სამწუხაროდ, სუპერლიგის მონაწილე „სოხუმი“, ფინანსურ პრობლემებს განიცდის და ხელფასებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გუნდს თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობის ფულიც კი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათუო გახდა ზღვისპირელთა ქუთაისში გამგზავრება, სადაც 31 იანვარს 18 საათზე, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩია დანიშნული ადგილობრივ „ქუთაისი-2010“ და „სოხუმს“ შორის. გუნდს, უკვე მერამდენედ, მხსნელად მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია გამოუჩნდა, რომელმაც გუნდისთვის სესხი აიღო.
„მსოფლიო სპორტი“ ვაჟა კვარაცხელიას ტელეფონით დაუკავშირდა: „ფინანსური პრობლემების გამო, „სოხუმის“ ქუთაისში გამგზავრება 31-ში, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა იმის შემდეგ, როცა გუნდის მგზავრობისა და კვების ფული პირადად მოვიძიე. ქუთაისში მსუბუქი მანქანებით ჩავედით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო „სოხუმის“ პრეზიდენტ მინდია გულუას დამსახურება, რომელიც რამდენიმე წელია, საკალათბურთო კლუბ „სოხუმს“ საკუთარი ფულით ინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ გულუა გუნდის დავალიანებას ბოლომდე დაფარავს“, - გვითხრა კვარაცხელიამ.