ფეხბურთი

22:37 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “პატივისცემის მიუხედავად... “რაპიდს” დიდ ბრძოლას ვპირდებით”

ხუთშაბათს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გორის “დილა” ავსტრიულ “რაპიდს” უმასპინძლებს. ერთი კვირის წინათ, ვენაში, ავსტრიელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ახლა გორელებს რევანშის კარგი შანსი აქვთ.

ოთხშაბათ საღამოს “მიხეილ მესხზე” ორივე გუნდმა ივარჯიშა. განსაკუთრებით მხიარული სტუმართა ბურთაობა გამოდგა. მათ ჯერ სიმღერით დაბადების დღე მიულოცეს ლეგენდარულ გერმანელს კარსტენ იანკერს, რომელიც მათი მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა, თავის დროზე კი თურმე კლუბის ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. შემდეგ, ხმაურიანი გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულები ვარჯიშსაც შეუდგნენ.

მასპინძელთა მოთელვა უფრო აკადემიური გახლდათ. შემდეგ კი პრესკონფერენციებისა და კომეტარების დროც დადგა:

ზორან ბარიშიჩი (“რაპიდის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ მატჩში დავრწმუნდით, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვაქვს. ანაგიშში სხვაობაც არ არის დიდი და ვეცდებით, თბილისში უფრო წარმატებით ვითამაშოთ. შესაძლოა შევუტიოთ კიდეც, თუმცა მატჩის მსვლელობისას უფრო კარგად გამოჩნდება, როგორ ვიმოქმედებთ. სხვა მხრივ, “დილას” ბევრი ტექნიკური მოთამაშე ჰყავს და ვფიქრობ, მათ ევროპულ გუნდებშიც არ გაუჭირდებოდათ თამაში.”

შტეფან ჰოფმანი (“რაპიდის” კაპიტანი): “მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ვეცდებით, თბილისში უფრო შედეგიანად ვითამაშოთ. ისე კი, “დილა” საკმაოდ საშიში მეტოქეა.”

გიორგი დევდარიანი (“დილას” მთავარი მწვრთნელი): “ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია ეს გორის “დილასთვის” და საერთოდ, ქართული ფეხბურთისთვის. ვფიქრობთ, მატჩს მომზადებული ვხვდებით. დანარჩენს მინდორზე ვნახავთ.

როგორც ჩანს, “რაპიდის” მწვრთნელი ძლიერი სპეციალისტია. პირველ მატჩში დავრწმუნდით, რომ ჩვენი თამაში კარგად ჰქონდა შესწავლილი. განსაკუთრებით კონტრშეტევები და ის ფაქტი, რომ ავსტრიის ჩემპიონატში ბოლო 2 მატჩი წააგეს, სულაც არ მეტყველებს მათ სისუსტეზე. პირიქით, აქცენტი უეფას პლეი ოფზე^აქვთ გადატანილი და როგორც ვნახე, “ადმირასთან” ძირითადის ბევრი ფეხბურთელი არ ათამაშეს. ამიტომ, ძალიან რთულ მატჩს ველით და პატივისცემის მიუხედავად, დიდ ბრძოლას ვპირდებით.

რაც შეეხება იმ უსიამოვნო ფაქტს, რომელიც ვენის სტადიონზე ქართველების მიმართ მოხდა, ცხადია არ იყო ლამაზი საქციელი, მაგრამ ჩვენ გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ “რაპიდის” მწვრთნელ-ფეხბურთელები და მათი ქომაგები არაფერ შუაში არიან. ამიტომ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი და ვთხოვდი, რომ ავსტრიელ მოთამაშეებსაც და გულშემატკივრებსაც პატივი სცენ.”

ირაკლი მოდებაძე (“დილას” კაპიტანი): “მცირე შერყევა მქონდა და 4 დღეა რაც ვარჯიში დავიწყე. ვნახოთ, რამდენ ხანს ვითამაშებ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე დავიხარჯებით”.

ოთარ ხიზანეიშვილი (“დილას” მცველი): “ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რა მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის. თუმცა გუნდში საბრძოლო განწყობაა და მაყურებელს დიდ ბრძოლას ვპირდებით. შანსებს კი 50/50-ზე შევაფასებდი.”

ნუკრი რევიშვილი (“დილას” მეკარე): “გულშემატკივრებს ვთხოვდი, მხურვალედ დაგვიჭირონ მხარი. შეაძლოა, რაღაც სიურპრიზებიც გვქონდეს მომზადებული და მოთმინებით მოეკიდონ ჩვენს თამაშს.”

გია ისიანი (“დილას” მენეჯერი): “საკმაო რაოდენობის გულშემატკივრები ეყოლებათ ავსტრიელებს. 350 ქომაგი გუნდთან ერთად ჩამოფრინდა სპეციალური ჩარტერით, ხუთშაბათს კიდევ 170 ჩამოვა, რომელთაც ოფიციალურად 3 პოლიციელი მოყვება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საპატრულო პოლიციაში რამდენიმე საგანგებო შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად მობილიზებული არიან. სტუმრებსაც საგანგებო ესკორტს გამოუყოფენ.

ბილეთები წარმატებით იყიდება. ერთი რამ მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო. რადგან ელექტრონული ბილეთებია, სასურველია, რომ სტადიონზე ცოტა ადრე მოვიდნენ. ტექნიკურად ელექტრონული ბილეთის ტურნიკეტში გატარებისას ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე კონტროლიორის მომსახურებისას. ერთი ეგ არის, რომ ტურნიკეტში გასვლისას მეტი თავისუფლებაა საჭირო. გორელი ქომაგები მოსაწვევებით არიან უზრუნველყოფილნი. დანარჩენი, დიდი მადლობა თბილისელებს და ყველა ქართველს ვინც “დილას” საქომაგოდ მოვა.

- რა ინციდენტი მოხდა ვენაში სტადიონზე თამაშის შემდეგ?

- ამას ინციდენტს არ დავარქმევდი. უბრალოდ, როგორც აგვიხსნეს, ავსტრიის პოლიციამ საჭიროდ ჩათვალა იქაური ქართველების საბუთები შეემოწმებინა. 2-3 ადამიანს თითქოს რაღაც საემიგრაციო პრობლემები შეექმნა, მაგრამ, როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ისინი მალევე გაათავისუფლეს.”

“დილა”–“რაპიდის” მატჩი 20 საათზე დაიწყება. ბილეთები 3 და 5 ლარი ღირს.

 

0.513768