წარმოიდგინეთ, შედიხართ ღვინის მაღაზიაში და დახლზე სხვა ღვინოებთან ერთად გხვდებათ ღვინო სახელწოდებით “მიხეილ მესხი.” შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ როდესაც სახელი “მიხეილ მესხს” ეტიკეტზე კითხულობ, აუცილებლად გაგიჩნდება სურვილი, გაიგო ამ ღვინის გემო და ასეთი ღვინით არც მესხისა და მისი თაობის ლეგანდარული ფეხბურთელების სადღეგრძელოს დაიზარებ...
დიდი ქართველი სპორტსმენების სახელზე ღვინოების წარმოების იდეა მას შემდეგ ამეკვიატა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ფრანგულმა ღვინის კომპანიამ ზინედინ ზიდანისა და მიშელ პლატინის სახელზე წარმოებული ღვინით კაიძალი შემოსავალი ნახა. ამ ღვინოების შეძენა ინტერნეტ-გამოწერების საშუალებით ქართველებსაც შეგვიძლია. აღნიშნული ღვინის ხარისხზე და გემურ თვისებებზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ საკუთრივ იდეა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. თუკი მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ალბათ არ იქნებოდა ურიგო, ცნობილი ქართველი სპორტსმენების სახელზე ღვინოების ჩამოსხმაზე ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებსაც ეფიქრათ. მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გააჩნია და საკმაოდ საინტერესოდაც აპიარებენ საკუთარ ღვინოსაც და სპორტსმენებსაც. შესაძლოა, ზინედინ ზიდანს რეკლამირება სულაც აღარ სჭირდება, მაგრამ იგი უკვე არა მხოლოდ ფრანგული ფეხბურთის, არამედ ზოგადად საფრანგეთის სიმბოლოა და როდესაც ცოცხალი სიმბოლო ღვინის ფენომენს “ებმება”, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ასეთ ღვინოს წარმატება გარანტირებული აქვს!
თან არა მხოლოდ საფრანგეთში... არგენტინაში უკვე 14 წელიწადია, იწარმოება ღვინო სახელწოდებით “მარადონა”, რომელიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და დიეგო მარადონას დიდ გამარჯვებას გამოხატავს. ესპანეთში, კატალონიის “ბარსელონას” შესანიშნავმა ნახვეარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომლის ოჯახიც მეღვინეობითაა სახელგათქმული, ჯერ კიდევ შარშან ჩამოასხა ღვინო სახელწოდებით “5:0”. ეს ღვინო “ბარსელონას” მადრიდის “რეალთან” ისტორიული გამარჯვების აღმნიშვნელია და 50 ათასი ბოთლი უკვე გაიყიდა მთელ მსოფლიოში. ფლორენციის “ფიორენტინას” სახელზე ტოსკანელი მეღვინეები კარგა ხანია, ღვინო “ვიოლას” ასხამენ. და ახლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ღვინის ბაზარი ქართული ღვინისათვის 6-წლიანი ემბარგოს შემდეგ შეიძლება გაიხსნას, ექსპორტიორთაგან ვითომ არავინ დაინტერესდება მიხეილ მესხის, დავით ყიფიანის, ვიქტორ სანეევის, გივი კარტოზიას და სხვა დიდი ქართველი სპორტსმენების სახელზე ჩამოსხმული ღვინოებით?!... არა მგონია, საკუთრივ ეს სპორტსმენები, ანდა გარდაცვლილი სპორტსმენების ოჯახის წევრები უარზე დადგნენ, თუკი რომელიმე ქართული ღვინის კომპანია მსგავს იდეას შესთავაზებს. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არის უფასო რჩევა ქართული ღვინის კომპანიებისათვის და თუკი ვინმე ამ პროქტს განახორციელებს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ქართული სპორტისა და ღვინით დაინტერესებული ჩვენი თანამემამულეებისთვისაც.
აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ღვინო ალკოჰოლური სასმელია და სპორტთან მისი დაკავშირებით ჯანსაღი ცხოვრების წესის კი არა, ლოთობისა და ოღრაშობის პროპაგანდა გამოვაო. ვერანაირად ვერ დავეთანხმები ასეთ მოსაზრებებს და აი რატომ: ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე – ქვეყანაზე რომელიც ღვინის სამშობლოდ (ღვინის “აკვნად”) უკვე არაერთმა უცხოელმა სპეციალისტმა აღიარა. ღვინის სამშობლოში კი მსგავსი წამოწყებები არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ყველა ქართველი ქართული ღვინის ელჩი უნდა იყოს. მით უმეტეს, დიდი ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ და პატივსაც სცემენ. გარდა ამისა, უკვე მთელი მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღვინო გამოსათრობი საშუალება არაა და ერთი ჭიქა ღვინით სიამოვნების მიღება ლოთობასთან კავშირში საერთოდ არ არის. მით უმეტეს, რომ ერთ ჭიქა კარგ ქართულ ღვინოზე არც ჩვენი სპორტსმენები ამბობენ უარს...
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაზრებებია და სხვა არაფერი. თუმცა, იმედია, ვინმე “გარისკავს” და ამ იდეას ფრთებს შეასხამს. ქართული ღვინო და ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენები ამას უდავოდ იმსახურებენ!
ლევან სეფისკვერაძე