კალათბურთი

20:18 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარტი ჩინებულია, ველით გაგრძელებას

სწორმა დასკვნებმა პოლონეთთან ერთი თვის წინანდელი მარცხი გადაფარა


საქართველოს და პოლონეთის მატჩის პირველი ტაიმის შუაწელი გახლდათ, როდესაც 9-ქულიანი ჩამორჩენით განრისხებულმა პოლონელთა თავკაცმა წუთშესვენება აიღო და თავისიანებს ხომ უღრიალა და არც მიახლოებული ტელე-ტრანსლაციის კამერა დაინდო. დირკ ბაუერმანი თამაშის ბოლომდე გაცოფებული დადიოდა და მხოლოდ ბოლო წუთებზე დამშვიდდა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. აღნიშნულის მიზეზი ბრწყინვალედ მოთამაშე საქართველოს ნაკრები იყო, რომელმაც გასული თამაშის ფავორიტად მიჩნეული პოლონეთი 84:67 დაამარცხა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ქართველი კალათბურთელები პოლონელებს იტალიურ ტრენტოში საერთაშორისო ტურნირზე დაუპირისპირდნენ და 75:87 წააგეს. როგორც სჩანს, იმ შეხვედრიდან უფრო სწორი დასკვნები ქართველთა დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა გამოიტანა, რომელმაც ვიზავი აშკარად დაჩაგრა. ისე სჩანდა, რომ ბაუერმანი ამ ფაქტითაც გაცხარდა. მისი გუნდს აშკარად მოუბილიზებელი იყო და შეცდომებიც მრავლად დაუშვა, ქართველები კი პირიქით თამაშისგან სიამოვნებას იღებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის სასტარტო ხუთეულიც ასე გამოიყურებოდა – ცინცაძე, შერმადინი, მარკოიშვილი, ფაცაცია და სანიკიძე – ძალიან კონცენტრირებულად დაიწყო. ბიჭები ბურთს მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ დაცვას თამაშობდნენ, პირველი ფოლი მხოლოდ მაშინ მიიღეს, როდესაც მატჩის დაწყებიდან 7.32 წუთი იყო გასული.

ამ დროს შეხვედრის სასწორი უკვე საქართველოს ნაკრების მხარეს იხრებოდა. პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე ფარიდან ასხლეტილი ბურთი ბექა ბურჯანაძემ მოიხელთა და კალათში ჩააბრუნა. ანგარიში 22:14 გახდა, საქართველოს ნაკრებს კი 9-დან 7 ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული.

ქართველთა ჰეგემონია მე-2 ტაიმშიც გაგრძელდა. გიორგი შერმადინი, რომელიც ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას არყოფნაში, მთავარ “დიდ კაცად” იქცა, მაღალი კლასის ცენტრად კიდევ ერთხელ წარმოჩინდა. მარცინ გორტატს და მაჩიეი ლამპეს არაფერი დაუთმო, დაცვაში მყარად დგომას კი შეტევითი ფუნქციებიც კარგად შეუნაცვლა.

სწორედ ამ პერიოდში იყო, ბაუერმანმა შეგირდები რომ “დაცეცხლა”, თუმცა, წუთშესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ პოლონელებს გამოფხიზლების არაფერი ეტყობოდათ. დარჩენილი ხუთიოდე წუთი ქართველებმა 10:2 მოიგეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 39:22. ყველაზე სასიხარულო ქართველთა გაუვალი დაცვის ყურება იყო. მართალია, პოლონელებიც სცოდავდნენ, თუმცა, ტაიმში რომ მხოლოდ 22 ქულას მიიღებ, კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად უნდა გქონდეს...

მე-2 ტაიმის სტარტი ქართველთათვის არცთუ სახარბიელო იყო და ეს, ალბათ, ერთადერთი მომენტი გახლდათ, როდესაც მცირე სანერვიულო მოგვეცა. ქართველმა კალათბურთელებს 4 წუთის განმავლობაში ქულა არ მიუთვლიათ. კიდევ კარგი, ამ პერიოდში არც პოლონელები ბრწყინავდნენ და სხვაობა დიდად არც შემცირებულა. “მშრალი” ეპიზოდი შერმადინმა დაასრულა, რომელმაც “სლემდანქი” მიითვალა და ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდა. სხვათა შორის, რამდენიმე წამში გიორგიმ ჯარიმა მიიღო და ეს მისთვის, პირველი პერსონალური ფოლი გახლდათ... 25 წუთის თავზე.

ბარემ აქვე ვთვათ, რომ შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა – ამასთან თამაშიდან ერთადერთხელ ააცილა. შეუდარებელი იყო გუნდის კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელმაც საჭირო მომენტებში თამაში საკუთარ თავზე აიღო და თავი 18 ქულას მოუყარა... და ისე როგორ იქნება გამორჩეულად ვიქტორ სანიკიძეზე რომ არ ვთქვათ. “ვიკამ” მორიგ მატჩში “იფრინა”, 23 ქულა ხომ ჩააგდო და დასკვნით მეოთხედში ზედიზედ 2 სამქულიანით (სულ 5-დან 3 ჩააგდო) პოლონელებს “საკონტროლო გასროლა” მიაყოლა.

და რა ხდებოდა ამ დროს უკანა ხაზში? გუნდის იერიშების გაძღოლა გიორგი ცინცაძეს ევალებოდა და ეს ჩინებულად მოახერხა. ქართველთა მე-8 ნომერმა 7 შედეგიანი პასი ხომ განახორციელა და მონაგარს 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიაყოლა.

