კალათბურთი

21:00 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმმა” ევროჩელენჯზე თამაშის სურვილი გამოთქვა

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე გუნდმა “სოხუმმა” ევროჩელენჯზე თამაშის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.

“სოხუმმა” საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში შემოიტანა განაცხადი, რომლითაც ევროჩელენჯის 2013-14 წლების გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. აღნიშნული წერილი FIBA-ს უკვე გადავუგზავნეთ”, - გვითხრა რუაძემ (FIBA-ში ევროჩელენჯზე მონაწილეობის მსურველი გუნდის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 17 ივნისია).

თუ ყველა პროცედურა მოგვარდა და “სოხუმის” ევროჩელენჯზე მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, ზღვისპირელები ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი ქვეყნიდან მთავარი მწვრთნელის მოწვევას აპირებენ. მთავარ მწვრთნელთან ერთად 4 ლეგიონერის დამატება სურთ, რომლებიც ზემოაღნიშნული ინკოგნიტო ქვეყნიდან და ბალტიისპირეთიდან იქნებიან.

“სოხუმი” ასევე აპირებს 1-2 გამოცდილი ქართველი კალათბურთელი დაიმატოს, რომლებსაც უცხოეთში აქვთ ნათამაშები.

აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბებიდან “სოხუმი” ჯერჯერობით ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროჩელენჯზე თამაშის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ერთხელ, კონკრეტულად კი, ევროჩელენჯის 2011-12 წლების გათამაშებაში, “სოხუმმა” უკვე სცადა ბედი, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე “მინსკი-2006”-თან ბურთების უარესი შეფარდების გამო დაამარცხა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.


0.114377