ინტერვიუები

10:53 | 11.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდი: “კაპიტნის სამკლავურს არაფერზე გავცვლი”

გასულ შაბათს მოედანზე გასვლით, სტივენ ჯერარდმა “ლივერპულის” მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 500-მდე დაამრგვალა, რის შემდეგაც, შთაბეჭდილებები მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს გაუზიარა.
- “ლივერპულის” მაისურით უკვე 500 შეხვედრაში ითამაშე. როგორ გრძნობ თავს ასეთი იუბილის შემდეგ?
- ადრე არასდროს ვფიქრობდი ასეთ მიღწევებზე. ახალგაზრდობაში იმითიც ბედნიერი ვიყავი, რომ “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება მეძლეოდა. კლუბში 500 მატჩის ჩატარება ჩემთვის ძალიან საამაყოა.
- როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი მოხვედი კლუბში, რას ფიქრობდი, რამდენის მიღწევა შეგეძლო?
- აქ მოსვლის დროს მხოლოდ 8 წლის ვიყავი. ასეთ ასაკში რთულია კონკრეტული მიზნების დასახვა. მაგრამ მწვრთნელები ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ მათ ჩემი თამაში ძალიან აკმაყოფილებდათ და სურდათ კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყავი. ძირითად გუნდში მოხვედრაზე ფიქრი 14-15 წლის ასაკში დავიწყე. მაგრამ მაშინაც კი ვერ ვიფიქრებდი, ამდენს თუ მივაღწევდი.
- მთელი ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად არაერთი სასიამოვნო წუთი გაატარე. რომელი მათგანი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- მას შემდეგ, რაც კაპიტანი გავხდი, ასეთი მომენტი არაერთი მქონია, რადგან ყოველი თასის თავს ზემოთ აღმართვა მიწევდა. “ლივერპულთან” ერთად მოვიგე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასი. მაგრამ თუ ერთი კონკრეტულის გამოყოფა იქნება საჭირო, რა თქმა უნდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ავირჩევ. წარმოუდგენელია იმის ახსნა, თუ რას განიცდი, როდესაც “ლივერპულის” მაისურით ჩემპიონთა ლიგას იგებ. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის, რადგან სწორედ ამ კლუბში გავიზარდე და ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი. ყოველთვის, როდესაც მოგებული მატჩის შემდეგ ავტობუსში ვჯდებოდი, თავს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი. მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს განუხორციელებელი მიზნები და მსურს კარიერის დასასრულამდე ყველა ოცნების ასრულება მოვახერხო. პირველ გუნდში 11 წელიწადზე მეტია რაც ვთამაშობ და ჩემი ასაკი უკვე მიუახლოვდა 30 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცნებების ასასრულებლად ცოტა დრო, 4-5 წელი მრჩება.
- გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ახსოვთ შენი სახე იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასს თავს ზემოთ წევდი. ამდენი ხნის გასვლის შემდეგ რა განცდა გეუფლება, როდესაც ამ მომენტის ამსახველ ფოტოს უყურებ?
- მსურს იგივე შეგრძნება კიდევ განვიცადო. იმ საღამოს მიღებული გამოცდილება, მოგებით გამოწვეული ემოცია, რომელიც კლუბის თითოეულმა წევრმა გამოსცადა, პარტნიორების სახეზე აღბეჭდილი სიამოვნება – ეს ყველაფერი ერთი მთლიანი სურათია, რომლის აღწერაც ძალზე რთულია. ეს რაღაც დაუჯერებელი იყო და იგივეს გამეორებაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია.
- როგორც ამბობენ, გუნდის დანარჩენ წევრებზე გავლენა ყოველთვის გაქვს. ასეთი თამაშების დროს მატულობს შენი გავლენა?
- რა თქმა უნდა, ამ მატჩში კარგად ვითამაშე და ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისთვის. ისევე, როგორც ინგლისის თასის ფინალი, ეს შეხვედრაც განსაკუთრებული იყო. ეს მატჩები ჩვენ გულშემატკივრებისთვის მოვიგეთ. რა თქმა უნდა, კიდევ იყო რამდენიმე შეხვედრა, რომელიც გუნდმა ჩემი ძალისხმევით მოიგო, მაგრამ არ მიყვარს ცალკეული ფეხბურთელების გამოყოფა. თამაშის მოსაგებად ყველა მოთამაშის ძალისხმევაა საჭირო.
- შენს კარიერაში იყო ასევე რთული პერიოდებიც. რომელ მათგანს მიიჩნევ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად?
- განსაკუთრებით ცუდად მახსენდება ის მატჩები, რომლებშიც წითელი ბარათი მივიღე. როდესაც ბურთის ართმევის დროს წარუმატებლად ვთამაშობდი და გუნდს კაცნაკლულს ვტოვებდი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ასევე იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც გუნდს ტრავმის გამო ვერ ვეხმარებოდი. ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი ტრავმის მიღებაა, მაგრამ მოედნიდან გაძევება და გუნდის განსაცდელში მიტოვებაც უსიამოვნოა. ასევე ცუდია, როდესაც რომელიმე ტურნირში ვერ მონაწილეობ, ან მარცხდები.
- ასეთი მომენტების შემდეგ ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გაძლიერდი?
