თამაშგარე

11:38 | 11.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სუზანა ვერნერის ამერიკული ოცნება

მილანის “ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარის – ჟულიო სეზარის მეუღლეს, ცნობილ ბრაზილიელ მოდელ სუზანა ვერნერს სურვილი აქვს, რომ როდესაც მისი ქმარი იტალიურ კლუბში საკუთარ თავს ამოწურავს, სათამაშოდ შეერთებულ შტატებში წავიდეს. სენიორა სუზანას თქმით, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც რამდენიმე წელი სიამოვნებით იცხოვრებდა. განსაკუთრებით კი, ლოს-ანჯელესია მისი ოცნების ქალაქი. მოდელი არ მალავს, რომ მისი პირველი შეყვარებული ამერიკელი ბიჭი იყო, რომელთანაც ნიუ-იორკში ერთი თვის მანძილზე იცხოვრა და ის პერიოდი მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაავიწყდება.
“ბრაზილიაში ბევრი გოგონა ოცნებობს, რომ თავისი სამოდელო კარიერა შეერთებულ შტატებში აიწყოს, რადგან ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ქალი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ყველაზე კარგად ახერხებს. ბევრ ულამაზეს ბრაზილიელ გოგონას ვიცნობ, რომლებიც ამერიკაში არაერთ სამოდელო სააგენტოს მოხიბლავდნენ და შესაძლებელია სამსახიობო კარიერაც კი გაეკეთებინათ, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც, სამწუხაროდ, ბრაზილიაში დღემდე დიდი პრობლემაა“ – ამბობს სუზანა ვერნერი თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში.
სანამ ჟულიო სეზარის ცოლი გახდებოდა, სუზანას მანამდე ორი ქმარი ჰყავდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი, “ფენომენად“ წოდებული ბრაზილიელი ფეხბურთელი – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო იყო. სხვათა შორის, რონალდოსა და სუზანას შორის, დღემდე თბილი და მეგობრული დამოკიდებულებაა. სუზანამ ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად, რონალდოს ფეხბურთიდან გაცილების აღსანიშნავ ბანკეტშიც კი მიიღო მონაწილეობა, რომელიც რიო დე-ჟანერიოში გაიმართა.

0.148825