კალათბურთი

19:55 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიის ნაკრები ლუბლიანაში ოტელ "კუბო" -ში ცხოვრობს

 ლუბლიანაში ყველა ნაბიჯზე იგრძნობა, რომ აქ ევრობასკეტი ტარდება-ქუჩებში, ავტობუსებში, მაღაზიებში. ადგილობრივი ტელეარხები კი მატჩების გარდა ფართოდ და სხვადასხვა კუთხით აშუქებენ ჩემპიონატს, 

გადასცემენ სიუჟეტებს არამარტო მონაწილე გუნდების შესახებ, 

არამედკონკრეტულ მონაწილე ქვეყნებზე, ქომაგებსა და ჟურნალისტებზეც.

გუშინ ლატვია-უკრაინის შეხვედრას დავესწარი. მატჩის წინ ტრიბუნაზე საქართველოს დროშა  და პლაკატი გამოვფინე. ეს უმალ შეამჩნია დაახლოებით 30 მეტრში მყოფმა  ლატვიის  ნაკრების დამრიგებელმა, აინარს ბაგატსკისმა, რომელიც 2011 წლის თებერვალ -ოქტომბერში ქართული საკალათბურთი კლუბ "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი იყო. იგი ხმამაღლა, პირდაპირ დარბაზიდან მოგვესალმა და მოწონების ნიშნად ხელი აგვიწია. არანაკლებ ემოციურად და თბილად  მოგვიკითხა  აინარსის ასისტენტმა - 

არნის ვეცვაგარსმა, რომელიც 2011 წლის აგვისტო-ოქტომბერში იმავე "სოხუმის" მისი თანაშემწე გახლდათ. მე, მაქსიმალურად, რაც შემეძლო ხმამაღლა შევძახე მოთელვაზე მყოფ ლატვიის ნაკრებს: "ლატვიაი, სვეიციენსნო ჯორჯია" ("ლატვიას, მოკითხვა   საქართველოდან"). პაუზის შემდეგ კი უკრიანულად "ჰაი ჟივე ვილნა უკრაინა"("გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას"). დაინახეს თუ არა ბაგატსკისის, ვეცვაგარსის და კალათბურთელების  ასეთი თბილი რეაქცია, ტრიბუნებზე მყოფი ლატვიელ ქომაგთა დაახლოებით 

15 კაციანი ჯგუფი ეტაპობრივად გადმოჯდა ჩვენთან ახლოს. აქვე იყვნენ  უკრაინელი სპეციალისტებისა და ფანების პატარა ჯგუფისწევრები.

 ორივე მხარე წუხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და

 ხუმრობით გვითხრეს:საქართველო ევრობასკეტის მეორე ეტაპზე მაინც არის წარმოდგენილი - 

ტრიბუნებზე ზოგ თამაშზე ხომ იქნება საქართველოს დროშა და პლაკატი ჯორჯიაო.

 დილით,ლუბლიანას ცენტრში, იმ სასტუმროსთან მივედით, სადაც  სლოვენიის ნაკრები განთავსდა. სასტუმროს სახელი უხეშად მოხვდა ყურთასმენას -"კუბო". ჩვენი მისვლისას სლოვენიელები უკვე ადიოდნენ ავტობუსში. სავარჯიშოდ ეჩქარებოდათ და ბოდიში მოგვიხადეს, რომ ვერ გაგვესაუბრებოდნენ. თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც გამოხატეს თბილი დამოკიდებულება საქართველოსა და ჩვენი ნაკრების მიმართ... ჩემს კითხვაზე - „რას უმიზნებს სლოვენია, ვიცე-ჩემპიონობას  თუ...“  ერთ-ერთმა  სლოვენიელმა კალათბურთელმა ხელები  აღმართა, ჩაიცინა და გვითხრა - ოოო, იქამდე დიდი გზააო.

  ამ სასტუმრო "კუბოში" მხოლოდ სლოვენიის გუნდი ცხოვრობს, დანარჩენები  კი ქალაქის გარეუბანში, ერთ სასტუმროში ბინადრობენ. "კუბოს" ადმინისტრაციას ვკითხეთ - რატომ ჰქვია მათ ოტელს ასეთი სახელი? გვიპასუხეს, რომ სასტუმრო არის 4,5 ვარსკვლავიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ლუბლიანაში. ორი წლის წინათ  გაიხსნა, სულ სამი საცხოვრებელი სართული და მშვენიერი რესტორანია. მანამდე ამ ადგილას ამავე სახელწოდების პრესტიჟული რესტორანი ყოფილა. ორი წლის წინათ კი სასტუმრო აუშენებიათ.  ადმინისტრაციამ ვერ ახსნა, რას ნიშნავს ეს სიტყვა. თუმცა საპრეზენტაციო ბარათში ამოვიკითხეთ, რომ თავდაპირველად რესტორნის პატრონმა გადაწყვიტა, გაეხსნა რესტორანი „სულისათვის“...

ეს ისე, ლირიკული გადახვევა. სინამდვილეში კი ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სლოვენიის ნაკრებისთვის და საერთოდ სლოვენიელებისთვის. ადგილობრივი ფანები და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სლოვენია ევრობასკეტის ნახევარფინალში გავა, თუმცა ხორვატიასთან და განსაკუთრებით პოლონეთთან წაგების შემდეგ, მათი პროგნოზები უფრო ფრთხილი გახდა. დღეს საღამოს სლოვენია იტალიას დაუპირისპირდება, „სტოჟიცე არენაზე“ ანშლაგია მოსალოდნელი.

 

თენგიზ პაჭკორია,ლუბლიანა.სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

 

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.119606