ინტერვიუები

11:17 | 10.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სოსო გრიშიკაშვილი: “დინამოს” განცხადებაში სრული სიცრუე წერია”

სოსო გრიშიკაშვილის თემაზე თბილისის “დინამომ” კომენტარი გააკეთა, რამაც მეკარის აღშფოთება გამოიწვია - მტკნარი სიცრუე წერიაო. რა შეხსენება გინდათ, რომ გრიშიკაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარე გახლდათ, ხოლო ის ამბავი, რაზეც საუბრობს, შარშან დაიწყო.
გრიშიკაშვილს აგვისტოში მარჯვენა მხრის სახსარი ასტკივდა - კუნთი გაუწყდა. ოპერაციის გაკეთება გვიანდებოდა და მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოხერხდა. სოსომ გვითხრა, რომ “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ გადაურიცხა - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა და კლუბის მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ სთხოვეს.
მეკარემ ოპერაცია მაინც გაიკეთა, თუმცა ძალიან ძვირი დაუჯდა.
“ლატვიაში გავიკეთე ოპერაცია და “დინამოსგან” სხვა არაფერი მინდა, გარდა ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებისა. არც მგზავრობის ფულს ვითხოვ და არც რეაბილიტაციისას. უკვე დავიღალე, აღარ ვითხოვ. “დინამოსთვის” ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ესეც ენანებათ ჩემთვის, არადა, “დინამო” ჩემთვის საფიცარი კლუბი იყო და ასეთად დარჩება”, - უთხრა სოსო გრიშიკაშვილმა “მსოფლიო სპორტს”.

გრიშიკაშვილის საკითხზე “დინამომ” ასეთი კომენტარი გააკეთა:
“იმისთვის, რომ საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები და გულშემატკივრები არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი, გაცნობებთ კლუბის პოზიციას, რომელიც ეფუძნება ფეხბურთელთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციას.
სოსო გრიშიკაშვილი ირიცხებოდა საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” შემადგენლობაში 2011 წლის 1 ივნისის შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრებოდა 1 წლით, 2012 წლის 1 ივნისამდე.
კონტრაქტის დასრულების მომენტისთვის საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” მიერ ფეხბურთელისთვის ანაზღაურებულია იმაზე მეტი, ვიდრე ეს საკონტრაქტო ვალდებულებიდან გამომდინარეობდა. ბუნებრივია, კლუბს გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მზადაა წარადგინოს ნებისმიერ ინსტანციაში.
აქვე გაცნობებთ კლუბის პოზიციას სოსო გრიშიკაშვილის ოპერაციის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით:
სოსო გრიშიკაშვილის ოპერაცია, რომელიც მან ჩაიტარა საზღვარგარეთ, არ ყოფილა შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც კლუბის ექიმის მხრიდან გაკეთებულა ოფიციალური მომართვა აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კლუბს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია.
სოსო გრიშიკაშვილსა და საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისს” შორის 2011 წლის 1 ივნისის შრომითი კონტრაქტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “ფეხბურთელი ვალდებულია მკურნალობა გაიაროს კლუბის ექიმთან და ამ უკანასკნელის მიერ შერჩეულ სპეციალისტთან დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ მოინდომებს მკურნალობას, დამსაქმებელი თავისუფლდება ხარჯებისგან...”
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილის პრეტენზიები საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” მიმართ უსაფუძვლო და მიუღებელია”.

