ევროპის სხვადასხვა ალაგიდან გლოვისა და ვაი-ვიშის ხმები მოისმის. ძაძებითაა შემოსილი მთელი ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ბოსნია და პორტუგალია. ამბობენ, სხვა ევროპელთა დედებიც მალე ჩაიცვამენ შავსო. პატარა ამბავი ხომ არაა, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ ნორმალურად გახურებულიც კი არაა და ევროპის ისეთი გრანდები ბრუნდებიან სახლში პირშერცხვენილები – წინათ მამალ ბუს რომ არ ისვამდნენ თავზე.
იტალიაში პიცების ბიზნესი ჩავარდა და ხალხი პურზე და წყალზეა გადასული თვითგვემის ამბავში. ინგლისელი ქომაგების ცრემლისგან ტემზა ადიდდა და მთელი ბრიტთა კუნძული დატბორა. პორტუგალიელები და ესპანელები დარდსა და ვარამს ღვინის სმით იკლავენ და მათი დარდით შეჭმუხნული შუბლები გულს უფორიაქებს მნახველთ. აბა ეს საქმეა? აბა ამ კაეშანს დაძლევა არ უნდა?
აწი ვინღა ჩაჯდება დაცვაში და გაუმწარებს სულს მოწინააღმდეგე გუნდების თავდამსხმელებს? ვინღა გაათამაშებს ცენტრში ბურთს და ჭეშმარიტი მინი-ფეხბურთის სტილში მოკლე-მოკლე პასებით გაიჯეჯილებს? ვიღას ეყოლება წვერმოშვებული ბებერი მეპასე, რომელიც გულში ჩამწვდომად იმზირება? სადღა ვნახავთ სხვა წითურ ბიჭს, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში ციბრუტივით ტრიალებს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის? სხვა ვის დანახვაზე შეუღონდებათ გული გოგონებს და სხვა ვინ წაისვამს თავზე მთელს ქილა ბრიოლინს? აწი ვინღა გამოყოფს გრძელ ფეხს საჯარიმოში მდგომი 20 კაციდან და მუნდიალზე ყველაზე მახინჯ გოლს გაიტანს? ეჰ, ყველანი მარცხის შვილები ვართ ძმანო ჩვენნო...
კარგი და ძლიერი გუნდების მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნა ფეხბურთისათვის რა თქმა უნდა სულაც არაა კარგი, მაგრამ რაკი ამბობენ ”მედალს ორი მხარე აქვსო”, მოდით ჩვენც ამ ამბავს მეორე მხრიდან შევხედოთ. პირველ რიგში კარგი ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შექმნილი ფსევდოქომაგთა ჭყვიტინა კლუბები ნაკლებად გაბურღავენ ტვინს და ფეხბურთის ინჩი-ბინჩის არმცოდნე ე.წ. ცნობად სახეებსაც ნაკლებად ვიხილავთ. ნაკლები იქნება პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები სხვადასხვა ბარებიდან თუ რესტორნებიდან, სადაც ფესვდოგულშემატკივრები სხვადასხვა ნაკრებების სახელებს ბღავიან და დარწმუნებული ვარ მათგან უმეტესობა “საყვარელი” ნაკრების ხუთ ფეხბურთელსაც კი ვერ ჩამოთვლის.
მაგრამ ის როგორი ასატანია, რომ იტალია, პორტუგალია, ესპანეთი და ინგლისი მუნდიალის მიღმა დარჩნენენ და მერვედფინალში საბერძნეთის ნაკრები გავიდა? ამ ქვეყანას და ბერძენ ხალხს არაფერს ვერჩით, მაგრამ საბერძნეთის ნაკრები მის მიერ ნათამაშები ანტიფეხბურთის გამო რატომ იმსახურებდა მერვედფინალში გასვლას – მაგას ალბათ ვერასოდეს მივხვდები. ღრენია და კბენია ლუის სუარესზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ბიჭი როგორც ფეხბურთელი მართლაც მრავლიშემძლეა. საბერძნეთის შემდეგ ეტაპზე გასვლასთან შედარებით სუარესის სიგიჟე ბეთხოვენის სიმფონიად მოეჩვენება ადამიანს. ეს მუნდიალი შემდგომი ათწლეულების მანძილზე ხალხს უკვე ორი რამით ნამდვილად დაამახსოვრდება – ევროპელების ვაებითა და კბენია სუარესით. მართლაც უცნაური დასაწყისია...
ფესვგაუხმობლად დამკვიდრებული ქართული საგაზეთო ნეკროლოგების სტილი რომ გავიხსენოთ, მუნდიალიდან გამოვარდნილი ევროპული გუნდების ნეკროლოგები ასე უნდა დაიწყოს: ”მწარე და გულშემაღონებელი იყო თქვენთვის ეს ზაფხული. რამხელა იმედები და მოლოდინები გვქონდა თქვენგან მაგრამ ო, რა უცაბედად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი ბრაზილიური სტადიონების ფხვიერი მიწა!”.