“ბუს” დაკარგვებიც მხოლოდ 3 ჰქონდა და ამ მხრივ მთლიანად საქართველოს ნაკრები გამოირჩა. არც კი გვახსენდება, ბოლოს ჩვენს კალათბურთელებს მხოლოდ 5 შეცდომა როდის მოუგროვდათ, მეტოქემ კი ბურთი 12-ჯერ “დაგვიბრუნა”. და ცინცაძეზე საუბარი ისე როგორ დავასრულოთ, ერთი ფაქტიც რომ არ აღვნიშნოთ. იგორ კოკოშკოვმა გიორგი პირველად მაშინ დაასვენა, როდესაც მატჩის დაწყებიდან 27:08 წუთი (!) იყო გასული. მოკლედ, ცინცაძეს გუნდისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

გიორგის ფონზე შედარებით უფერულად წარმოჩინდა ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველი რიკი ჰიკმანი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით, მას ისეთი სარგებელი არ მოაქვს, რასაც ველოდით. რიკიმ 9 ქულა კი მიითვალა, თუმცა მათგან ნახევარზე მეტი – საჯარიმოს ხაზიდან, სამქულიანი არ ჩაუგდია და ვერც მისი საფირმო შესვლები ვიხილეთ. თუმცა, ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ. ჰიკმანის წინააღმდეგ პოლონელები ერთბაშად 10-კჯერ დაჯარიმდნენ და მატჩის მიწურულს, როდესაც კოკოშკოვმა სათადარიგო მოთამაშეები დატვირთა, ლიდერად სწორედ იგი წარმოჩინდა.

იმედია, რიკი საკუთარ წონიან სიტყვას ქართველთა მორიგ შეხვედრაში იტყვის, რომელთაგან უახლოესი ხვალ ხორვატიასთან არის დაგეგმილი. თუკი პოლონელებთან მატჩის შემდეგ ქართველი ქომაგი “გულდაწყვეტილი” იმის გამო გახლდათ, რომ შეხვედრის განმავლობაში არსებული 25-ქულიანი სხვაობა 17-მდე დავიდა, ხორვატებთან გაცილებით რთულ მატჩს უნდა ველოდეთ.

აღნიშნულის შესახებ პოლონელებთან თამაშის დასრულების შემდეგ იგორ კოკოშკოვმაც ისაუბრა, თუმცა, მის კომენტარებს მოგვიანებით მოგაწვდით, აქ კი იმას დავძენთ, რომ საქართველო და ხორვატია ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან და მყის – უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ევრობასკეტზე მე-2 მატჩის მოგების შემთხვევაში ხომ საქართველოს ნაკრები ცალი ფეხით მე-2 ეტაპზე იქნება...

 

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). 850 მაყურებელი

საქართველო – პოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)

საქართველო: ცინცაძე (34 წ. 11 ქ. 3 მ. 7 პ.), შერმადინი (29 წ. 13 ქ. 9 მ.), მარკოიშვილი (32 წ. 18 ქ. 3 მ. 3 ჩ.), ფაცაცია (13 წ. 4 მ.), სანიკიძე (31 წ. 23 ქ. 6 მ.); მეტრეველი (3 წ. 2 ქ.), ფხაკაძე (3 წ.), სანაძე (1 წ.), ბურჯანაძე (6 წ. 2 ქ. 3 მ.), ჰიკმანი (27 წ. 9 ქ. 4 პ.), ლეჟავა (9 წ. 3 ქ.), ცქიტიშვილი (10 წ. 3 ქ.).

მწვრთნელი:Lიგორ კოკოშკოვი.

პოლონეთი: კელატი (18 წ. 2 ქ. 4 მ.), ლამპე (25 წ. 10 ქ. 5 მ.), ვაჩინსკი (18 წ. 3 ქ.), გორტატი (28 წ. 12 ქ. 8 მ. 4 პ.), კოშარეკი (26 წ. 4 ქ. 7 პ.); კარნოვსკი (7 წ. 9 ქ.), შუბარგა (20 წ. 2 ქ.), ჩილინსკი (6 წ.), ზამოისკი (11 წ. 10 ქ.), პონიტკა (26 წ. 7 ქ. 7 მ.), იგნერსკი (16 წ. 8 ქ. 5 მ.), ჰრიჩანიუკი (1 წ.).

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.

მსაჯები: მილივოე იოვჩიჩი (სერბეთი), ფერნანდო როჩა (პორტუგალია), კრის დოდსი (შოტლანდია).

 

 

გუნდური სტატისტიკა

საქართველო – პოლონეთი

თამაშიდან სროლა: 30/61 – 26/60

ორქულიანი: 22/36 (61.1%) – 23/44 (52.3%)

სამქულიანი: 8/25 (32.0%) – 3/16 (18.8%)

საჯარიმო: 16/28 (57.1%) – 12/19 (63.2%)

მოხსნა: 35 (შეტევაში 11) – 39 (შეტევაში 14)

პასი: 16 – 18

დაკარგვა: 5 – 12

ჩაჭრა: 6 – 1

დაფარება: 3 – 4

პერსონალური ფოლი: 21 – 27

ქულა დაკარგვის შემდეგ: 16 – 6

ქულა სამწამიანი ზონიდან: 36:34

“მეორე შანსის” ქულა: 13 – 14

ქულა სწრაფი გარღვევის შემდეგ: 7 – 4

სათადარიგოების ქულა: 19 – 36

უდიდესი ლიდერობა: 25 – 4

უდიდესი “გაქცევა”: 8:0 (33:20) – 6:0 (2:6)

ლიდერის შეცვლა: 2

საყაიმო ანგარიში: 1

ლიდერობის დრო: 35:14 – 2:58

 

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.430678