ძიუდო

21:19 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ სიურპრიზით გაგრძელებული სიურპრიზი

 

საქართველოს იუნიორ ძიუდოისტთა ნაკრების წევრ მზია ბებოშვილის (48 კგ) მიერ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული ბრინჯაო, მხოლოდ ერთი დღით იყო ქართველი გოგონების მიერ ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული საუკეთესო შედეგი. დღეს, ევროკვარცხლბეკზე მეორე ქართველი გოგონა ავიდა და რაც მთავარია, თამასა უმაღლეს წერტილამდე ასწია – მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მაჩხაანელმა ძიუდოისტმა, ოქროს გზა ისე გაიარა, არც ერთი მოწინააღმდეგისთვის პატარა შანსიც კი არ დაუტოვებია. ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო. შეჯიბრებაში ჯანაშვილი მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც თურქი დამლა ჩალისკანი ჯერ ორჯერ დააგდო იუკოზე. შემდეგ კი ეფექტური გდებაც შეუსრულა. ჰოლანდიელ ჯული კემინკსაც იპონით გასცდა და მასაც ორი იუკო აუღო სუფთად ძლევამდე. ნახევარფინალში, რუმინელ ტეოდორა ბალასოუს, სულ რაღაც 24 წამში მოუმთავრა საქმე. საჩემპიონო გამარჯვება კი, ორი ერთმანეთზე ლამაზი ვაზარად შეფასებული გდებით მოიპოვა, ჰოლანდიელ ფლორ დენ დეკერთან.

დღესვე, მედალი კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა. ვაჟთა ნაკრების წევრები, კობა მჭედლიშვილი (66 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

მჭედლიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, სერბ სტრაინია ბუნჩიჩთან ვაზარით წაგებით. იქამდე, ფინელი აკუ ლააკონენის, ავსტრიელი კრისტოფერ ვაგნერისა და ბელარუსი ვლადიმირ სტრიჟნიუს იპონ-იპონ ძლევა დამარცხება მოასწრო. რეპეშაჟში კი უკრაინელ არტემ პლიევსა და ბოსნიაჰერცეგოვინელ პეტარ ზადროს თითო ვაზარით აჯობა.

კირაკოზაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ვასილიოს ბალამპანაშვილისთვის შესრულებული ლამაზი იპონით გახსნა. ფინელ ოსკარ ტვაურსაც საფინალო სირენამდე მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოჭიდავე რუსლან გოდიზოვთან გაფრთხილებით წააგო და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო, სადაც ჯერ რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრზე, ზაურ რამაზანოვზე იპონით იყარა გოდიზოვის ჯავრი, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში, გერმანელ ტიმ გრამკოფს 43 წამში დაასრულებინა საპრიზო სამეულზე ოცნება.

ევროპის ჩემპიონატში სიმონ მამარდაშვილი (66 კგ), გურანდა შოთაძე (52 კგ) და მარი ჯანაშვილის და ხატია (63 კგ) ჩაერთნენ. მამულაშვილმა და ჯანაშვილმა მეოთხედფინალამდე მისვლა ვერ შეძლეს და სამივე სინჯის მედლის მოპოვების შანსიც უმალ დაკარგეს. შოთაძემ კი დამამშვიდებელ ეტაპზეც იჭიდავა, ოღონდ იქ ვეღარას გახდა ფინელ ემილია კანერვასთან და საბოლოოდ, მე-7 ადგილს დასჯერდა, რითაც გუნდს საერთო ჩათვლისთვის საჭირო ქულა მაინც მოუტანა. რეპეშაჟში გადასვლამდე გურანდა შოთაძემ ბელარუსი კსენია ბუზკო და უნგრელი ლუსა პოლგარი დაამარცხა და მეოთხედფინალში ებრაელ ინბალ შემეშთან წააგო.

ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, გოგონებში – 70 და +70-ში. საქართველოს სახელით კი გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90 კგ) და ჯაბა მუმლაძე (+90 კგ) იჭიდავებენ.

0.16009