რაგბი

10:52 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკს” “არმაზი” “შევარდენზე” მოსინჯავს

საქართველოში სტუმრად მყოფი რუსული სარაგბო კლუბი მოსკოვის “სპარტაკი”, დღეს, 17.00 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მეორე ტესტ-მატჩს გამართავს.

ამჯერად რუსთა მეტოქე საქართველოს ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გასული “არმაზი” იქნება. “ლოკომოტივისა” არ იყოს, ამ გუნდისთვისაც სეზონი უკვე დასრულებულია, ბიჭები შვებულებაში გავიდნენ, მაგრამ სტუმრების პატივსაცემად შეიკრიბნენ და მათთან სათამაშოდ სრული მონდომებით ემზადებიან. რამდენიმე არმაზელმა რუსთა წინააღმდეგ “ლოკომოტივის” შემადგენლობაშიც ითამაშა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები პირადად გამოსცადა.

მოსკოვის “სპარტაკი” რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია - ის 1936 წელს დაარსდა. ახლა კლუბს ქართველი პრეზიდენტი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან ქართველი მორაგბეები, უმეტესად ქუთაისელები და ის რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ქართული გუნდია. შარშან “სპარტაკმა” ქვეყნის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, ახალ სეზონში კი, მე-3 საფეხურს უმიზნებს. მისთვის ახალი სეზონი 27 მაისს იწყება და საქართველოსაც უკეთ მომზადების მიზნით 12 მაისს ეწვია.

14 მაისს “სპარტაკმა” დიდ დიღომში, “ვისოლის” სტადიონზე თბილისის “ლოკომოტივთან” ამხანაგური მატჩი გამართა და და 17:10 იმარჯვა. მეორე ნახევარში კოკისპირული წვიმა რომ მოვიდა, ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი მშრალი, გადახურული ადგილის მოსაძებნად გაიქცა და ამის გათვალისწინებით, მეორე მატჩის ჩატარების ადგილი შეიცვალა. წესით, მოსკოველებს “არმაზის” წინააღმდეგ კვლავ “ვისოლზე” უნდა ეთამაშათ, მაგრამ ახლა ეს შეხვედრა “შევარდენზე” შედგება, სადაც ტრიბუნები გადახურულია და სტადიონიც უფრო კომფორტულია.

0.138883