სხვა

16:03 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მინისტრმა სამუშაო გეგმაზე ისაუბრა

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც დამსწრეთ სამინისტროს სამუშაო გეგმა გააცნო და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

მინისტრმა სამინისტროს მიერ არჩეულ სამ ძირითად პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სპორტულ განათლებასა და სპორტულ კანონმდებლობაზე.

“სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მთავარი მისია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაციაა. ამისთვის სამინისტრო უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობს, როგორც სპორტის სახელმწიფო დოკუმენტის, ასევე ახალგაზრდული  პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე. სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფა და საქართველოში სპორტული განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარება” – განაცხადა ლევან ყიფიანმა. შემდეგ კი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები შეაჯამა:

“განვლილი ორი თვის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საგზური მეოთხედ მოიპოვა, წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თურქეთის ნაკრებს 8:4 მოუგო და ევროპირველობის ფინალურ ეტაპს ერთი ნაბიჯი აშორებს, ძიუდოისტთა ნაკრებმა კი პარიზის დიდ სლემზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის და რაგბის გავნითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. რაგბის კავშირის ბიუჯეტი კი 300 პროცენტით გაიზარდა და 2014-2016 წლებში რაგბის კავშირი 33 673 968 ლარს მიიღებს. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყანაში ბავშვთა რაგბის განვითარებას” – აღნიშნა სპორტის მინისტრმა.

ლევან ყიფიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს. კომისიის ძირითადი ამოცანები ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმის შემუშავება, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა, მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და უეფას 2015 წლის სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია იქნება.

რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ამ მიმართულებით დიღომში, ახალი სპორტული ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ოლიმპიური აუზის დაპროექტება. საპროექტო სამუშაოები დასრულდება 2014 წლის 1 მარტს ხოლო მშენებლობა - 2015 წლის მარტში. წყალტუბოს სტადიონის (თითო ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედანი და მძლეოსნობის ბილიკები) საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ობიექტი კი 2015 წლის მაისში უნდა ჩაბარდეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში კი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის (2 დარბაზიანი) პროექტირების პროცესი მიმდინარეობს და მშენებლობა მომავალი წლის მარტში უნდა დამთავრდეს. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა თელავში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშიც იგეგმება.

პრესკონფერენცია კითხვა-პასუხებით დასრულდა:

- როდის შეიკრიბება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია და პირველ ყოვლისა რა საკითხებზე იმსჯელებს?

- პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, პირველსავე კვირაში დაიგეგმება თარიღიც და ის თემებიც, რომლებზეც იქნება საუბარი.

- თქვენ განაცხადეთ, რომ რაგბის კავშირის ბიუჯეტი 300 პროცენტით გაიზარდა და 2014-2016 წლებში რაგბის კავშირი 33 მილიონზე მეტს მიიღებს. სხვა ფედერაციებმაც რომ მოითხოვონ ბიუჯეტის ასეთი რაოდენობით გაზრდა, საჭირო სახსრებს გამოძებნით?

- როგორც არ უნდა გავაუმჯობესოთ პირობები, გამოყოფილი დაფინანსება მოთხოვნას ბოლომდე მაინც ვერ დააკმაყოფილებს.

- მაშინ თუნდაც კალათბურთში რატომ არ იგეგმება მსგავსი პროექტი. ეს სახეობა ხომ რაგბიზე არანაკლებ წარმატებულია საქართველოში?

- ამ ეტაპზე რაგბიში გაცილებით საიმედო მდგომარეობაა, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა საქართველოს ნაკრების სიძლიერიდან გამომდინარე ევროპის 6 ერის თასის ფორმატის შეცვლაზე ალაპარაკდა. ექვსი წლის წინ საქართველოში 1000-მდე მორაგბე იყო რეგისტრირებული. ახლა კი 7 ათასს აღემატება. ამასთან, არსებობს ქართული რაგბის განვითარების გრძელვადიანი პროექტი. იმედია, კალათბურთისა და სხვა სახეობების განვითარების გრძელვადიანი პროექტებიც მალე გვექნება

- რა მიიღო საქართველომ სოჭის ოლიმპიური თამაშებიდან?

- ჩვენ მაქსიმალურად ვმიჯნავთ სპორტს და პოლიტიკას. გათვლა იყო, რომ საქართველოს დროშა ოლიმპიურ თამაშებზე აუცილებლად უნდა აფრიალებულიყო. სხვაგვარი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ პროტესტი იქნებოდა. მადლობა სპორტსმენებს, რომლებმაც დიდ წნეხს გაუძლეს.

- მათ გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- მაქსიმალისტი ვარ და ცხადია უფრო მაღალი შედეგი მინდოდა. თუმცა სამთო მოთხილამურეების: იასონ აბრამაშვილისა და ნინო წიკლაურის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. აბრამაშვილმა 22-ე ადგილი დაიკავა, რაც სარეკორდო შედეგია დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში. წიკლაური კი საუკეთესო 50 სპორტსმენს შორის მოხვდა.

- შარშან, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლის შემდეგ განაცხადეთ, რომ საქართველოში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყებოდა, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა...

- ამ პროექტის განხორციელება გარკვეული ვადით გადაიდო. ამ ეტაპზე ახალი სასახლის მშენებლობის დაწყება დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ აუცილებლად მივუბრუნდებით.

 

სპორტის სამინისტროს ფოტო

0.148694