ჭიდაობა

17:03 | 9.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლეში “ოქროს” ხალიჩა გაიშალა

10-12 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლე ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების, გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. უკვე მეორე წელია, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირს “ოქროს გრან-პრის” სტატუსი მიანიჭა და შესაბამისად, მასზე 8-10 ივლისს ბაქოში ჩასატარებელი გრან-პრის ფინალური ეტაპის საგზურებიც თამაშდება.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კარტოზია-ბალავაძეზე მონაწილეობას 14 ქვეყნის ნაკრები მიიღებს: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, კანადა, საბერძნეთი, ეგვიპტე, ისრაელი, უზბეკეთი, მონაკო, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი და სომხეთი. სპორტსმენთა სიმრავლით, როგორც წესი, მასპინძლები გამოირჩევიან - საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები კი დაახლოებით 50-50-კაციანი შემადგენლობებით გამოვლენ.
“ოქროს გრან-პრის” ჩემპიონ-პრიზიორები, მედლებთან ერთად ფულად ჯილდოებსაც მიიღებენ. ოქროსმედალოსნებისთვის 1500 დოლარია დაწესებული, მეორე ადგილზე გასულები რვაას დოლარს მიიღებენ, ხოლო მესამეადგილოსნები – ხუთასს.
დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კომისარი ვევილაინენ პერტი შეხვდნენ. სტუმარ-მასპინძელმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაივლის.
“ფილამ ჩვენს ტრადიციულ ტურნირს “ოქროს გრან-პრის” სტატუსი მიანიჭა, რითაც მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. წინ ძალიან საინტერესო დღეები გველის. საქმეში არაერთი ვარსკვლავი ჩაერთვება. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები კი, გაფართოებული შემადგენლობებით იქნებიან წარმოდგენილნი. ამ მოჭიდავეებისთვის, შეჯიბრებას ერთი დამატებითი დატვირთვაც აქვს. ტრადიციულად, კარტოზია-ბალავაძის ტურნირის შედეგებით იკვეთება საქართველოს ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ნაკრების თავკაცები კანდიდატებს ამჯერადაც დიდი ინტერესით დააკვირდებიან” – განაცხადა გეწაძემ.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ “ოქროს გრან-პრიზე” ნაკრების ყველა ტიტულოვანი წევრი იჭიდავებს, ტრავმირებულთა გარდა. გეწაძეს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, დანაკლისი არც თუ უმნიშვნელოა. ხალიჩაზე არ გავლენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ბერძენ-რომაელები: რევაზ ლაშხი (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ). ამათგან, ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს სულ სხვა მიზეზი აქვთ – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, ჩამოთვლილ სპორტსმენებს ნაკრების რამდენიმე სახელიანი წევრიც შეემატება.
ხვალ “ოქროს გრან-პრის” ჩემპიონ-პრიზიორები კლასიკოსთა 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, თავისუფლები კი მედლებს 60 და 120 კილოგრამებში გაათამაშებენ. 11 ივნისს – ბერძენ-რომაელთა 74 და 120 კილოგრამებში და თავისუფალთა 55, 66 და 96 კილოგრამებში. ტურნირის დასკვნით დღეს კი – კლასიკოსთა 60 და 84 და თავისუფალთა 74 და 84 კილოგრამებში.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

 

0.121505