ფეხბურთი

14:53 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “გაძლიერება არა მხოლოდ ევროპის ლიგისთვის, არამედ, მომავალი სეზონისთვის გვინდა”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის წინ, გუნდში საკადრო პრობლემებია.  

- ბუნებრივია, საჩხერის “ჩიხურას” მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი უნდა იყოთ. სეზონის დაწყებამდე თუ ფიქრობდით, რომ ამდენს შეძლებდით?

- შედეგით კმაყოფილი ვართ. სეზონის დაწყებამდე ჩვენი მაქსიმალური მიზანი პირველ ექვსეულში მოხვედრა იყო. თუმცა, ჩემპიონატში ჩატარებულმა თამაშებმა გვაჩვენა, რომ მეტი შეგვიძლია. ექვსეულში შესვლის მერე, გუნდს გუნება-განწყობილება გაცილებით გამოუკეთდა და ფიქრი უფრო მაღალ შედეგზე დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ წარმატებას “ქართუ ჯგუფის” დახმარებით მივაღწიეთ. რაც საჩხერეში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მხრივ გაკეთდა, “ქართუ ჯგუფის” დამსახურებაა.

- “ქართუ ჯგუფი” მომავალშიც თუ  დაგეხმარებათ? საჩხერეში სტადიონი როდის აშენდება, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს?

- “ქართუ ჯგუფი” დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სტადიონს, პროექტი არსებობს და ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

- “ჩიხურას” წარმატების მიზეზად რას მიიჩნევთ?

- ჩემი აზრით, თავი და თავი ფეხბურთელებია, რომლებიც სხვა გუნდებიდან გაუშვეს და ჩვენ დავიმატეთ – ოდიკაძე, რეხვიაშვილი, გოცირიძე, საჯაია, დიღმელაშვილი. მათ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გარდა ამისა, იყვნენ მოთამაშეები, რომლებსაც “ჩიხურას” პირველ ლიგაში ყოფნისას, უმაღლესი ლიგის გუნდები ყურადღებას არ აქცევდნენ და უნდოდათ დაემტკიცებინათ, თუ რა შეუძლიათ. ასევე, გვყავს ახალგაზრდები, რომელთაც სურდათ უმაღლეს ლიგაში თავი გამოეჩინათ. ყოველივე ამან,აგრეთვე, შესაბამისმა საწვრთნელმა პროცესმა და სპონსორის ყურადღებამ წარმატება მოგვიტანა.

- საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში გასვლა, სადაც თბილისის “დინამოს” შეხვდებით, საჩხერული გუნდის მაქსიმუმია?

- ფინალის წინ ასეთი სიტუაცია გვაქვს. ოდიკაძე და რეხვიაშვილი, რომლებიც ჩვენთან “დინამოდან” არიან განათხოვრებული, ვერ ითამაშებენ. დისკვალიფიკაციის გამო, მატჩს საჯაია და ბოლქვაძე გამოტოვებენ. გორის “დილასთან” მატჩის მერე, ტრავმების გამო, კვასხვაძე და ჩიკვაიძე ვერ ვარჯიშობენ. თუ “დინამო” ოდიკაძესა და რეხვიაშვილს თამაშის ნებას დართავს, ფეხბურთის ფედერაციაც საჯაიას და ბოლქვაძეს დისკვალიფიკაციას მოუხსნის, უფრო კარგი თამაში იქნება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთ შემთხვევაში “დინამოს” დავამარცხებთ, მაგრამ ამით გულშემატკივრები მოიგებენ, რადგან მატჩი მეტად საინტერესო გამოვა.

- წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებთ და ალბათ, სეზონის დასრულების მერე, გუნდის გაძლიერებას გეგმავთ? არსებულ შემადგენლობას შეინარჩუნებთ?

- ჯერჯერობით, გუნდიდან წასვლის თაობაზე არავის მოუმართავს. გაძლიერება არა მხოლოდ ევროპის ლიგისთვის, არამედ, მომავალი სეზონისთვის გვინდა. ლეგიონერების მიწვევაზე არ ვფიქრობთ. თუ არსებული დაცვის ხაზი შევინარჩუნეთ, ერთ მცველს მაინც დავიმატებთ. გაძლიერება უფრო ნახევარდაცვასა და შეტევას სჭირდება. თასის ფინალის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდებით და მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ.

იუზა კაციტაძის ფოტო


 

თეგებიფრუიძე
0.13423