იტალიაში ჯერ ისევ ძალიან პოპულარულია ძველრომაული ტრადიციით, თეატრალური წარმოდგენების დიდ არენებსა და სტადიონებზე გამართვა. იმის გამო, რომ აპენინებზე საფეხბურთო კლუბების სტადიონების დიდი ნაწილი ქალაქის მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით, გუნდების მეპატრონეები ხშირად ვერ უწევენ წინააღმდეგობას მსახიობებს, რომლებიც თეატრალური დადგმებისათვის სტადიონებს თავად ირჩევენ. ჰოდა, აბა რომელი კლუბის მეპატრონეს გაუხარდება, როდესაც მათ მიერ რის ვაი-ვაგლახით მოვლილი სტადიონის მინდორზე (ათეულობით და ხშირად უფრო მეტიც) მსახიობი დაიწყებს სიარულს.
ცოტა ხნის წინათ, ქალაქ რომის ცნობილმა იტალიურმა თეატრალურმა დასმა გადაწყვიტა, საგასტროლოდ ქალაქ უდინეში ჩასულიყო და იქ, ”უდინეზეს” სტადიონ “ფრიულიზე” დაედგა გრანდიოზული ისტორიული დრამა: “ფარსალოსის ბრძოლა”, რომელიც გაიუს იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის გამართულ უკანასკნელ და შესაბამისად, გადამწყვეტ ბრძოლას ასახავს.
“უდინეზეს” ხელმძღვანელები ბევრს ეხვეწნენ თეატრალური დასის წარმომადგნელებსაც და ქალაქ უდინეს მუნიციპალიტეტსაც, რომ მათი სტადიონი მსახიობებს არ მოეოხრებინათ, მაგრამ თეატრალური ხელოვნების ტრფიალნი შეუვალნი აღმოჩნდნენ. ამჟამად, თითქმის ყოველდღე, “ფრიულიზე”, რომაელ ლეგიონერებად გარდასახული მსახიობები რეპეტიციებს მართავენ. სპექტაკლის პრემიერა კი 18 სექტემბერს გაიმართება.