საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის დირექტორმა - მაირ მამედოვმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გია გიორგაძემ, დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებას უკვე მეოთხედ მოაწერეს ხელი , რომლის თანახმად, კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას კიდევ ერთი წლით უსპონსორებს და საქართველოში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების გამართვასა და ქართველი მოჭადრაკეების სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას დააფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კომპანიასა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. გენერალური სპონსორობის შესახებ ხელშეკრულებას, ხსენებულმა ორგანიზაციებმა პირველად ხელი 2009 წელს მოაწერეს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ ჭადრაკის სასიკეთოდ 850000 ლარამდე გაიღო.
“სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” გენერალური სპონსორობა გაუწია: 2010 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ბათუმში და 2011 წლის ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. 2012 წელს კი, ასევე თბილისში დაგეგმილ – პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ქალთა სუპერ-ტურნირს უსპონსორებს, რომელიც 17 თებერვალს დაიწყება.
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “უპირველესად, მინდა, საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობას, კერძოდ, დირექტორ მაირ მამედოვს თანამშრომლობისათვის მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, უკვე მე-4 ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მრავალ წარმატებას მიაღწია. ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 2010 წლის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 2011 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე კი, პირველად ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში 65 მედალი დავისაკუთრეთ, აქედან, 18 ოქროს, 20 ვერცხლისა და 27 ბრინჯაოსი. ხოლო საერთაშორისო ტურნირების ჩათვლით, საპრიზო ადგილების რიცხვი უკვე რამდენიმე ასეულს აღწევს, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მიუძღვის. ბატონი მაირი ჭადრაკში ძალიან კარგად ერკვევა და ბევრი ერთობლივი გეგმა გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ - ერთ-ერთი, ბათუმში, ვაჟთა ტურნირის ჩატარებას უკავშირდება. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჭადრაკში მომავალი წარმატებების საწინდარია”, - სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სახელით ბატონმა გია გიორგაძემ კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიასა” და პირადად ბატონ მაირ მამედოვს იმ საჭადრაკო მაგიდის ზუსტი ასლი უსახსოვრა, რომელზეც ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი გაიმართა..
ხელშეკრულების გაფორმებამდე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” ერთ-ერთ დარბაზში, ჭადრაკის ფედერაციამ ვიდეო-კოლაჟი წარმოადგინა, რომელშიც გამოჩენილმა ქართველმა მოჭადრაკეებმა (ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიამ და ა.შ.) “სოკარ ენერჯი ჯორჯიასა” და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობის პერიოდში მომხდარ მიღწევებზე ისაუბრეს. ვიდეო-კოლაჟის დასრულების შემდეგ, მაია ჩიბურდანიძემ მაირ მამედოვს გაწეული დახმარებისათვის მადლობა პირადად გადაუხადა და ძველი თბილისის პანორამა უსახსოვრა, რომელიც მამედოვის თქმით, მის ახალ კაბინეტს დაამშვენებს (კომპანია “სოკარი” ახალ ოფისს აშენებს).
მაირ მამედოვი (საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის დირექტორი): “ასეთ გამოჩენილ მოჭადრაკეებთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა დიდი პატივია ჩემთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე 5 წელიწადია, რაც საქართველოში ვიმყოფებით და ჩამოსვლის დღიდან ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინტელექტუალურ თამაშებს. მოგეხსენებათ, რომ კომპანია “სოკარი”, ჭადრაკთან ერთად, გადაცემა - “რა?სად?როდის?”-საც ასპონსორებს. სხვათა შორის, ჭადრაკს თავადაც ვთამაშობდი, ამჟამად კი, აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს. “სოკარი” ყოველ წელიწადს სულ უფრო მეტ თანხას დებს ჭადრაკში, სულ ცოტა ხანში კი, ეს თანხა ერთ მილიონ ლარს მიაღწევს. გასულ წელიწადს უდიდესი მოჭადრაკეების: ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის სამშობლოში არნახული ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ. 2012 წლის 17 თებერვალს კი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ქალთა სუპერ ტურნირი დაიწყება. ჩვენ ქართველი მოჭადრაკეების სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობასაც ვუზრუნველყოფთ და დიდ ყურადღებას ვუთმობთ როგორც ახალგაზრდა ქართველ მოჭადრაკეებს, ასევე ვეტერანებს, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ”.
“შერატონ მეტეხი პალასში”, დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა: “საქართველოში ჭადრაკი საკმაოდ განვითარებულია, სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა და ვფიქრობ, “სოკარმა” სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჭადრაკის გენერალური სპონსორი გახდა. ხსენებული ორგანიზაციების თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და მომავალი წელიც ერთობ საინტერესო იქნება. მინდა, კომპანია “სოკარს” და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ურთიერთთანამშრომლობაშიც და ცალ-ცალკეც, წარმატებები ვუსურვო”.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მაირ მამედოვმა და ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკი ითამაშეს...
რუსუდან ჭუმბურიძე