გავაკეთო, საკუთარ თავს უპირატესობა და ძალა თავადვე უნდა წავართვა. ამას თუ არ გავაკეთებ სახლში დაბრუნებულს მუდამ უკმაყოფილების გრძნობა მექნება.
- წარსულს თუ გადავხედავთ, 2 წლის წინ “დორტმუნდს” ბენდერ-შაჰინის დუეტი ყავდა, გასულ სეზონში ბენდერ-კელის. მომავალ სეზონში მსგავს კომბინაციას უნდა ველოდოთ?
- ზუსტად ჩემს პოზიციაზე მრავლად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სათამაშო ხარისხიც წარმოუდგენლად იზრდება. ეს ყველამ დაინახა: როგორც კი ტრავმას ვიღებდი, წარმატებულად მცვლიდნენ.
- გუნდი არ უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, მაგრამ უნდა იყოს სათანადოდ დაბალანსირებული. იზიარებთ ამ აზრს?
- ჩვენ გრძელი სკამი გვაქვს მაღალი ხარისხით. ყველა პოზიციაზე გვყავს ორი ფეხბურთელი. ეს ისეთი ფუფუნებაა, რომლითაც ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის.
- არის ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სვენ ბენდერი სხვა პოზიციაზე თამაშობს? ასეთი რამ თქვენმა ტყუპისცალმა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა.
- ფლანგზე მცველად ვითამაშო?
- მაგალითად...
- არა, არა, სხვა პოზიციაზე არასდროს მითამაშია. ყველაზე კარგად თავს სწორედ ჩემს პოზიციაზე ვგრძნობ.
- ორი ჩემპიონობის შემდეგ ისეთივე მონდომებული იქნებით, როგორც აქამდე?
- მთელი გუნდი მონდომებულია მხოლოდ იმ კუთხით, რომ ფეხბურთი ითამაშოს და ამით სიხარული განიცადოს. გუნდში თითოეული ადამინი სწორედ ამისკენ ისწრაფვის და ესაა უმთავრესი მოთხოვნა. თუ ვინმეს ეს არ აქვს, ის გამარჯვებისკენ სწრაფვას დაკარგავს.
- ჩემპიონობას “ბაიერნიც” მოწყურებულია...
- მათ თავისებური მიდგომა აქვთ, ჩვენ - ჩვენებური. რას გრძნობენ ბავარიელები ჩემი საქმე არაა, მე მხოლოდ ჩვენზე ვსაუბრობ, ჩვენ კი, გამარჯვება გვწყურია.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.119048