ჭიდაობა

21:20 | 11.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლში მსოფლიოს ხალიჩა გაუშალეს

ხვალ სტამბოლში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება და კვირის ბოლომდე გასტანს. 7-დღიან ტურნირს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გახსნიან. ისინი შვიდივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორებს 12-14 სექტემბერს გამოავლენენ. თავისუფალი სტილის მიმდევრებს კი 16-18 სექტემბერს დაეთმობათ ხალიჩა.
ბეგი დარჩიას გუნდიდან პირველები საქმეში ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და ირაკლი ქაჯაია (96 კგ) ჩაერთვებიან. მათ წონებში უკვე წილისყრაც შედგა. 13 სექტემბერს ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) გავლენ, ხოლო 14-ში – მანუჩარ კვირკველია (74 კგ) იჭიდავებს.
55 კილოგრამში სულ 37-მა მონაწილემ მოიყარა თავი. გოგიტაძე იმ ათეულში მოხვდა, რომლებიც ჩემპიონატში პირველივე წრიდან ჩაერთვებიან. დანარჩენი 27 კი პირდაპირ მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს. ქართველის პირველი მეტოქე უკრაინელი ვუგარ რაგიმოვი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული კი იტალიელ ფედერიკო მანეასა და სომეხ რომან ამოიანს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.
66 კილოგრამის სატურნირო ბადეში 52 მოჭიდავე გადანაწილდა. მათგან მხოლოდ 12 დაისვენებს პირველ წრეში. ცხადაია კი ამ 12-ში ვერ მოხვდა. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენის პირველი მეტოქე ალჟირელი მოჰამედ სერირი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი სირიელ მუსტაფა მატე ალნაკდალსა და შვეიცარიელ პასკალ სტრებელს შორის მოგებულს შეხვდება.
ირაკლი ქაჯაია (96 კგ) 44 მონაწილეს შორის იმ ოცეულშია, შეჯიბრს პირდაპირ მეთექვსმეტედფინალიდან რომ გახსნიან. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ეგვიპტელ მოჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰს დაუპირისპირდება. მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში კი მოლდოველ მარინ ცაჟაცსა და უზბეკ ევგენი აჩკასოვს შორის უძლიერესს შეხვდება.

ოთარ მაღლაკელიძე

0.119629