ახლა კი გრიშიკაშვილის ვრცელი ნაუბარი “მსოფლიო სპორტთან”:
- შოკში ვარ “დინამოს” განცხადების წაკითხვის შემდეგ. სიცრუეა. ჯერ იმას ვიტყვი, რომ კონტრაქტის თანახმად, თვენახევრის ხელფასი ასაღები მაქვს. და საიდან მოიტანა ფიფიამ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტია გადახდილი, არ ვიცი. საშინელებაა, როცა თეთრზე გეუბნებიან, შავიაო.
...რაც შეეხება ოპერაციას, “დინამოში” მპირდებოდნენ გაკეთებას, მაგრამ მერე უცებ მითხრეს, კლუბის პრეზიდენტი უარზეაო. კლუბში ყველამ იცოდა, რომ საოპერაციო ვიყავი. გიორგი ნემსაძემ და ზურაბ პოლოლიკაშვილმაც უთხრეს ფიფიას, მაგრამ მან თანხის გამოყოფაზე უარი თქვა. გუნდი შეიკრიბა, დავით ოდიკაძემ კი მწვრთნელ ალექს გარსიას ყველა ფეხბურთელის თვალწინ უთხრა, რომ ოპერაციას არ მიკეთებდნენ. ყველა შეწუხდა. გარსიამ ასე მითხრა: “სოსო, ეგებ, ეგ ფული იშოვო და როცა სიტუაცია ჩაწყნარდება, მე გამოვართმევ ფიფიას”. ტრავმირებული ვვარჯიშობდი.
...საქმე ის იყო, რომ ფიფიას გარეშე ვერ წყდებოდა ეს საკითხი. ფულს ის გამოდიოდა. მან კი არავის თხოვნა არ შეისმინა. როდის დადგებოდა ფიფია კარგ ხასიათზე, მაგაზე იყო დამოკიდებული ჩემი ჯანმრთელობა. არადა, სახსარი საშინელ დღეში მქონდა, ლამის განგრენა მეწყებოდა. რომ არ დაადგა საშველი, გარსიამ ისიც კი მითხრა, მე გადაგიხდი მაგ ფულსო. აი, აქამდე მივიდა საქმე! რამხელა სირცხვილი იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?
...სპორტულმა ტრავმატოლოგმა ლევან ნაჭყებიამ მითხრა, ასეთი ოპერაცია საქართველოში არ გაკეთებულა და უცხოეთში უნდა წახვიდეო. გერმანიაში მირჩია, მაგრამ ძვირი იყო და ლატვიაში წავედი. იქ ალეკო რეხვიაშვილმა თავისი კავშირებით მოახერხა და ფასდაკლებით გამიკეთეს. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. მოკლედ, პატივი მცეს. 6000 ევრო ღირდა მხოლოდ ოპერაცია და რით გადავიხადე? ფეხბურთელები დამეხმარნენ: უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი და სხვები. მხოლოდ ოპერაცია ხომ არ იყო, ამას რეაბილიტაცია სჭირდებოდა, რაც ცალკე თანხა ღირდა და თანაც, არცთუ ცოტა. რიგაში ვერ დავრჩი სარეაბილიტაციოდ, რადგან ფული აღარ მქონდა. მეორედაც გახდა საჭირო ქირურგიული ჩარევა და “დინამოს” ფეხბურთელებმა შემიგროვეს ფული. ყველანი გვერდში დამიდგნენ და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ყველა შეწუხდა, “დინამოს” პრეზიდენტის გარდა.
...და ჩემს საპირისპირო განცხადებაში რომ წერია, იმ საბუთსაც ვანახებ ყველას, სადაც “დინამომ” მიმართვა მომცა ვიზაზე, როცა ლატვიაში მივდიოდი ოპერაციის გასაკეთებლად. “დინამომ”, როგორც დამსაქმებელმა, საბუთი მომცა. უბრალოდ, როგორც გითხარით, ფეხბურთელების დახმარებით ვიყავი წასული და ოპერაციაც მათი ხარჯებით გავიკეთე.
...ჩამოვედი და რეაბილიტაციას გავდიოდი. და ერთხელაც, აპრილში, როცა ბაზაზე მივედი, არ შემიშვეს. დაცვის თანამშრომლებმა მორიდებით მითხრეს, რა ვქნათ, გამოგვიცხადეს, რომ გრიშიკაშვილს დიღმის ბაზაზე მოსვლა აკრძალული აქვსო. არსად, არასოდეს შემხვედრია ასეთი რამე. არ ვიმსახურებდი. ვინც კარგად მიცნობს და ჩემი კარიერა იცის, გვერდში დამიდგნენ, მაგრამ მეც ხომ თავმოყვარეობა მაქვს. მოკლედ, აპრილიდან ბაზაზე შესვლაც ამიკრძალეს და კონტრაქტით გათვალისწინებული თვენახევრის ხელფასიც აღარ მიმიღია.
...ფიფიასთან აპრილამდე და აპრილის შემდეგაც ვცდილობდი შეხვედრას. ხან ვის დავაბარე, ხან ვის, მაგრამ არ მოისურვა. მტერს არ ვუსურვებ, რასაც განვიცდი. ოპერაციები, რეაბილიტაცია და ამას დაუმატეთ ნერვების მოშლა.
...ფეხბურთის ფედერაციაში დავაფიქსირე ყველა ეს ფაქტი. კარიერის განმავლობაში “დინამოში” ოთხჯერ ვარ მიბრუნებული! პატარა ვიყავი, როცა კლუბში მიმიყვანეს და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. არანაირად არ ავტეხდი ამხელა ამბავს, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ბაზაზე რომ არ შემიშვეს, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.
...ისე, ყველა საჭირო საბუთი მაქვს და აღრიცხულია ჩემი მნურნალობის ხარჯები. “დინამოსგან” სხვა არაფერი მინდა, გარდა ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებისა. არც მგზავრობის ფულს ვითხოვ და არც რეაბილიტაციისას. უკვე დავიღალე, აღარ ვითხოვ. “დინამოსთვის” ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ესეც ენანებათ ჩემთვის. და ერთიც: “დინამოს” განცხადებაში რაც წერია, ეს მხოლოდ ფიფიას პოზიციაა და სჯობდა, თავისი სახელით დაეწერა და არა მთლიანად კლუბის”.
 

 

ილია ნანობაშვილი

 

0.130346