ჭიდაობა

21:52 | 7.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლეში სამბოს მსოფლიო დღეები იწყება

ხვალიდან, კვირის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. სამი დღის განმავლობაში ჩემპიონ-პრიზიორები 18 და 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის გამოვლინდებიან. ლეიბზე 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი გავა. სამწუხაროდ ორგანიზატორთა მოლოდინი, რომ 35-მდე ქვეყანა მოგროვდებოდა, არ გამართლდა, თუმც რაოდენობრივი დანაკლისი ჩემპიონატს სიძლიერეს ვერ მოაკლებს. ფავორიტებად მოხსენიებული ნაკრებები საქართველოს საბრძოლო შემადგენლობით ესტუმრნენ.
ყველაზე დიდი - დაახლოებით 100-კაციანი დელეგაცია რუსეთს ჰყავს. სამბოს ფუძემდებლებმა საქართველოში გუნდური ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაგეგმეს. იგივე ამოცანა დაისახეს საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმაც და სავარაუდოდ, მთავარი ბრძოლები სწორედ ქართველებსა და რუსებს შორის გაიმართება.
ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემილ რაშმა და ახალგაზრდულიდ თავკაცმა ბადრი ჯანიაშვილმა შეგირდებს დასკვნითი მოსამზადებელ შეკრებაზე გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში ავარჯიშეს. მათი თქმით, გუნდებში საბრძოლო განწყობაა და თითოეული სამბისტი ეცდება, თავისი შესაძლებლობა მაქსიმალურად წარმოაჩინოს.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონებში საქართველოს სახელით ლეიბზე არავინ არ უნდა გასულიყო, მაგრამ ამის სურვილი ძიუდოისტმა გოგონებმა გამოთქვეს და ჩემპიონატში გია თენაძის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
ხვალ მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება. 18 წლამდე გოგონები 40, 52 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს, ხოლო ვაჟები - 48, 60 და 75 კილოგრამებში. 20 წლამდე გოგონები 44, 56 და 68 კილოგრამებში იჭიდავებენ, ვაჟები – 48, 62 და 82-ში.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება. 17 საათზე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შედგება, რომლის დასრულებისთანავე ფინალური ბრძოლები გაჩაღდება.
“მინდა არა მარტო სამბოს, არამედ სრულიად ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს მოვუწოდო, მოვიდნენ სპორტის სასახლეში და მხარი დაუჭირონ ქართველ სამბისტებს. მშობლიურ კედლებში ჭიდაობა ბიჭებისთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ დასწრება უფასოა” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეგ იაძემ.



საქართველოს ნაკრები

ვაჟები

ახალგაზრდები

გივი ნადარეიშვილი (48 კგ), ვაჟა ლატარია (52 კგ), გენადი ჩირგაძე (57 კგ), გიორგი ტაბატაძე (62 კგ), ზვიად კაპანაძე (68 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (74 კგ), ვახტანგ სარაჯიშვილი (82 კგ), ზაზა დავაძე (90 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი (100 კგ), ლევან მუქერია (+100 კგ).
ჭაბუკები
ლერი ჯიხვაშვილი (48 კგ), გიორგი საჩალელი (52 კგ), ლაშა გიუნაშვილი (56 კგ), გიორგი კაცია (60 კგ), გოჩა ვარძელაშვილი (65 კგ), მიხეილ ჩოხელი (70 კგ), შმაგი შარიფაშვილი (75 კგ), ბექა რატიანი (81 კგ), ალექსანდრე მილდიანი (87 კგ), სლავა რეზესიძე (+87 კგ).

გოგონები

ახალგაზრდები
დარინა აბულაძე (48 კგ), შორენა შარაძე (63 კგ), ნინო ოძელაშვილი (70 კგ), თამარ ლომიძე (+78 კგ).
18-წლამდელები
ცირა აბულაძე (48 კგ), ნონა მერაბიშვილი (52 კგ), სოფო ბერიძე (57 კგ), თეა სუხიტაშვილი (70 კგ), ელენე ქებაძე (+78 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე

0.129869