ინტერვიუები

10:34 | 26.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდი: “კენჭისყრით კმაყოფილი ვარ”

სტივენ ჯერარდი ინგლისის “ოქროს თაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელია. მის გარდა დღეს ინგლისის ნაკრებში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი, უეინ რუნი და დევიდ ბექჰემი. ასეთი მოთამაშეებით კაპელოს მიერ გაწვრთნილ გუნდს აქვს შანსი 1966 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.
სტივენ ჯერარადს “ლივერპულთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი. თუმცა მერსისაიდელთა კაპიტანს სანაკრებო დონის წარმატებები სწყურია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისმა რეკორდთან მიახლოებული შედეგით – 10 თამაშიდან 9 მოგება – დაასრულა.
ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯერარდი საუბრობს გერმანიის 2006 წლის სამუნდიალო გამოცდილებაზე, თერთმეტმეტრიანის შესრულების პასუხიმსგებლობაზე და ჯგუფში ინგლისის მეტოქეებზე.
- სტივენ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, პორტუგალიელებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დარტყმა გააფუჭეთ. რა გაკვეთილი მიიღეთ ამ შემთხვევისგან?
- ვერგამოყენებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ვარჯიშებზე ამ კომპონენტის დახვეწას უფრო მეტ დროს ვუთმობ. 2006 წელს თერთმეტმეტრიანის სერიის შემდეგ ვგრძნობდი, რომ დარტყმის შესრულების დროს უფრო მეტი დრო უნდა გამომეყენებინა. შემდგომში ამ შეცდომას გამოვასწორებ.
- რა აზრი გიტრიალებდათ თავში, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიხვედით?
- ამ დროს ძალზე დიდ ზეწოლას განიცდი, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა სიტუაციის კონტროლირება. 2006 წელს ეს ვერ მოვახერხე და თუ კიდევ მომეცა თერთმეტმეტრიანის შესრულების შანსი, ვეცდები ზეწოლას უკეთ გავუმკლავდე. მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდება ვარჯიშზე თერთმეტმეტრიანის შესრულება და პენალტების სერიაში დარტყმა. პირველი მათგანის დროს დიდ პასუხისმგებლობას არ გრძნობ. როდესაც გადამწყვეტ დარტყმას ასრულებ, იცი, რომ შენი ნაკრების ყველა გულშემატკივარი გიყურებს, ხარ დაღლილი და უნდა გაუმკლავდე ამხელა ზეწოლას. ასეთ დროს შეიძლება დაუშვა შეცდომა. სწორედ ასე მომივიდა 2006 წელს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ თერთმეტმეტრიანების დროს დაღლილი ხარ. რა ხდება დამატებითი ტაიმების დროს? როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში ხარ და რას ფიქრობ ასეთ დროს?
- დამატებით ტაიმებში უკვე ძალიან დაღლილი ხარ. რბენისთვის საჭირო ენერგია აღარ გაქვს, გსურს მალევე დასრულდეს მატჩი, მაგრამ გმართებს თამაშზე კონცენტრირება. ამის გაკეთება ძალზე ძნელია, რადგან ასეთ დონეზე საკმაოდ სწრაფი თამაში მიდის. დამატებითი ტაიმების დროს ხშირია შეცდომები.
- ვისაუბროთ 2010 წლის ჩემპიონატზე. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე უკეთ საკვალიფიკაციო ეტაპიდან?
- ცალკეულ მოვლენას ვერ გამოვყოფ. თუ მთლიანობაში ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოვაყალიბეთ და რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კვლავ განვაგრძობთ პროგრესირებას.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება ფაბიო კაპელოსთვის პირველი მუნდიალი?
- მან გუნდს ბევრი რამ შესძინა. კაპელო ბუნებით გამარჯვებულია. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს და კვლავ სიამოვნებას იღებს წარმატების მიღწევით. თავის გამარჯვებულის მენტალიტეტს იგი გუნდის დანარჩენ წევრებს გადასდებს. იმედი ვიქონიოთ, მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენი გუნდი კარგ კონდიციებში შეხვდება.
