გერმანელები რისი გერმანელები იქნებიან, ტექნიკურ-სამშენებლო პროგრესში ვინმეს რომ ჩამოუვარდნენ... ამ ქვეყანაში აშენებული საფეხბურთო სტადიონები, მთელს მსოფლიოში დღემდე სანიმუშოდ ითვლება. თუმცა, ხანდახან არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა გერმანელებსაც კი გამორჩებათ რაიმე...
შესანიშნავი სტადიონი ”ალიანს-არენა”, რომელიც სპეციალურად გერმანიაში გასამართი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისათვის აშენდა, მთელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო არენაა. თუმცა, გერმანელებმა მხოლოდ ახლაღა აღმოაჩინეს, რომ სტადიონის არქიტექტორებს, ”ალიანს-არენას” დაპროექტებისას, სპორტული დიდების მუზეუმის გათვალისწინება დავიწყებიათ. გერმანელები კი წარსულს ყოველთვის დიდ პატივს სცემენ და არასოდეს ივიწყებენ.
”ალიანს-არენას” ეს ნაკლი, ცოტა ხნის წინათ, გერმანულმა პრესამ ახსენა, რაც უკვე საკმარისი მიზეზი გახდა იმისათვის, რომ ”ბაიერნის” ხელმძღვანელებს ამ ნაკლის გამოსწორებაზე ეფიქრათ. სტადიონის ტერიტორიაზე უკვე დაიწყეს თანამედროვე ტიპის ნაგებობის აშენება, სადაც მუზეუმი უკვე ამა წლის მაისში განთავსდება. გერმანელები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ გვიან, მაგრამ მაღალ დონეზე აშენებული საფეხბურთო მუზეუმი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში. ალბათ, ასეც იქნება, რადგან არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ამ ხალხის კომპეტენციაში ეჭვი შევიტანოთ...