ავსტრალიელი მოცურავე ქალი, სტეფანი რაისი უკვე სამ წელზე მეტია, რაც ბიზნესითაა დაკავებული და ამ საქმიანობით საკმაო მოგებასაც ნახულობს. სტეფანი რაისის ფირმა, ”რაისინი” ქალის აზღუდებს, ქვედა საცვლებს და საცურაო კოსტიუმებს აწარმოებს და ეს ნაწარმი თანდათან უფრო პოპულარული ხდება.
ფირმა ”რაისინის” შემოსავალი წელიწადში 14 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება და მომავალში კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აქვს. ფირმის ნაწარმის პოპულარობას რასაკვირველია პირველ რიგში ავსტრალიელი მოცურავის ავტორიტეტი და ცნობადობა განაპირობებს.
თავად სპორტსმენი კი მიიჩნევს, რომ მისი ფირმის წარმატების საიდუმლო მისი ცნობადობის გარდა, ნაწარმის ხარისხიანობაშია. ”ჩვენი საცურაო კოსტიუმები ქალის სილამაზეს კიდევ უფრო კარგად წამოაჩენს და ვცდილობთ ისეთი პროდუქცია შევქმნათ, რომელიც ნებისმიერი გარეგნობისა და სხეულის ფორმების მქონე ქალს მოუხდება” - სიამაყით ამბობს სტეფანი.