ჭიდაობა

18:36 | 30.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლეში სამბოს სამზადისი შეჯამდა

8-10 ოქტომბერს თბილისი ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. დღეს, სპორტის სასახლეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელები ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები სასახლის უფროსობასთან ერთად შეაჯამეს. შემდეგ კი ოფიციალური კომენტარებიც დაარიგეს.
“ამ უმნიშვნელოვანეს ჩემპიონატს ისე უნდა ვუმასპინძლოთ, რომ ყველა აღებული ვალდებულება პირნათლად შევასრულოთ. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სპორტის სასახლის დირექციასთან ერთად თითოეულ საკითხზე ვმსჯელობთ. ჩვენი სურვილია ყველა საორგანიზაციო დეტალი წინასწარ იყოს გათვლილი და მომზადებული. სამინისტრო მაქსიმალურად იზრუნებს იმისათვის, რომ მსოფლიოს პირველობამ მაღალ დონეზე ჩაიაროს, ქართველი სამბისტები დიდი მონდომებით ემზადებიან და მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ მათ” – განაცხადა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.
სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ძირითადი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“თბილისში 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ძალიან სერიოზული და მძიმე მსოფლიოს ჩემპიონატი გველის და იმედია ისე ჩავატარებთ, რომ ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. გულშემატკივრები კი კარგი შედეგით უნდა გავახაროთ. ჯამში 14-15 მედლის მოპოვებას ვგეგმავთ, მათ შორის 5-6 ოქროს. რაც მთავარია, ორივე ნაკრები გუნდური ჩემპიონობისათვის იბრძოლებს. ჩვენი ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრები გუნდები წვრთნის ბოლო ეტაპს გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში გადიან. საორგანიზაციო სამუშაოებს რაც შეეხება, გეგმაზომიერად მიმდინარეობს. 5 ოქტომბერს უკვე არენაც მზად იქნება.
სამბისტთა ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატში მედლები ქალთა შორისაც გათამაშდება და როგორც შევიტყვეთ, ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი გოგონებიც ჩაერთვებიან.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.120832