ფეხბურთი

22:44 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” ნავსი თასზე გატეხა

მეგრელიშვილმა დებიუტი გოლით აღნიშნა

 

გასულ სეზონში პირველ ლიგაში გაჩემპიონებული ცხინვალის „სპარტაკი“ უმაღლეს ლიგაში კი დაბრუნდა, მაგრამ საიუბილეო 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში სეზონი ნავსიანად დაიწყო. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ჩემპიონატში ორი მარცხის შემდეგ, პირველი მოგება სათასო მატჩში იზეიმა. პირველი ლიგის წარმომადგენელ „ჭიათურასთან“ ცხინვალელთა გუნდს ყველა ფავორიტად მიიჩნევდა და „სპარტაკმა“ ეს მოლოდინი გაამართლა კიდეც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღაროელთა ქალაქში ხვიჩა ქასრაშვილმა კარგი გუნდი შეკრიბა, რომელიც, წესით, წლეულს პირველ ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

ცხინვალელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, უპირატესობა უმალ მოიპოვეს და ანგარიშის გახსნაც არ დაუგვიანებიათ. მე-15 წუთზე უჩა ბურძენაძის შორეული ძლიერი დარტყმისას იმერელთა გუნდის მეკარე გიორგი ბადურაშვილი უძლური აღმოჩნდა და ანგარიშიც ასე გაიხსნა. ტაიმის ბოლოს ფლანგზე თორნიკე თუხარელმა გაილაღა და სხვაობა გააორმაგა.

მეორე ტაიმის სტარტზე, სპარტაკელთა ახალწვეულმა დავით მეგრელიშვილმა (რომელიც ამ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ), ცხინვალელთა გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა - 3:0.

მეტოქის 3-ბურთიანმა უპირატესობამ ჭიათურელები გაახელა. მათ ანგარიშის შემცირებაზე იწყეს ზრუნვა და მცირე ხნით ეს მოახერხეს კიდეც. 64-ე წუთზე დავით ციცხვაიას პასით ზაურ ხაჭიპერაძემ იხეირა და ერთი ბურთი გაქვითა. ზუსტად 15 წუთში „სპარტაკს“ 3-ბურთიანი ფორის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ, ცხინვალელთა მთავარმა მეგოლემ ზვიად მეტრეველმა პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე მეტრეველმა თავისი გოლი მაინც შეაგდო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 4:1 დააფიქსირა.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16 ფინალი. პირველი მატჩი.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ჭიათურა (ჭიათურა) 4:1 (2:0)

21 აგვისტო 2013 წ. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 100 მაყურებელი.

სპარტაკი: ნადირაძე, მგელაძე, ქურდაძე, კილასონია, მეგრელიშვილი, თუხარელი (მაქაცარია 58), კვეკვესკირი, შონია, ბურძენაძე, თექთურმანიძე (კემუხტაშვილი 79), ფანცხავა (მეტრეველი 46).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ჭიათურა: ბადურაშვილი, გაფრინდაშვილი, გ. ქირია, ი. ტყებუჩავა (კუჭაშვილი 56), ხარებავა (დ. შეყილაძე 40), ლ. ცუცქირიძე, ბ. ბარბაქაძე (გაბაძე 46), სევასტოპულო, გ. ბარბაქაძე, ციცხვაია, ხაჭიპერაძე.

მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი

გოლები: 1:0 ბურძენაძე (15), 2:0 თუხარელი (44), 3:0 მეგრელიშვილი (54), 3:1 ხაჭიპერაძე (64), 4:1 მეტრეველი (89)

გამოუყენებელი პენალტი: მეტრეველი (79. მეკარე)

გაფრთხილება: ლ. ცუცქირიძე (26), ბ. ბარბაქაძე (36), გ. ბარბაქაძე (78)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)

0.120767