ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფა ნადალის დამარცხებისა და მთავარი პრიზის მოპოვების შემდეგ შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ჟურნალისტებს გაესაუბრა. როჯერ ფედერერის თანამემამულემ მედიელებს გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობისა და ჩემპიონობის დაუფლების საკუთარი ემოცია გაანდო.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდით?
- ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია რა მოხდა – თავი სიზმარში მგონია. უცნაური გრძნობა მეუფლება. დიდი სლემის ტურნირების ფინალებს რეგულარულად ვუცქერ და ცოტა ხნის წინ მხოლოდ თუ ვიოცნებებდი ამგვარ მატჩში მონაწილეობას. მთლიანობაში მართლაც კარგი ტურნირი ჩავატარე. რაფას წინააღმდეგ ფინალში საჩოგბურთო კარიერის საუკეთესო სეტი გავმართე. ნოვაკ ჯოკოვიჩს ოთხსაათიანი პაექრობა მოვუგე, ტომაშ ბერდიხს ნახევარფინალში ვძლიე. გამოდის, ბოლო წლების განმავლობაში სწორი მიმართულებით მივდიოდი. ბევრი ვიშრომე, შანსი მომეცა და სათანადოდ გამოვიყენე.
- ნადალთან ფინალი თქვენი კარიერის გამორჩეული მატჩია. მოგებას ერთგვარ ჩრდილს მეტოქის ტრავმა ხომ არ აყენებს?
- მეც კი გაკვირვებული ვიყავი, თუ რა მაღალ დონეზე დავიწყე თამაში. ამ დროს რაფას არაფერი აწუხებდა. ცხადია, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, რადგან ტრავმიერული ოპონენტის წინააღმდეგ გამოსვლა არავის სურს. მითუმეტეს, რაფა ჩემი მეგობარია, ჩვენ ხშირად ერთად ვვარჯიშობთ. იმედია, ნადალის ტრავმა სერიოზული არაა და სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად ჩაატარებს. რაფა ჩოგბურთისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- თქვენ მატჩებს როჯერ ფედერერი ადევნებდა თვალს და როგორც თავად აცხადებს, მეუღლესთან ერთად გქომაგობდათ...
- როჯერი ჩემი ახლო მეგობარია და ავსტრალიის ღია ჩემპიონატში გამარჯვება პირველმა მან მომილოცა. შარშან როჯერის გამოსვლა წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის – ფედერერი მაინც ყველა დროის უძლიერეს ჩოგბურთელად რჩება.
- რეიტინგსიის ლიდერობას თუ ფიქრობთ?
- მას შემდეგ, რაც კლასიფიკაციის მესამე ნომერი ჩოგბურთელი გავხდი, ამ კითხვას ველოდი. ალბათ, ჩემგან რეიტინგში დაწინაურების სურვილის გამოთქმას ელით, მაგრამ კარგად მესმის, რომ ეს ურთულესად აღსასრულებელი საქმეა და არც ახლო მომავლის პერსპექტივაა.