- დიახ. ვფიქრობ, როდესაც რაიმე სირთულეს დაძლევ, ეს წარუმატებლობა აქტივში უნდა ჩაიწერო და არა პასივში. ზოგჯერ ეს ყველაფერი გეხმარება სწორ გზაზე დადგომაში და წარმატების მიღწევაში. სწორედ ასე ვუდგები ამ საკითხს.
- რამდენად შეიცვალე “ლივერპულში” ჩატარებული 500 მატჩის განმავლობაში?
- რთული სათქმელია. ვთვლი, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო მომწიფებული ვარ. უსარგებლო ვარდნებს აღარ ვაკეთებ და სულელურ გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ. რა თქმა უნდა, გარკვეულ შეცდომებს ვუშვებ, ისევე, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი და ადამიანი, მაგრამ ვთვლი, რომ მათი მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხე. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ასაკში გავხდი გუნდის კაპიტანი, დამეხმარა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ სპორტული და ადამიანური თვალსაზრისით ზრდაში. ვცდილობ ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე იმისათვის, რომ უკეთესი გავხდე.
- იქცა თუ არა კაპიტნის სამკლავურის მორგება შენს კარიერაში გარდამტეხ მომენტად?
- დიახ, და არამარტო საფეხბურთო კარიერაში. იმ მომენტის შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. როდესაც ხარ მხოლოდ 23 წლის და “ლივერპულის” კაპიტნის სამკლავურს განდობენ, შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. კაპიტნად გახდომის შემდეგ მივხვდი, რომ ხალხი სხვა თვალით შემომხედავდა როგორც მოედანზე ყოფნისას, ასევე მის გარეთაც. ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი კაპიტნის სამკალვურზე. ვიცოდი მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დღეს კი შემიძლია გითხრთ, რომ მას არაფერზე გავცვლი.
- რას გრძნობ, როდესაც “ლივერპულის” ლეგენდას გიწოდებენ?
- ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის ლეგენდის წოდება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც იგი კარიერას დაასრულებს. ზოგიერთი ლეგენდას იმიტომ მიწოდებს, რომ უბრალოდ მათი საყვარელი ფეხბურთელი ვარ. საკუთარ თავს ლეგენდებს ვერ მივაწერ. ასეთი ფეხბურთელები იყვნენ, მაგალითად, კენი დალგლიში, იან რაში და ალან ჰანსენი. მათ მართლაც დაიმსახურეს ლეგენდარულ ფეხბურთელის წოდება. იმედი მაქვს, ერთხელაც, გავიხსენებ რა ჩემს მიღწევებს, ამ სიაში საკუთარ თავსაც შევიყვან.
- ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე?
-არაერთმა ადამიანმა. მოედანს გარეთ რა თქმა უნდა მშობლებმა. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერც მეგობრების დახმარების გარეშე მივაღწევდი წარმატებას. მოხარული ვარ, რომ ჩემს გარშემო მხოლოდ კარგი ადამიანები არიან.
- როგორ შეაფასებ შენს დამოკიდებულბას გულშემატკივრებთან და როგორ შეიცვალნენ ისინი ამ 500 მატჩის განმავლობაში?
- შესაძლოა, გულშემატკვირები თავდაპირველად გაკვირვებულნი დარჩნენ მას შემდეგ, რაც პირველ გუნდში მიხილეს, რადგან ჩემს შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. მითუმეტეს, რომ ბავშვობაში ხშირად ვიღებდი ტრავმებს და ახალგაზრდულ გუნდებშიც ვერ ვახერხებდი ფეხის მყარად მოკიდებას. გარდა ამისა, იმ დროს ყველა ლაპარაკობდა მაიკლ ოუენზე, რომელიც ჩემი თანატოლია და გაცილებით წარმატებით ასპარეზობდა. მაგრამ ვთვლი, რომ გულშემატკივრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მოედანზე ყოფნის დროს ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და ეს დამატებით სტიმულს მძენდა. როგორც მოგების, ასევე წაგების დროს, იგივეს ვგრძნობდი, რასაც ისინი. ვფიქრობ ისინი ხედავდნენ, რომ მსურდა მიმეღწია იმისთვის, რაც მათ სურდათ და ამის გამო ყოველთვის მიჭერდნენ მხარს.
- “ლივერპულში” ასპარეზობის დროს მოიგე ფაქტობრივად ყველაფერი ერთის გარდა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის პრემიერლიგის მოგება?
- ინგლისის ჩემპიონობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს! სამწუხაროა, რომ მისი მოგება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. ორჯერ ძალზე ახლოს ვიყავი მიზნის მიღწევასთან. წლევანდელი მდგომარეობით არ შეიძლება გულდაწყვეტილნი არ ვიყოთ, რადგან ამ სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებას ვაპირებდით. პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში განვაგრძობ. ამ ჯილდოს მოგება კარიერის შესანიშნავი დასრულება იქნებოდა.
- რამდენად მნიშვნელოვანია “ლივერპულიდან” მისი კაპიტნის რანგში წასვლა?
- შესანიშნავი იქნება, თუ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც კლუბის კაპიტანი ვიქნები. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ კაპიტნის სამკლავურის ტარებას, მაგრამ თუ “ლივერპულმა” პრემიერლიგა მოიგო, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ თასს თავს ზემოთ მაინც ავწევ, თუნდაც უბრალო ფეხბურთელის რანგში.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.117214