გულშემატკივრის სვეტი

17:34 | 25.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი ევროპის გზაზე – ჩვენ წარსულში

მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა. საქართველოში სომხეთის გუნდს არცთუ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, ჩვენი ობიექტური თანამოქალაქეები აღიარებენ, რომ მეზობელი სომხეთის ნაკრებმა თუკი უკრაინა-პოლონეთის საგზური მოიპოვა, ეს ჩვენი ფეხბურთისათვის ერთგვარი ”გამოსაფხიზლებელი საშუალება” შეიძლება გახდეს, რამეთუ საბოლოოდ დამთავრდება აბსურდული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა თითქოსდა მხოლოდ ფინანსების ნაკლებობასა და სხვა სუბიექტურ ფაქტორებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ძალიან სურს სომხეთის გუნდის ამ დიდი წარმატების ხილვა. საინტერესოა, მერე რითი გაამართლებენ ჩვენი ფეხბურთის მესვეურები ”ჯვაროსნების” უფერულობასა და უჯიგრობას. სომხურ ფეხბურთში თუნდაც მეზობელი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, არც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფული ჩადებულა და თითო-ოროლა გამონაკლისების გარდა, არც სომეხი ფეხბურთელები თამაშობენ ევროპულ გრანდებში. მაგრამ ამ ხალხმა მოინდომა, იწვალა, იბრძოლა და დღეს ასე ახლოს არიან იმ წარმატებასთან, რაც ჩვენი არ იყოს, სომეხ ხალხსაც ლამის ცხოვრების მიზნად აქვთ ქცეული. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და გამორიცხული. ადვილი შესაძლებელია, რომ სომხეთის ნაკრებსაც აქციოს იღბალმა ზურგი და შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრებში საქართველოს ნაკრებივით ითამაშონ, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად წაუვალთ, რომ ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებისგან განსხვავებით, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევრომუნდიალზე გასვლასთან.
ტრაბახი, ცხვირის მაღლა აწევა, მეტოქეთა შეუფასებლობა, სხვა გუნდებზე ქირქილი – აი თანმდევი მანკიერებები ქართული ფეხბურთისა. ყოველი შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, ქართველი კაცი მეგობრებთან ერთად ჯდება, მწყაზარ სახეს იღებს, წინ დაიდებს შესარჩევი ეტაპის კალენდარს და ისე თავდაჯერებით მსჯელობს, მავან ძველ ბერძენს ფილოსოფოსსაც კი შეშურდება. ”ფინეთს სახლშიც უნდა მოვუგოთ და გასვლაზეც. ბელარუსი რა გუნდია?! მათაც ორჯერვე უნდა ვძლიოთ. ერთი ეს ესპანეთი და საფრანგეთია ცოტა პრობლემა, მაგრამ თბილისში ორივე რაიმენაირად უნდა დავამარცხოთ და გავალთ რა”, - აი ასეთია რიგითი თუ “არარიგითი” ქართველის ტვინის ნაჟური, რომელიც უპირველეს ყოვლისა ზღვა ამბიციას და ამ ამბიციის რეალობად ქცევისთვის არაფრის გაკეთებას მოიცავს.
წლების წინათ, როდესაც თასების თასის გათამაშებაში ბათუმის ”დინამო” ერევნის ”არარატს” ხვდებოდა, ბათუმში მომიწია ყოფნა და რასაკვირველია, ხელიდან არ გამიშვია ამ თამაშის ნახვის შანსი. გახსოვთ ალბათ, მაშინ ბათუმელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავდათ და ადვილად დაამარცხეს ერევნელები - 3:0 (ამ მატჩს საბოლოოდ რომ ბათუმელებისათვის ტექნიკური 0:3 წაგების ჩათვლა მოჰყვა, ეს ცალკე ამბავია) მთელი შეხვედრის განმავლობაში, ქართველი გულშემატკივრებიდან, განსაკუთრებით შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი თბილისური ჟარგონით მოსაუბრე ორი კაცი აქტიურობდა (დღემდე ვერ ვხვდები ზაფხულის მზიან ბათუმში, თან სტადიონზე, კოსტუმები რატომ ეცვათ) და მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით გინების კორიანტელი ედგათ. ერთმა აჭარული კილოთი მოლაპარაკე კაცმა ამ კოსტუმიანებს შენიშვნაც მისცა: ”ეგი ფეხბურთია და აქ თუ ჩვენ მევიგეთ, იქანე შეიძლება ამგენმა მოგვიგონ და გაჩერდით - არ გვინდა ამფერი ბლატაობაო”. ამის პასუხად კი ერთ-ერთმა აქტიურთაგანმა მთელი ხმით დაიღრიალა: ”ამათმა ფეხბურთში თუ გვაჯობეს, ჩვენი ასე და ისე, ფეხბურთი საერთოდ თუ ვითამაშოთო”. ახლა რომ ვუფიქრდები, მაშინ დიდად არ მიჭყლეტია ტვინი იმ ხალხის სიტყვებზე და ჩვეულებრივ ფსევდოპატრიოტულ ბოდვად მივიჩნიე, მაგრამ ახლა... როდესაც შესაძლებელია სომხეთის გუნდი ევროპის ელიტაში გაერიოს, ნეტა თვითონ იმ კოსტუმში გამოწყეპილ კაცებს თუ ახსოვთ მაშინდელი დანაქადნები? და თუ ახსოვთ, საინტერესოა, ახლა რა გუნებაზე არიან...
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, ორი უკიდურესად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ერთზე – სხვათა გამქილიკებელ ფსევდოპატრიოტებზე უკვე ვისაუბრეთ. მეორენი კი ღრმა ნიჰილიზმში არიან ჩაფლულნი და ”ქართველებმა ფეხბურთს თავი საერთოდ უნდა დავანებოთო” ისეთი თავდაჯერებით გაიძახიან, თითქოს ეს ფეხბურთი რაღაც არასაჭირო სამინისტრო იყოს, რომლის გაუქმებას, პრეზიდენტის ერთი ხელის მოწერა სჭირდება. სანამ საქართველოში ეს უკიდურესობებია ერთმანეთის გვერდით და წინა პლანზე, მანამდე სომხეთის ნაკრები დარჩენილი მატჩებისათვის ემზადება. თუ გაუმართლებთ და გუნდი ევროპირველობის დასკვნით ეტაპზე გავა, წარმომიდგენია, რა სიხარული იქნება ერევნის ქუჩებში. ნეტა იცოდეთ, როგორ მინდა სომხეთის ნაკრების მუნდიალზე გასვლა. იქნებ ამან მაინც დაგვაფიქროს რაღაც-რაღაცეებზე...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.070906