- რა მოვალეობა გაკისრიათ ნაკრებში? რას ითხოვს მწვრთნელი თქვენგან?
- კაპელო თავისუფლებას მანიჭებს. მას სურს, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო. თავიდან მან მარცხენა ფლანგზე დამაყენა, მაგრამ შემდეგ არ ისურვა ერთ პოზიციაზე მეთამაშა. კაპელოს მითითებაა ვითამაშო თავისუფლად და ვიყო იქ, სადაც ჩემი ყოფნა მეტოქეს არ სურს.
- “ლივერპულში” კაპიტანი ხართ, ნაკრებში - ვიცე-კაპიტანი. რა განსხვავებაა კაპიტნობასა და უბრალო ფეხბურთელობას შორის? კაპიტნობის დროს შენზე უფრო მეტი ზეწოლაა?
- არა, ორივე მდგომარეობა იდენტურია. როდესაც ნაკრებში ვთამაშობ და კაპიტანი არ ვარ, ისევე ვმოქმედებ, როგორც “ლივერპულში” კაპიტნობის დროს. მიუხედავად ამისა, კაპიტნობა სიამოვნება და პრივილეგიაა.
- არაერთი ადამიანი თვლის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ჯგუფი შეხვდა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილნი დავრჩით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ, მაგრამ მეტოქეებს პატივი უნდა ვცეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრილმა ყველა გუნდმა მიზნის მისაღწევად წარმატებული გზა გაიარა და ჩვენი ჯგუფის წევრები (ალჟირი, სლოვენია და აშშ) მოწოდებულნი იქნებიან ინგლისის დასამარცხებლად.
- ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში თამაშობს პრემიერლიგის გუნდებში მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად “ჰალ სიტის” მოთამაშე, ჟოზი ალტიდორე. რას გვეტყვით მის შესახებ?
- იგი ძლიერი ცენტრფორვარდია. მას უყვარს, როდესაც თავისი სიმაღლის და ფიზიკური ძალის წყალობით მცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ასე რომ, ჩვენი გუნდის მცველებს მის შესაჩერებლად კარგად თამაში მართებთ. ინგლისს შესანიშნავი დაცვა ჰყავს, მაგრამ ალტიდორეს არ უნდა მივცეთ მისთვის საჭირო დრო და სივრცე.
- რომელი ფეხბურთელების თამაში მოგწონდათ ყველა მეტად, როდესაც პატარა ბიჭი იყავით და მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს ადევნებდით თვალს?
- ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არის ზინედინ ზიდანი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი. იგი ასრულებდა შესანიშნავ მოძრაობებს, ბრწყინვალედ ფლობდა ბურთს და აკეთებდა ძალზე კარგ გადაცემებს. მისგან ძალზე ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. ზიდანი ნამდვილი გენიოსია. ინგლისის ნაკრებიდან გამოვარჩევ გაზას (პოლ გასკოინი). მიყვარს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელების თამაშის ყურება, გაზა კი სწორედ ასეთი იყო.
- პოლ გასკოინი 1990 წლის მუნდიალზე გარი ლინეკერის მხარდამხარ თამაშობდა. ამ უკანასკნელმა მექსიკის 1986 წლის მუნდიალზე გატანილი 6 გოლის გამო “ოქროს ბუცი” დაიმსახურა. რას გვეტყვით ამ ფეხბურთელზე და მის სათამაშო სტილზე?
- მისი სათამაშო სტილი იყო გოლების გატანა. იგი კარის წინ ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევდა და ბევრი გოლი გაჰქონდა. პირადად ჩემთვის, გარი ლინეკერი ლეგენდაა. მას ყველამ დიდი პატივი უნდა ვცეთ, რადგან ფეხბურთში ყველაზე რთული გოლის გატანაა, იგი კი ამას წარმატებით ახერხებდა.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.11924