კალათბურთი

12:20 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლეში 2002 წელს დაბადებულთა თბილისის მინი-ფესტივალი დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო დედაქალაქის ჩემპიონატმა 2002 წელს დაბადებულ კალათბურთელთა შორის. ტურნირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ატარებს და მისი მხარდამჭერები არიან თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ტურნირში თბილისის 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფურ ეტაპზე გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

გაგაცნობთ ტურნირში მონაწილე გუნდებს:

ა ჯგუფი: სამედიცინო უნივერსიტეტი, აკადემია 1, დინამო 2, ოვერტაიმი, სოხუმი.

ბ ჯგუფი: დინამო 1, ორბი-შსს, ბასტიონი, ჰიუნდაი 2, ვესტა.

გ ჯგუფი: ჰიუნდაი 1, მართვე, ვარსკვლავები, თიბისი, აკადემია 2.

გუშინ სპორტის სასახლეში 4 მატჩი გაიმართა, რომლებიც შემდეგი შედეგებით დასრულდა:

ჰიუნდაი 2 – ბასტიონი 16:62

შსს ორბი – ვესტა 23:5

თსსუ – სოხუმი 16:27

დინამო 2 – ოვერტაიმი 19:45

მატჩებს შორის მოეწყო გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რომელშიც საკალათბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდებს, მათ მწვრთნელებს, მაყურებლებს და დამსწრე საზოგადოებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა მიმართეს.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სწორედ კევლიშვილმა და გურასპაულმა მოაწერეს.

ნუგზარ კევლიშვილი (ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი): “ბრწყინვალე დღე იყო და  სპორტის სასახლეში ნამდვილი კალათბურთის ზეიმი დაიწყო. ამ ფესტივალში 2002 წელს ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, საწყის ეტაპზე 250 ბავშვი ჩაერთვება, ხოლო ჯამში, საქართველოს მასშტაბით 600 სპორტსმენი იასპარეზებს”.

პაატა გურასპაული (“თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის’” პრეზიდენტი): “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ,”ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს”, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაფუძნებული ორგანიზაციაა. დღეს მათთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ და ეს, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია სპორტის, კერძოდ კი, კალათბურთის განვითარებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტი ბავშვთა კალათბურთია. ეს თანამშრომლობა წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს მომავალში კალათბურთის განვითარებას.

www.gbf.ge

0.169434