სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:40 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლიდარობა

 

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შორის საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება არაოფიციალური იყო, თუმცა მონაწილეთა თხოვნით მას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძეც დაესწრნენ. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ თბილისის “დინამოს” გარდა, თითქმის ყველა ქართულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და როგორც ჩანს, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, შესაძლოა, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე რამდენიმე გუნდმა მონაწილეობა ვეღარ გააგრძელოს, რამდენიმეს კი ფეხბურთელების დათხოვნა და ახალგაზრდული შემადგელობით მოუწიოს თამაში. ამ პრობლემაზე უკვე კარგა ხანია საუბრობენ, თუმცა ასეთი შეხვედრა აქამდე ვერ მოხერხდა. დღეს კი შეიკრიბნენ და სასიამოვნოა, რომ მათ შორის კერძო კლუბების წარმომადგენლებიც იყვნენ.

დამსწრეთ დაახლოებით ერთ საათს ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან და უკვე ოფიციალურ წერილს შეადგენენ, რომელიც სფფ-ში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის პრემიერმინისტრთან გადაიგზავნება.

გია ისიანი (გორის “დილას” მენეჯერი): “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის ბოლოს ასეთი მეგობრული შეხვედრა შედგა. სხვათა შორის, მსგავსი რამ საქართველოში აქამდე არ მომხდარა. თითქმის ყველა გუნდის წარმომადგენელი მოვიდა და სასარგებლო საუბარიც გაიმართა. ვიმედოვნებ, ერთმანეთის თანადგომით გაცილებით მეტს მივაღწევთ. ხვალ ისევ შევიკრიბებით და საგანგებო მიმართვის წერილს შევადგენთ, რომელსაც სფფ-ს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ქვეყნის პრემიერმინისტრსაც მივაწვდით. ეროვნული ჩემპიონატი ყველამ ერთიანად უნდა გადავარჩინოთ.”

ლადო ბურდული (“სიონის” დირექტორი და მწვრთნელი): “პრობლემებზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ განვიხილეთ მტკივნეული საკითხები და შევთანხმდით, მთავრობას ვთხოვოთ, დაგვეხმარონ, რათა ჩემპიონატი არ ჩაიშალოს.”

მალხაზ კაკაურიძე (“ვიტ ჯორჯიას” დირექტორი): “მოგეხსენებათ რა სავალალო მდგომარეობაში არიან ეროვნული ჩემპიონატის გუნდები. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კარგია, რომ კლუბებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და დღეს შეხვედრაზე  მობრძანდნენ. დავთქვით, მთავრობას თხოვნით მივმართოთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა.”

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115789