ბლოგი

11:09 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი და დიქტატორები

ალბათ, ცალსახად და დაზუსტებით ვერავინ იტყვის, დიქტატორული რეჟიმების არსებობის შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს სპორტის ბედი და მომავალი ამა თუ იმ ქვეყანაში. მსოფლიო ისტორიას უამრავი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ტირანიის დროს სპორტის კონკრეტული სახეობები არნახული მასშტაბით განვითარებულა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ძლიერთა ამაქვეყნისათა ახირებების გამო, სპორტსმენობა ლამის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დროს სპორტს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცეოდა და სპორტის ოლიმპიურ სახეობებში რეჟიმი ფულსაც ბლომად აბანდებდა. მაგრამ რიგითი ერაყელისთვის სპორტსმენობა მაინც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ოლიმპიადებსა და ზოგადად დიდ ტურნირებზე მარცხის შემთხვევაში (მით უმეტეს, თუკი ეს მარცხი სპორტსმენის შეცდომით ან ნაკლები მონდომებით იყო განპირობებული), სადამ ჰუსეინის უფროსი ვაჟი (რომელიც ამავე დროს ერაყის სპორტის მინისტრიც იყო) დამარცხებულ სპორტსმენებს ბაღდადის საიდუმლო ჯურღმულებში საკუთარი ხელით აწამებდა და როგორც დღეს წერენ, აიძულებდა, რომ ერაყისთვის ”სპორტული ღალატი” ეღიარებინა. ამის შემდეგ შეგვიძლია კი ვთქვათ, რომ სადამ ჰუსეინის დროს ერაყში სპორტი ვითარდებოდა? არადა, სპორტის ზოგიერთ სახეობაში ციფრები წინსვლაზე მეტყველებდნენ.

თანამედროვე დიქტატორულ რეჟიმებს შორის ჩრდილოეთ კორეა ყოველმხრივ გამორჩეული სახელმწიფოა. ამ ქვეყანაში ოფიციალურად სპორტსმენები დღემდე მოყვარულების სტატუსს ატარებენ (აბა, “პირსისხლიანი კაპიტალისტებივით” ბიზნესმენები ხომ არ იქნებიან?!) და სახელმწიფო ოფიციალურად აკონტროლებს არა მხოლოდ სპორტსმენების წვრთნის სტილსა და სტრუქტურას, არამედ მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებსაც კი. ალბათ ყველას გახსოვთ 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მომხდარი უნიკალური შემთხვევა, როდესაც ბრაზილიის ნაკრებთან ანგარიშით 2:1 დამარცხებული ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამარჯვებულად გამოაცხადა, ტელევიზორში მხოლოდ კორეელთა მიერ გატანილი ერთი გოლი აჩვენეს და დღეს ამ ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მათმა გუნდმა ძლევამოსილ ბრაზილიას სძლია. ჩრდილოეთ კორეა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება ერეოდეს სახელმწიფო სპორტში.

განსაკუთრებულად დემოკრატიულად ვერც ჩინეთი და რუსეთის სახელმწიფო ჩაითვლებიან, მაგრამ ამ ორ ქვეყანაში სპორტის კონკრეტულ სახეობებში წინსვლა და პროგრესი სახეზეა. ასევე შეიძლება ითქვას კუბასა და ვენესუელაზე, სადაც მიუხედავად დიდი ფინანსური კრიზისებისა, სპორტის ტრადიციული სახეობები, შეიძლება ითქვას, რომ მოწოდების სიმაღლეზეა. შესაბამისად, ძალიან ცდება ის, ვინც ამტკიცებს, რომ სპორტული წარმატებები მხოლოდ დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა. თუმცა ეს ადამიანები იმაში კი ნამდვილად მართლები არიან, რომ ნაწამები სპორტსმენების ზურგზე გადავლილი სპორტული წარმატებები ნამდვილად არავის სჭირდება და დიქტატორი ფრანკო ისტირიაში ყოველთვის ამაზრზენ ტირანად შევა და არა ესპანური ფეხბურთის დიდ მოამაგედ.

რაც შეეხება ქართველ დიქტატორებს და დიქტატორულ რეჟიმებს... ცნობილი ამბავია, რომ ლავრენტი ბერიას ფეხბურთი ძალიან უყვარდა და თბილისის “დინამოსაც” პატრონობდა, მაგრამ როგორც იმპერიის რიგით ყურმოჭრილ ყმას შეეფერება, თბილისური კლუბის გაჩემპიონება მაინც ვერ გაბედა. მონა იმის მონაა, რომ ზემდგომთა უპირატესობა თვალდახუჭულმა უნდა აღიაროს. სტალინს სპორტი მაინცა და მაინც არ უყვარდა, თუმცა სპორტსმენების შედეგებით სულ ინტერესდებოდა და წარუმატებლობები სხვა ტირანთა მსგავსად მასაც ნერვებს უშლიდა.

საინტერესო იყო აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის შემთხვევა. ასლანს ფეხბურთი საერთოდ არ უყვარდა, მაგრამ თბილისთან მეტოქეობის გამო, მაინც აფინანსებდა ბათუმის საფეხბურთო კლუბს. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმის რაგბის და კალათბურთის კლუბებზეც. სამაგიეროდ, მისი ჭეშმარიტი გატაცება იყო ჭადრაკი და აჭარაში რამდენიმე დიდი საჭადრაკო ტურნირიც გამართა. მაგრამ სხვა მრავალი დიქტატორის მსგავსად, სპორტში დიდად ვერც ის ერკვეოდა. როგორც ჩანს, დიქტატორები ხვდებიან ან გრძნობენ, სპორტი ზოგადად მაინც თავისუფალი ადამიანებისთვისაა შექმნილი და მოწოდებული. კატალონიის “ბარსელონას” მოხუც ქომაგებს ჰკითხეთ ეს ამბავი და ისინი უკეთ აგიხსნიან!

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.136546
სარეკლამო ადგილი - 99
X x X