ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის შეკრებაზე სტამბოლის “გალათასარაის” ნახევარმცველ უესლი სნეიდერის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო.
Goal.com-ის ინფორმაციით, 62 წლის სპეციალისტი სნეიდერის გამოძახებას არ აპირებდა, მაგრამ ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრავმამ მას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა.
29 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება და მზადებას შეუდგება. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჰოლანდიელები 6 და 10 სექტემბერს ორ გასვლით თამაშს ჩაატარებენ - ისინი ჯერ ესტონეთს, მერე კი, ანდორას ეწვევიან.