დუდუ დადიანის მემორიალზე, ჯერჯერობით, ყველაზე დაძაბული “ქუთაისი-2010”_”სოხუმის” შეხვედრა გამოდგა.პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა რომელიც 20:20 დასრულდა. ჯოშუა ჯექსონის, ირაკლი ჩლაიძისა და ნიკა მეტრეველის კარგი თამაშის წყალობით,სამი მეოთხედის შემდეგ ზღვისპირელები 5 ქულის სხვაობით – 65:60 დაწინაურდნენ.
დასკვნით მეოთხედში “სოხუმელთა” უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია. ქუთათურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს, ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 80:78 ზღვისპირელთა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა სოხუმელთა კაპიტანმა, ფორვარდმა ირაკლი ჩლაიძემ მიითვალა. ორმაგი დუბლის (15ქ, 13მ) ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, მძიმე ფორვარდი ნიკა მეტრეველი. სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი 16 ქულა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა დააგროვა.
“ა” ჯგუფიდან ფინალში თამაშის უფლება “სოხუმმა” მოიპოვა, რომელიც “ბ” ჯგუფის გამარჯვებულს დაელოდება.შემადგენლობიდან გამომდინარე, “არმია”- “რუსთავის” შეხვედრაში ფავორიტად “ძალოვნები” ითვლებოდნენ. პროგნოზიდან გამომდინარე, პირველი მეოთხედი ქვეყნის ექსჩემპიონმა “არმიამ” 13 ქულის სხვაობით 23:10 მოიგო. დარჩენილ დროში ქვემოქართლელები გააქტიურდნენ და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ. თამაშის მიწურულს “რუსთავმა”ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე (59:60) შეამცირა. ქვემოქართლელებს გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ გამოცდილმა დავით არწივიძემ გარბენი გააკეთა. დარჩენილ დროში “არმიის” ფორვარდმა გიორგი ჯგერენაიამ თანაგუნდელებს 3 ქულა შესძინა და საბოლოო შედეგი, 63:59 დააფიქსირა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 15-15 ქულა ფორვარდებმა ზვიად ბაბიაშვილმა და გიორგი ჯგერენაიამ მიითვალეს. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მათი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე.
ამ ჯგუფში ფინალისტის ვინაობა “ოლიმპი”_“არმიას” შეხვედრაში გაირკვევა.