რიგის “სკონტოს” ცენტრალურ მცველსა და კაპიტანს, დავით გამეზარდაშვილს კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
“კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა, თუმცა, ხელმძღვანელობას სურს, რომ თამაში რიგაში განვაგრძო. სეზონის შემდეგ, გუნდს სათავეში ინგლისელი პოლ ეშოურტის ნაცვლად, ალექსანდრს სტარკოვსი ჩაუდგა, რომელსაც პირადად შევხვდი და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვესაუბრე. 5 წელია უკვე ლატვიაში ვთამაშობ და გარემოს შეცვლა მინდა, მაგრამ რეალური შემოთავაზება ჯერ არ მაქვს” - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” გამეზარდაშვილმა, რომელსაც რიგაში დავუკავშირდით.
- მწვრთნელის შეცვლა პირველყოვლისა, ალბათ, გუნდის მიერ სეზონის მე-3 პოზიციაზე დასრულებას უკავშირდება, რაც “სკონტოსთვის” წარუმატებლობად ჩაითვლებოდა.
- ცხადია, წარუმატებლობაა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონობის რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მე-2 ადგილზეც ვერ გავედით. ჯერ “მეტალურგსთან” საკუთარ მოედანზე წავაგეთ (1:6 რედ.), ბოლო ტურში კი, შინ “ოლიმპსთან” ფრე (3:3) ვითამაშეთ და მე-3 ადგილი დავიკავეთ.
- ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ვენტსპილსთან” სტუმრად მოგებულ (2:0 რედ.) შეხვედრაში სახე დაიზიანეთ, რის გამოც, ბოლო ტურში აღარ გითამაშიათ. ტრავმა უკვე მოიშუშეთ?
- “ვენტსპილსთან” თამაშის დროს სახის ძვალი გამიტყდა. რეაბილიტაციის პროცესს საბოლოოდ ხუთ დღეში დავასრულებ.
- სტარკოვსის ხელმძღვანელობით არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და მომავალი სეზონის წინ, ხომ არაა საუბარი კიდევ ვინმეს დამატებაზე?
- როგორც გუნდის კაპიტანმა, “სკონტოში” მიმდინარე შიდა პროცესების შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ჩამოყვანაზე საუბარი არ ყოფილა. თორემ, პირველყოვლისა, მე შემეკითხებოდნენ.
ლაშა თაბაგარი