ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფმა ცხინვალის "სპარტაკმა", ოთხი მოგებული ტესტ მატჩის შემდეგ, რიგით მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ისევ იმარჯვა. სპარტაკელებმა ამჯერად საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ერევნის "არარატს" სძლიეს.
თავდაპირველად, ორიოდე სიტყვით სტუმრებზე გამცნობთ, "არარატმა", სომხური პრემიერლიგის (8–გუნდიანი, 4 წრედ) გასული სეზონი, 44 ქულით, მე–4 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 3–3 ქულით ჩამორჩა მეორე–მესამე ადგილებზე გასულ "შირაქსა" და "მიკას". ჩემპიონ "ბანანცს" კი 6 ქულით ჩამორჩა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ ერევნის "არარატში" დიდი ცვლილებები მოხდა, გუნდი მწვრთნელის გარდა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ორი კვირის წინ კი "არარატი" სერბ მწვრთნელს, დუშან მიჩის ჩააბარეს. "სპარტაკთან" ეს მატჩი სერბი დუშან მიჩისთვის "არარატის" თავკაცის რანგში სადებიუტო გახლდათ. თუმცა, სერბის დებიუტმა ერევნელებს ვერ უშველა...
მატჩი "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმი. მასპინძლებმა თავიდანვე გამოაჩინეს ბრჭყალები და მე–7 წუთზე დაწინაურდნენ.გიორგი თექთურმანიძის მაღალი გადაცემა ნიკა კაჭარავამ კარგად დაუგდო ლაშა შინდაგორიძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა, 1:0. ცხინვალელებმა მინიმალური უპირარესობა არ იკმარეს, სომხებს გონზე მოსვლა არ აცალეს და 3 წუთში ფორა გააორმაგეს. გიორგი ხუბუას ძლიერი დარტყმისას "არარატის" მეკარე გარიკ მარტიროსიანი უძლური აღმოჩნდა, 2:0.
მასპინძლებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. მალევე, "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ეტაპობრივად შეცვლებს მიმართა და ჯამში 9 ახალი ფეხბურთელი შეიყვანა მოედანზე. ამდენივე შეცვალეს სტუმრებმაც. ერევნელები ანგარიშის შემცირებას შეეცადნენ და ეს სტანდარტულით შეძლეს კიდეც. 67–ე წუთზე "არარტის" კაპიტანმა გარიკ ხაჩატრიანმაოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
სპარტაკი (ცხინვალი, საქართველო) – არარატი (ერევანი, სომხეთი) – 2:1 (2:0)
17.07.2014. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. თბილისი.
"თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო აკადემია". 100 მაყურებელი
გოლები: 1:0 ლ. შინდაგორიძე (7. ნ კაჭარავას პასით), 2:0 გ. ხუბუა (10), 2:1 გ. ხაჩატრიანი (67)
სპარტაკი: გ. ნადირაძე, ლ. ჭაფოძე, გ. კვარაცხელია, დ. მაისაშვილი, გ. იოსელიანი, ა. რეხვიაშვილი, გ. ხუბუა, ლ. შინდაგორიძე, ი. ლექვთაძე, გ. თექთურმანიძე, ნ. კაჭარავა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ს. ნანიევი, გ. კაჭკაჭიშვილი, ბ. თედეევი, ბ. მუმლაძე, გ. ცერცვაძე, ლ. ქოჩლაძე, თ. მაქაცარია, ბ. რუხაძე, ი. შენგელია
მწვრთნელი: კახი კაჭარავა (საქართველო)
არარატი: გ. მარტიროსიანი, დურუნცი, ხაჩატრიანი, კაზარიანი, მელიქიანი, ს. მარტიროსიანი, ამირიანი, მკრტიჩიანი, რაკიჩი, გრიგორიანი, ზელენოვი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: მინასიანი, მარქარიანი, პოღოსიანი, რ. ოგანესიანი, მკრტუმიანი, ბალაბეკიანი, ვ. ხაჩატრიანი, კირაკოსიანი
მწვრთნელი: დუშან მიჩი (სერბეთი)
მსაჯები: მანუჩარ კიკორია, დავით ფიფია, ემზარ ნარმანი (საქართველო)