გულშემატკივრის სვეტი

12:54 | 27.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

სულ სხვა პრემიერლიგა

ჭეშმარიტად დიდი ბედნიერებაა, როდესაც ფეხბურეთი გიყვარს და მანჩესტერში, ევროპული მასშტაბებით ამ პატარა ქალაქში ცხოვრობ. არა აქვს მნიშვნელობა, ”ქალაქელებს” გულშემატკივრობ თუ ”ეშმაკებს”, თუკი ნამდვილი მანჩესტერელი ხარ, შენი ქალაქის დერბი განსაკუთრებულად უნდა გაღელვებდეს. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ”სიტიმ” წამოიწია, მხრები შეიფერთხა და ახლა უკვე პრემიერლიგის სათავეშია მოქცეული. გასულ კვირას ”ოლდ ტრაფორდზე” დიდი ამბები იყო. ვინ იფიქრებდა, რომ რობერტო მანჩინის საწმყსო ფერგიუსონის ბიჭებს მათსავე სტადიონზე ასე თავისმომჭრელად დაამარცხებდა და ასაკოვან ”ფერგის” სიბერეს ასე ჩაუმწარებდა. მით უმეტეს, რომ რობერტო მანჩინიმ, გაცვეთილმა იტალიელმა, თამაშის წინ, ”იუნაიტედის” მწვრთნელს ფაქტობრივად ოდა უმღერა, თავის მასწავლებლად დაასახელა და თქვა, რომ ბედნიერი იქნება, თუკი მისი გუნდი ”ოცნებების თეატრში” ფრეს მაინც გამოჰკრავდა ხელს. მანჩინის იტალიური ეშმაკობა განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებზე გამოჩნდა, როდესაც თავის გუნდს ისედაც დაბნეული და აბურდულ-დაბურდული ”მანჩესტერ იუნაიტედის” მიწასთან გასწორებისაკენ მოუწოდა და დავიდ დე ხეას კარში მეხუთე და მეექვსე გოლების გასვლის შემდეგაც კი, დონ რობერტო ისეთ მალაყებს გადადიოდა, აშკარად გამოჩნდა მისი დაუნდობელი და ცბიერი ბუნება. ასეთი ბუნება, რასაკვირველია, ჭეშმარიტად დიდ მწვრთნელებს აქვთ და რობერტომ ამ “სიდიადისაკენ” უკვე მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ”იუნაიტედმა” თავის მარადიულ მტერთან გულისმომკვლელი ანგარიშით, 1:6 წააგო, სერ ალექსს პირველი ქვა, მოდით, იმან ესროლოს, ვინც მასზე უკეთ ერკვევა ფეხბურთის ავან-ჩავანში და ვინც მასზე უკეთ იცის, ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან გუნდის გამოყვანის ხერხები. ახლა კი, მანჩესტერის ერთი ნაწილი დაბეჩავებული, თავზარდაცემული და გულმოკლულია, მეორე ნაწილში კი ესოდენ მივიწყებული ზეიმი დაბრუნდა. ბოლო წლების მანძილზე ხომ, ”იუნაიტედს” ”სიტი” სულ ფეხქვეშ ჰყავდა გათელილი და პერიოდულად უშრობდა სისხლს. ახლა კი, “სიტის” გალაღებისა და ზეიმის დრო დადგა.
როდესაც მანჩესტერული დერბი დასრულდა და ჟურნალისტები ორივე გუნდის ფეხბურთელებს მატჩისშემდგომი კომენტარების ჩასაწერად დაესივნენ, ”ფერგის” შეგირდების უმეტესობამ ჟურნალისტებისაგან სასწრაფოდ გაცლა არჩია, ყურებამდე გაღიმებულმა  ”ქალაქელებმა” კი პირი მოაღეს და სულ ”პოლიქრონიენ-პოლიქრონიენ” უმღერეს თავიანთი გუნდის აპენინელ მწვრთნელსა და აზიელ მფლობელებს. მათი საუბრიდან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი იქნებოდა, დიეგო მარადონას სიძეს, არგენტინელ კუნ აგუეროს მისთვის ჩვეული ირონიით რომ არ ეთქვა: ”როგორც იცით, ”ოლდ ტრაფორდს” მეორენაირად “ოცნებების თეატრსაც” უწოდებენ. თეატრი კი იმის თეატრია, რომ იქ ხან დრამა იდგმება და ხან კომედია. კომედიების დრო დამთავრდა, ახლა ”იუნაიტედის” გულშემატკივრებმა დრამები უნდა ნახონ”. აბა, ახლა კიდევ ასეთი სიტყვები უნდა ბებერ ფერგიუსონს, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი საფიქრალი აქვს შემოჯარული და ტვინს იცხელებს გამოსავლის ძიებაში. მისმა გუნდმა, გარდა იმისა, რომ მომტერე გუნდთან პრინციპული მატჩი წააგო, ამ შეხვედრას ხომ წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ”იუნაიტედს” თანაქალაქელებმა უკანასკნელი მოგების შემდეგ უკვე ოთხი ქულით გაასწრეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერია გარკვეული, და პრემიერლიგის ფინიშამდე დიდი დროა, ”სიტის” ინგლისის პირველობაში ისეთი სტარტი აქვს აღებული, (რასაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიტყვით) რომ მისი შეჩერება საკმაოდ ძნელი იქნება. ისე კი, ნეიტრალური ქომაგები ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ინგლისის პრემიერლიგა, წლევანდელივით საინტერესო და დამაინტრიგებელი კარგა ხანია არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ”არსენალისა” და ”ლივერპულის” საჩემპიონო ამბიციები გაფერმკრთალდა და ეს ორი გუნდი შესამჩნევად დასუსტდა, პრემიერლიგას ჩემპიონობის მაძიებელი რეალურად ორი გუნდი - ”ჩელსი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” შემორჩა. რასაკვირველია, ცალკეულ შემთხვევებში საინტერესოდ ”ტოტენჰემი”, ”ევერტონი” და სხვა კლუბებიც გამოიყურებოდნენ, მაგრამ ჩემპიონობისაკენ ხელის გაწვდენას ბოლო პერიოდში ხსენებული ორი გუნდის გარდა, სხვა ვერავინ ახერხებდა. ახლა კი, ნავთობის ფულით წელში გამართული “სიტი” გამოხტა და სულ სხვა ინტრიგა მიეცა ბრიტანეთის უპირველეს ჩემპიონატს. ახლა ის დროა, როცა ეშმაკი მანჩინი ქირქილებს, ფერგიუსონი ტვინს იცხელებს, ვილაშ-ბოაში იბოღმება, ვენგერი მზაკვრულ გეგმებს აწყობს... ჩვენ კი, მეტი არც არაფერი გვინდა, რადგან წინ დიდი, ძალიან დიდი მატჩები გველის...

ლევან სეფისკვერაძე     



 

0.116687