ქართველმა ძიუდოისტებმა უფერულად დაწყებული სოფიის “ევროპის ღია ტურნირი” უფერულადვე ჩაამთავრეს. გუშინ ბულგარულ ტატამზე გიორგი გუგულაშვილი, კახა ცაგარელი (ორივე 66 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) გავიდნენ და სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა. დღეს კი კიდევ სამმა ჩვენებურმა მოირგო კიმონო და საპრიზო სამეულში შესვლის შანსი მათაც სწრაფადვე დაკარგეს.
არჩილ გოგოლაშვილმა (90 კგ) მშვენივრად კი დაიწყო, თურქ ბატუჰან ეფემგილს ათიოდ წამში შეუსრულა იპონი, მაგრამ მეორე წრეში, სერბ ალექსანდრ კუკოლჟთან ჭიდაობისას თავად დავარდა ბეჭებზე და ტურნირს გამოეთიშა.
ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ორჯერ გავიდა ტატამზე, ოღონდ გოგოლაშვილისგან განსხვავებით, ორჯერვე დამარცხდა. ქართველი მძიმეწონოსანი წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა, სადაც უკრაინელ გალინა ტარასოვასთან შეხვედრაში შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟში გადაერთო. იქ კი ჰოლანდიელ ტესი საველკულსთან მტკივნეული ილეთით წააგო.
100 კილოგრამში მიხეილ ნარიმანიძემ ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – ბულგარელ დანიელ დიჩევთან გაფრთხილებით (2:3) დამარცხდა.
შეგახსენებთ, ბულგარულ ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედიოდა და არც საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დაუფინანსებია ქართველი ძიუდოისტების სოფიაში ჩასვლა.