სულ რამდენიმე დღეც და ბრაზილიაში ყველა ჩვენთაგანისათვის ესოდენ ნანატრი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. თუმცა “ყველა ჩვენაგანისთვისო“ რომ ვამბობ რა თქმა უნდა, არ ვარ მართალი, რადგან შიგ მუნდიალის გულისგულში, ბრაზილიაშიც კი ამ ჩემპიონატს იმდენი მოწინააღმდეგე და მომტერნე ჰყოლია, სიმართლე რომ გითხრათ მათმა სიმრავლემ ძალიან გამაკვირვა.
რა თქმა უნდა არაფერია გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ ბრაზილიაშიც (ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში) გამოიძებნებიან ფეხბურთის ქრონიკულად მოძულე ადამიანთა ჯგუფები და არც ისაა გასაკვირი, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ არ გაუწიეს სოლიდარობა ფეხბურთზე გადარეულ თანამემამულეებს და უარესი – ბრაზილიაში მუნდიალის არჩატარებაც კი მოითხოვეს.
ასევე არავის გვიკვირს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის, გარემოს დაცვის და სხვადასხვა განსხვავებული მოტივებით გააპროტესტებენ მსოფლიოს ჩემპიონატს, მაგრამ რაკი ეს მუნდიალი ბრაზილიაში ტარდება და რაკი ყველა ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ბრაზილია ფეხბურთით სუნთქავს და არსებობს, დაუჯერებელი იყო ამ ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათეულათასობით დემონსტრანტის ხილვა, რომლებიც ერთადერთ რამეს – მუნდიალის ბრაზილიაში არჩატარებას მოითხოვდნენ.
ყველას თავისი გზა და თავისი აზრი აქვს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაითავლისწინა ამ ხალხის მოთხოვნები და მუნდიალი მართლაც არ ჩაატარა, გასაფიქრებლადაც კი ძნელია რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს ბრაზილიური ფეხბურთი. ტურინირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღონისიებაის მასპინძლობაზე უარის თქმა ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ფიფადან გარიცხვას რომ გამოიწვევს – ეს ცხადზე ცხადია. ამას გარდა, ბრაზილიას როგორც საფეხბურთო ქვეყანას ისეთი ჯარიმები და შეზღუდვები დაუწესდება, მტერსა და ავს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გამოიწვევს მილიონობით ბრაზილიელი გულშემატკივრის (რომლებიც ყველაზე დიდი მუღამითა და ემოციით ელიან მუნდიალის აწყებას) გაცოფებას და ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ ამ ეკონომიკური განვითარების გზაზე შემდგარ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ. და ეს ყველაფერი რის გამო? მხოლოდ იმიტომ, რომ მავანთ ფეხბურთი არ ეპიტნავებათ. ჩვენ ბოდიში...
ზემოთ აღწერილობანი რასაკვირველია მხოლოდ თეორიაა და ყველას გვჯერა, რომ ბრაზილიაში დიდი მუნდიალი კოხტადაც დაიწყება და ლამაზადაც დასრულდება. უფრო მეტსაც ვიტყვი – ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობემ, რომ ეს მუნდიალი აქამდე ჩატარებულთა შორის საუკეთესო შეიძლება იყოს და ამ საამური ვარაუდის მიზეზს პირველ რიგში სწორედ ის მაძლევს, რომ ჩემპიონატი უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაში – ბრაზილიაში იმართება, სადაც ფეხბურთის სიყვარული ნამდვილად არ ეშლებათ.
მაგრამ, ჩვენი ბედოვლათებისა არ იყოს, თურმე ბრაზილიაშიც ბევრი არამკითხე და სხვისი სიხარულით გუნებამოშხამებულს უცხოვრია, თორემ ნამდვილად არა არის რთული, რომ თუკი ადამიანს ფეხბურთი არ გიყვარს, სოლიდარულად და ჯიგრულად მაინც გაუგო სხვებს და თავს არ მოახვიო შენი მანიაკალური ზიზღი მათ მაშინ, როცა თავს ყველაზე ბედნიერად იგრძნობენ.
დავანებოთ თავი არამკითხეებს. მუნდიალი მოახლოვდა ძმანო! მთავარი ხომ სწორედ ესაა!