“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი, ბოლოხანს ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს, თუმცა, ენფილდელთა “რვიანმა”, Daily Mail-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ ქირურგიული ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო “ლივერპული” პრემიერლიგაში მხოლოდ საჩემპიონთალიგო საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
- სტივ, როგორი იმედით ელით ახალი სეზონის დაწყებას?
- გულშემატკივრებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არ აწყობთ. ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ “ლივერპულის” მთავარი მაწვრთნელის პოსტზე კენი დალგლიშის დაბრუნებას. “კინგ კენის” ადრეულ წლებში, როგორც მოთამაშის, ასევე დამრიგებლის რანგში გუნდისთვის ბევრი რამ გაუკეთებია და მისი იმედი ნებისმიერ ჩვენთაგანს ამჯერადაც აქვს. ცხადია, “ლივერპულის” ტრადიციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინავე პოზიციაზე ყოფნა დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ სადღეისოდ, ჩვენ ერთგულ ქომაგებს კონკრეტულს ვერაფერს დავპირდები. მით უმეტეს, პრემიერლიგის სტარტამდე საკმაო დროა დარჩენილი და მოვლენები სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დალგლიშს რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერის განხორციელება სურს, ამიტომაც, დაველოდოთ გუნდის საბოლოო დაკომპლექტებას და უფრო კონკრეტულად შემდგომ ვისაუბროთ.
- დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი მერსისაიდელ ფანებს არ დააკმაყოფილებს. ისინი “ლივერპულის” კაპიტნისგან უფრო კონკრეტულ დაპირებას ელიან...
- ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, “ლივერპულის” უმთავრესი ამოცანა იქნება. ეს ფინანსურადაც ძალიან მომგებიანი ტურნირია და რაც მთავარია, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო რამაა. მითუმეტეს, თუკი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოხვალ... “ენფილდს” არაერთი საჩემპიონთალიგო სპექტაკლი ახსოვს და ჩვენი მიზანია, ლივერპულში ასეთი დონის საფეხბურთო მატჩები დავაბრუნოთ. საამისოდ არაფერს დავიშურებთ, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა ევროთასების ზონაში მოხვედრას ისახავს ამოცანად და მათთან კონკურენცია ურთულესი საქმეა.
- შემადგენლობის გაძლიერება ახსენეთ. კიდევ რაა საჭირო “ლივერპულის” “ძველი დიდების” დასაბრუნებლად?
- სტაბილურობა. კენი დალგლიშის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდმა ამ მიმართულებით სასიკეთო ნაბიჯები უკვე გადადგა – გავიხსენოთ “ლივერპულის” თამაში პრემიერლიგის მეორე ეტაპზე.
- მარტში “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:1 დაამარცხეთ, თქვენთვის კი ეს მატჩი ავად მოსაგონებლადაც გადაიქცა, რადგან მას შემდეგ მინდორზე გასვლას ვერ ახერხებთ. როგორ მიდის გამოჯანმრთელების პროცესი?
- რთული ოპერაცია გადავიტანე და აღდგენითი პროცესი ბოლომდე მიყვანილი ჯერაც არაა. თუმცა, ექიმები მარწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ივლისის დასაწყისში, გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის სრულფასოვან მზადებას შევუდგები. ვფიქრობ, აგვისტოს დასაწყისში ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიქნები.
- პრემიერლიგის სტარტამდე, “ლივერპული” რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს, პირველი შენაძენი კი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ჯორდან ჰენდერსონია...
- “სანდერლენდიდან” 20 წლის ნახევარმცველის ყიდვამ ძალიან გამახარა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას ყურადღება უკვე ფაბიო კაპელომაც მიაქცია და ეროვნულ გუნდში უხმო. თუკი ჰენდერსონი კარგად მოერგო “ლივერპულს” და მონდომებით ივარჯიშა და ითამაშა, მოგვიანებით, იგი ჩემ შემცვლელადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ.
- ფეხბურთიდან წასვლაზე უკვე დაფიქრდით?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ უკვე 31 წლისა ვარ, კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა და... მაგრამ მოდით, ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, მითუმეტეს, ახალი სეზონის წინ.
- რა აზრის ხართ შედარებით კიდევ ერთ ახალ ლივერპულელ ლუის სუარესზე?
- ურუგვაელი ფორვარდი ჩვენთან გასული ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს მოვიდა, მაგრამ მასთან ერთად, მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოვასწარი. ამ შეხვედრებში დავრწმუნდი, რომ ლუისი მაღალი დონის ფორვარდია და მოუთმენლად ველი ამგვარ პარტნიორთან ერთად ასპარეზობას. გარდა ოსტატობისა, სუარესი მებრძოლი სულის პატრონიცაა. გავიხსენოთ “ფულჰემთან” მატჩი. 93-ე წუთზე 5:2-ს ვიგებდით, ლუისი კი მეტად უკმაყოფილო იყო იმით, არბიტრმა ლონდონელი მცველის მიერ ხელით თამაშის გამო პენალტი რომ არ დანიშნა.
- სპორტული კარიერის საკვანძო მომენტად რომელი შეხვედრა მიგაჩნიათ?
- ასეთი რამდენიმე მატჩი იყო, განსაკუთრებული კი, მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩრდილოიტალიური “მილანის” დამარცხებაა. იმხანად 24 წლისა გახლდით და უკვე “ლივერპულის” კაპიტნის სამკლავურს ვატარებდი. 2001 წლის მაისში, ესპანურ “ალავესს” უეფას თასის დრამატულ ფინალში 5:4 მოვუგეთ და კარგახნიანი პაუზის შემდეგ, ”ლივერპული” ევროთასის მფლობელი გახდა. ასევე, არასდროს დამავიწყდება, “როსონერის” წინააღმდეგ ჩატარებული კიდევ ერთი საჩემპიონთალიგო ფინალი. ოღონდ, რასაკვირველია, მისი დასრულების შემდეგ, საპირისპირო ხასიათზე გახლდით.
- თქვენი უმთავრესი საფეხბურთო ოცნება რაა?
- ფეხბურთში “ლივერპულთან” ერთად პრემიერლიგის მოგება, ნაკრების რიგებში გამოსვლისას კი, ევროპის მომავალ პირველობაზე წარმატებით თამაში. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სიგიჟემდე მიყვარს მეუღლე ალექს კურენი და ქალიშვილები, ლილი-ელა და ლექსი. მათთან ერთად მრავალი ბედნიერი წლის გატარება მსურს.
გოჩა კაჭარავა